ახალი ამბები

შესაჩერებელი კი არა, სწრაფად უნდა მივიღოთ – გრიგოლ ვაშაძე საავტორო უფლებების კანონპროექტზე

26 ივნისი, 2023 • 1670
შესაჩერებელი კი არა, სწრაფად უნდა მივიღოთ – გრიგოლ ვაშაძე საავტორო უფლებების კანონპროექტზე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი აცხადებს, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილები სასწრაფოდ არის მისაღები.

ამის შესახებ მან დღეს, 26 ივნისს, კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონპროექტს მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

საუბარია კანონპროექტზე, რომლის მიღებაც ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, საქართველოში რუსული გავლენების ზრდის საფრთხეს შეიცავს. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, პარლამენტს კანონპროექტის განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.

„მე სამუშაო ჯგუფის წევრი ვიყავი და დამსწრე საზოგადოებამ იცის ჩემი პოზიცია. ეს კანონპროექტი შესაჩერებელი კი არა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიღოთ. გვეყოფა ეს მიტინგები, ვისაც წაკითხული აქვს აუდიტის დასკვნა, იქ წერია ყველაფერი, რატომ არის ეს კანონპროექტი მისაღები და მოქალაქეების თავებით დათვლა საჭირო არ არის. იმის დათვლა არის საჭირო, ვის რა წვლილი შეჰქონდა ამ კანტორის [GCA] ფინანსურ ფუნდამენტში“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კანონპროექტის განხილვას ესწრებიან როგორც სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, ასევე საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) ხელმძღვანელი გიგა კობალაძე.

სწორედ კობალაძის მიმართ აქვთ პრეტენზიები სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საავტორო უფლებათა ასოციაცია მათ კუთვნილ ჰონორარებს ითვისებს. გიგა კობალაძე ხელოვანთა ჰონორარების მითვისებაში დაადანაშაულა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმაც.


პარლამენტი აპირებს მიიღოს კანონი, რომელმაც შესაძლოა, საქართველოს კულტურის სფეროში რუსეთის ინტერესები გააძლიეროს.

საუბარია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, ცვლილებები შედის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში.

იმის გამო, რომ საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში რუსული გავლენების ზრდის საფრთხეს შეიცავს, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, პარლამენტს კანონპროექტის განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ცვლილებები საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციაზე (GERA) მორგებული.

GERA 2019 წელს შეიქმნა და ხელოვანთა ნაწილი, ვინც საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს, სწორედ GERA-ს შეეურთდა.

თავის მხრივ,  GERA-ს მოქმედი კანონით არ აქვს საქართველოში ჰონორარის შეგროვების უფლება და ქართველი ავტორ-შემსრულებლებისთვის თანხა რუსეთიდან მოაქვს, რადგან ხელშეკრულება რუსულ საავტორო საზოგადოებასთან (RAO) აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი