რატომ გააფრთხილა GNCC-მა მაგთიკომი და ჯეოსელი

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  მაგთიკომს და ჯეოსელს წერილობითი გაფრთხილება მისცა. ამის შესახებ დღეს, 15 მარტს გამართულ კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.

ომისიის ინფორმაციით, ბაზრის მოკვლევის შედეგად  გაირკვა, რომ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ორივე კომპანიამ ზარალი ნახა. საუბარია 2017 წლის კონსოლიდირებულ ტენდერზე, სადაც მაგთიკომი და ჯეოსელი საჯარო სექტორში დასაქმებულებს საკომუნიკაციო მომსახურებას უწევდნენ. კომუნიკაციების კომისიაში განამრტავენ, რომ მობილური კომპანიების მიერ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გაწეული ხარჯები ბევრად აღემატებოდა ამ მომსახურეობიდან მიღებულ შემოსავლებს.

“კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გამოკვლეული მასალიდან ჩანს, რომ ორივე კომპანია ამ ტენდერის ფარგლებში მომხმარებელს დემპინგური ფასებით ემსახურებოდა. მინუსი, რომელიც ტენდერში მიიღეს, ბაზრის სხვა სეგმენტიდან ფინანსდებოდა. ეს შეიძლება იყოს საბითუმო სეგმენტი ან სხვა სამომხმრებლო სეგმენტი, რომლებსაც ისინი ემსახურებოდნენ,”-აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური.

კახა ბექაურის თქმით, საიდან  ახდენდა ზარალის სუბსიდირებას ტელეკომუნიკაციების ბიზნესის ორი ყველაზე დიდი კომპანია, რთული საკვლევია, თუმცა კომისიას გამოთხოვილი აქვს მაგთისა და ჯეოსელის ყველა მსხვილი კორპორატიული კლიენტის საფინანსო დოკუმენტაცია.

“მოკვლევის დასრულების შემდეგ დარღვევის  აღმოჩენის შემთხვევაში კომისია აუცილებლად შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ანუ მეორე სანქციას დაადებს, რაც უკვე ფინანსურ ჯარიმას ითვალისწინებს. მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში მოკვლევის რაღაც ნაწილი დასრულდება. თუ არ ვცდები, ათი ყველაზე მსხვილი კორპორატიული კლიენტის ტენდერის გამოკვლევა ხდება. ათივე შეიძლება ამ ვადაში არ დასრულდეს, მაგრამ დიდი ნაწილი დასრულდება,”-ამბობს კახა ბექაური.

კომისია შ.პ.ს მაგთიკომსა და ჯეოსელს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებსაქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის ) ქვეპუნქტის, 33- მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას ედავება, რაც მხოლოდ წერილობით გაფრთხილებას გულისხმობს. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიებს ერთი წლის განმავლობაში კვლავ დაუფიქსირდებათ დარღვევა, მათ ფინანსურ სანქციები დაუწესდებათ.

ჯეოსელის წარმომადგენელი ლევან გიორგაძე აცხადებს, რომ წინა წლებთან შედარებით 2017 წელს აბონენტები უფრო მეტ ინტერნეტს მოიხმარდნენ და ზოგადად სხვადსხვა სერვისით სარგებლობის კუთხით აქტიურობდნენ.

“ტენდერი გამოცხადებული იყო კონკრეტული პირობებით. ჩვენ გავაკეთეთ გარკვეული გათვლა, თუ რა შეიძლება ყოფილიყო სახელმწიფო სეგმენტის ქცევა, ანუ როგორი იქნებოდა მათი ინტერნეტმოხმარება და ა.შ. ამ გათვლების მიხედვით, როდესაც ტენდერში მივიღეთ მონაწილეობა და ერთწლიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ,  მსგავსი ნიშნები, რომ შეიძლება სუბსიდირებას ჰქონოდა ადგილი, არ ფიქსირდებოდა. სამწუხაროდ, ერთი წლისთავზე, როდესაც მოხდა ამ ყველაფრის გადათვლა, მივიღეთ ის შედეგი, რაც დღეს კომისიის სხდომაზე გაჟღერდა,”-აცხადებს ლევან გიორგაძე.

კითხვაზე, რის ხარჯზე ხდებოდა ზარალის შევსება, ჯეოსელის წარმომადგენელი ამბობს, რომ ცალსახად იმის თქმა, დაზარალდა თუ არა კომპანიის რომელიმე სხვა მომხმარებელი ამ ტენდერის შედეგად,  რთულია. ჯეოსელის შემთხვევაში, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ზარალის ოდენობა დაახლოებით 7 მლნ ლარია.

რაც შეეხება მაგთიკომს, მისმა წარმომადგენელმა დავით ძიძიგურმა კომისიის სხდომაზე ზარალის მიზეზად  აბონენტთა ქცევა დაასახელა. მისი თქმით, აბონენტების ქცევის წინაწარ გათვლა შეუძლებელია.

“წლევანდელ ტენდერში, როდესაც იანვარში იგივე პირობებით გამოცხადდა, მაგთიკომს მონაწილეობა არ მიუღია, სანამ პირობები არ დაკორექტირდა, “-ამბობს დავით ძიძიგური. შ.პ.ს მაგთიკომის შემთხვევაში ზარალი დაახლოებით 32 მლნ ლარია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები პირველ მარტს გამოავლინა. გამარჯვებულ კომპანიებს საჯარო სექტორში დასაქმებული, დაახლოებით 260 ათასი აბონენტისთვის  2018-2019 წლებში მომსახურების GSM, UMTS, LTE სტანდარტით გაწევა მოუწევთ. ტენდერში სამმა კომპანიამ- ჯეოსელმა, მაგთიმ და ბილაინმა გაიმარჯვეს.

მანამდე გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ჩაიშალა, მხოლოდ ერთი კომპანია, შპს “ვიონი” (ბრენდული სახელი ბილაინი) მონაწილეობდა.

ტენდერის ახალი პირობების მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებულთათთვის ძვირდება მობილური ინტერნეტი. ისინი კორპორატიული ხელშეკრულების საშუალებით 5 ლარად 15 გბ-ს ყიდულობდნენ, თუმცა ეს პირობა შეიცვალა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.