ახალი ამბები

მაგთის განმარტება ინტერნეტ-პაკეტების გაუქმებაზე და საზოგადოებრივი დამცველის რეაგირება

2 მარტი, 2018 • 6836
მაგთის განმარტება ინტერნეტ-პაკეტების გაუქმებაზე და საზოგადოებრივი დამცველის რეაგირება

კორპორატიული ნომრის მქონე აბონენტებისთვის ნაყიდი ინტერნეტ-პაკეტის გაუქმების საკითხზე კომპანია “მაგთიკომი” განმარტებას ავრცელებს. კომპანიაში ამბობენ, რომ ახალი სატენდერო პირობები თავად სახელმწიფო უწყებებს უნდა გაეცნო იმ მომხმარებლებისთვის, ვისთანაც “მაგთიკომს” ხელშეკრულება ჰქონდა დადებული.

“მაგთიკომი კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ხელშეკრულებებს აფორმებს სახელმწიფო ორგანიზაციებთან და არა ინდივიდუალურად, ორგანიზაციაში დასაქმებულ თანამშრომლებთან. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების გაცნობაზე/ინფორმირებაზე მაგთიკომი პასუხისმგებელი ვერ იქნება. სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულებს ნებისმიერ დროს აქვთ შესაძლებლობა, ხელშეკრულების პირობების გაცნობა მოსთხოვონ დამსაქმებელს ან თავად გაეცნონ საჯაროდ ატვირთულ დოკუმენტს,” – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ახალი სატენდერო პირობები საჯარო უწყებაში დასაქმებულ მათ ყველა აბონენტს შეეხება. ეს ნიშნავს, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ “მაგთიკომის” ყველა აბონენტს 2017-2018 წლების კონსოლიდირებული ტენდერის პირობებში შეძენელი ინტერნეტ-პაკეტები პირველ მარტს გაუუქმდათ.

“ჯეოსელი” თავის აბონენტებს ნაყიდ ინტერნეტს არ გაუუქმებს. “ნეტგაზეთს”  “ჯეოსელის” პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ახალი სატენდერო პირობები მომდევნო თვიდან შევა ძალაში.

“ჩვენს აბონენტებს გააქტიურებული ინტერნეტ-პაკეტი ჩვეულებრივად ექნებათ ძველი პირობებით,” – აცხადებენ კომპანიაში.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი თამთა ტეფნაძე ამბობს, რომ ინტერნეტ -პაკეტების გაუქმების საკითხზე ორივე კომპანიას დღეს წერილობით მიმართავენ.

“იმისათვის, რომ სრული სურათი გვქონდეს, დღეს ორივე კომპანიას მივმართავთ, რათა გავიგოთ, რამ განაპირობა ეს ქმედება. ასევე, აუცილებლად უნდა შეფასდეს, ეს საკითხი როგორ იყო გაწერილი ხელშეკრულებით. როდესაც კომპანიების მხრიდან წარმოდგენილ არგუმენტებს გავეცნობით, ამის შემდეგ გვექნება საბოლოო პასუხი” – აცხადებს თამთა ტეფნაძე.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი განმარტავს, რომ რეგლამენტის მიხედვით, რომელიც მომხმარებელთა უფლებებს იცავს, ინფორმაცია ცვლილებების შესახებ მომხმარებელს ათი დღით ადრე უნდა ეცნობოს.

ტეფნაძის თქმით, ამ შემთხვევაში ეს ათდღიანი ვადა დაცული არ იყო, თუმცა, შესაძლოა, კომპანიების არგუმენტი იყოს ის, რომ მათ წინასწარ არ იცოდნენ, გაიმარჯვებდნენ თუ არა ტენდერში.

“ასეთ შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ კომპანიებს მომხმარებლებისთვის გონივრული ვადა უნდა მიეცათ, რათა ხელშეკრულების მოქმედების დროს შეძენილი მომსახურების გახარჯვისთვის მათ გარკვეული პერიოდი ჰქონოდათ,” – ამბობს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი.

ტეფნაძე განმარტავს, რომ არგუმენტების გაცნობის შემდეგომ, შესაძლოა, რეკომენდაციები შეიმუშაონ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლიან, რომ მომხმარებელთა უფლებები დარღვეულია, კომუნიკაციის ეროვნულ კომისია საკითხი შეისწავლის და საჭიროების შემთხვევაში სანქციასაც გამოიყენებს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები პირველ მარტს გამოავლინა. გამარჯვებულ კომპანიებს საჯარო სექტორში დასაქმებული, დაახლოებით, 260 ათასი აბონენტისთვის  2018-2019 წლებში მომსახურების GSM, UMTS, LTE სტანდარტით გაწევა მოუწევთ.

მანამდე გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ჩაიშალა, მხოლოდ ერთი კომპანია, შპს “ვიონი” (ბრენდული სახელი ბილაინი) მონაწილეობდა.

ტენდერის ახალი პირობების მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებულთათთვის ძვირდება მობილური ინტერნეტი. ისინი კორპორატიული ხელშეკრულების საშუალებით 5 ლარად 15 გბ-ს ყიდულობდნენ, თუმცა ეს პირობა შეიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი