ახალი ამბები

მაგთიკომის თანამშრომლები გაიფიცნენ

13 იანვარი, 2022 • 2839
მაგთიკომის თანამშრომლები გაიფიცნენ

„ხელფასების მატება“ – ეს არის ის მთავარი მოთხოვნა, რისთვისაც სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომის“ თანამშრომლები გაიფიცნენ.

„პროტესტის საფუძველია ის, რომ ხელფასი რაც გვაქვს, ვერ აკმაყოფილებს სოციალურ მოთხოვნებს. ინჟინერ-ტექნიკოსების ხელაფსი 950 ლარია, რაც ყველაზე დაბალია კომპანიაში და პანდემიის პირობებში არაფერს ჰყოფნის“, – უთხრა ნეტგაზეთს ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა.

მისი განცხადებით, კომპანიის ხელმძღვანელობა არანაირ კომპრომისს არ თანხმდება, რის გამოც თანამშრომლებმა პროტესტის ეს გზა აირჩიეს.

„სანამ არ წამოვლენ კომპრომისზე, პროტესტს ამ ფორმით გავაგრძელებთ“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან გაფიცულები და ამჟამად კომპანიის აბონენტები ტექნიკურ მომსახურებას ვერ იღებენ.

„მაგთიკომში“ აცხადებენ, რომ „მაქსიმალურად ცდილობენ სიტუაციის განმუხტვას გონივრულობის ფარგლებში“.

„მნიშვნელოვანია, რომ როდესაც კოვიდპანდემია დაიწყო, მაგთიკომში ხელფასები მინიმუმ 10%-ით გაიზარდა და ეს შეეხო უკლებლივ ყველა თანამშრომელს. რეგიონის ინჟინერ-ტექნიკოსებს კი ხელფასები გაეზარდათ 23%-ით.

მაგთიკომში გარკვეულ ჯგუფებზე მოქმედებს საბონუსე სისტემა. ბონუსები მიიღეს იმ თანამშრომლებმაც, რომლებიც დღეს სამუშაო პირობების გადახედვას ითხოვენ.

კოვიდპანდემიის პერიოდში კონკრეტულად ინჟინერ-ტექნიკოსების ჯგუფებზე მაგთიკომის მიერ გაცემულმა ბონუსმა თითქმის 3 მილიონი ლარი შეადგინა.

მაგთიკომი გადადგამს შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს სიტუაციის სამართლებრივ ჩარჩოებში დასაბრუნებლად”, – აცხადებენ კომპანიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი