ახალი ამბებიკომენტარი

მე-19 საუკუნის ქართველი ყაჩაღი ქალი და ამერიკული პრესა საქართველოზე – ინტერვიუ პავლე ჯაგუნავასთან

28 თებერვალი, 2018 • 7602
მე-19 საუკუნის ქართველი ყაჩაღი ქალი და ამერიკული პრესა საქართველოზე  – ინტერვიუ პავლე ჯაგუნავასთან

პავლე ჯაგუნავა თსუ-ის სტუდენტი და ახალგაზრდა ისტორიკოსია, რომელიც ყაჩაღების მეთაური ქართველი ქალის, ბარბარე დანელიას (ამერიკული პრესა მას ბარბარა დანელიად მოიხსენიებს) პერსონას იკვლევს. ბარბარე დანელია მე-19 საუკუნეში ცხოვრობდა და მის შესახებ იმდროინდელი ამერიკული, ავსტრალიური, ზელანდიური და ა.შ. გაზეთები წერდნენ. ნეტგაზეთი პავლე ჯაგუნავას ესაუბრება.

როგორ შეიტყვეთ ბარბარე დანელიას შესახებ?

ჩემი დაინტერესების საგანი გახდა პრესის, როგორც საისტორიო წყაროს მნიშვნელობა და არა კონკრეტულად ბარბარე დანელია. წყაროდ შეგვიძლია განვიხილოთ ბევრი რამ, მათ შორის, პრესა. აქედან გამომდინარე დავინტერესდი პრესით და კონკრეტულად იმით, ამერიკული პრესა რას წერდა საქართველოს შესახებ. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში ამერიკაში, დაახლოებით 23 ათასი გაზეთი გამოდიოდა.  ჩემი საკვლევი თემა იყო ამერიკული საზოგადოებრივი აზრი საქართველოს შესახებ. საზოგადოებრივ აზრს კი პრესაც ქმნიდა. ამ საკითხზე საბაკალვრო ნაშრომი – “საქართველო და ქართველები ამერიკული პრესის მიხედვით 1898-1910 წლებში” – მაქვს დაცული.

არის რამდენიმე არქივი, სადაც შეგვიძლია ამერიკული პრესის მასალები უფასოდ მოვიძიოთ. ამ პერიოდში ამერიკაში საქართველოზე ძალიან ბევრი იწერებოდა. საძიებო სისტემაში ვიპოვე სტატია ბარბარე დანელიას შესახებ. მანამდე ინფორმაცია ბარბარე დანელიას შესახებ ჩვენი უნივერსიტეტის დოქტორანტმა ნოდარ ჩხაიძემ მომაწოდა. მითხრა, რომ არსებობდა ასეთი ქალი და მირჩია მის შესახებ უფრო სიღრმისეული ინფორმაციის მოძიება. ბარბარე დანელიას შესახებ 15-მდე სტატია ვიპოვე. ამერიკულ პრესაში ამ ქალზე ძირითადად 1898 წელს იწერებოდა.

მის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია დაიწერა სხვადასხვა დროს. ამერიკაში იყო ასეთი ყაჩაღი ქალი, დორა კოქსი, რომელსაც ერთ-ერთმა ამერიკულმა გაზეთმა ბარბარე დანელია შეადარა. ანუ Wild West-ის (ველური დასავლეთ) გმირი შექმნეს.

ძალიან საინტერესო აქცენტია: ბარბარე დანელიას პიროვნება რამდენიმე სტატიაში ფემინისტურ მოძრაობასთანაც კი ასოცირდება. შეიძლება ვუტრირებ, მაგრამ ნამდვილად იგრძნობა ეს მუხტი ამ სტატიებში. მსოფლიოში ქალთა ემანსიპაციის პროცესი სწრაფად მიდის წინ და ამის ერთ-ერთი მაგალითია ბარბარე დანელია – დაახლოებით ასე წერია ერთ-ერთ გაზეთში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკული პრესა ბარბარე დანელიას ქალთა ემანსიპაციის გზაზე ერთ-ერთ მაგალითად მიიჩნევდა. ჩემი აზრით, ყაჩაღი ქალი ვერ იქნებოდა ემანსიპატორი, მაგრამ ამერიკული პრესაში ეწერა ის, რაც გითხარით.

თქვენთვის თუ არის ცნობილი, საერთაშორისო მედიაში როგორ მოხვდა ცნობები ბარბარე დანელიას შესახებ?

იმ პერიოდის ამერიკული პრესა საქართველოთი ძალიან ხშირად ინტერესდებოდა. საბაკალავრო ნაშრომი 12-წლიან პერიოდზე დავწერე და დაახლოებით 150-მდე სტატია მოვიპოვე, თან ეს მხოლოდ ღია არქივებიდან. ეს სტატიები უშუალოდ საქართველოს ეხება. ძალიან ბევრი მოკლე ინფორმაციაა, მაგალითად, მკვლელობაზე თბილისში და ა.შ. ასევე გვხვდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას წერდნენ მოგზაურები საქართველოზე. იყო ასეთი მოგზაური, ჰენრი ნორმანი, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა და ძალიან ბევრი საინტერესო რამ ჩაიწერა ჩვენ შესახებ. სწორედ მის მოგზაურობას აღწერდა ამერიკული პრესა. სრულიად უნიკალურ ინფორმაციასაც მიაგნებთ იმდროინდელ ამერიკულ პრესაში.

ბარბარე დანელიასაც მე მივაკვლიე ამერიკული და არა – ქართული პრესით. ეს ქალი ქართული საისტორიო ლიტერატურისთვის, პრაქტიკულად, უცნობია. ბარბარე დანელიას ქართულ პრესაში საძიებო სიტყვებით ვერ იპოვი. ქართულ პრესაში ის მოხსენიებულია როგორც დონოლია ბარბალე. ამის შესახებ ინფორმაცია ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა კონსტატინე ბარამიამ მომაწოდა.

როგორ ხვდება დანელია სხვა უცხოურ პრესაში, იმავე ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში, ეს აშშ-ის პრესის გავლენაა?

ეს საკითხი არ მიკვლევია, მაგრამ ჩემი მოსაზრება მაქვს. იმ დროს ჩვენ რუსეთის იმპერიის ნაწილი ვიყავით და საქართველოზე მოსკოვში იწერებოდა. ყველაზე საინტერესო ინფორმაცია შემდეგ უკვე ლონდონსა და პარიზშიც ვრცელდებოდა, ასევე, ამერიკულ პრესაში. რაც შეეხება კოლონიებს, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას, აქ ინფორმაცია ლონდონური პრესიდან ჩადიოდა.

თქვენი აზრით, რატომ არის ნაკლებად ცნობილი ბარბარე დანელიას შესახებ ქართულ წყაროებში?

ზოგადად, ქართულ ისტორიოგრაფიაში პრესის მნიშნელობის საკითხი გადასახედია. ამის აქტუალიზება უნდა მოხდეს იმიტომ, რომ პრესა არის პირველი წყარო და თანადროული ისტორია. შესაბამისად, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. დღეს უკვე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სტუდენტები ძალიან არიან დაინტერესებული პრესის კვლევით და ისტორიული ნაშრომის დასაწერად პრესას მთავარ წყაროდ იყენებენ.

თქვენს ნაშრომში, რომელიც ბარბარე დანელიას ეხება, საუბრობთ იმაზე, რომ ამერიკაში მის შესახებ სხვადასხვა ცნობები ვრცელდებოდა, მათ შორის ისიც, რომ ის გაჭირვებულებს არ ძარცვავდა, მსგავსი ინფორმაცია მაშნდელ ქართულ პრესაშიც არის?

ქართულ პრესაში არ არის. უცხოურ პრესაში  მეტად უტრირებულია და ცდილობენ, რომ ბარბარე დანელისგან საინტერესო პერსონაჟი შექმნან. ქართულ პრესაში მეტ აქცენტს აკეთებენ კრიმინალზე, ვიდრე იმაზე, რომ ის განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე პიროვნებაა. ქართულ პრესაში პირდაპირ წერია, რომ ავქალია. ქართულ პრესაში ბარბარე დანელია უფრო დამნაშავეა, ვიდრე გმირი, ამერიკულ პრესაში კი, პირიქით. ამერიკული პრესისთვის ბარბარე დანელია ზღაპრული პერსონაჟია, რომელიც 5-ცენტიან მონეტას ჰაერში აგდებს და 20 მეტრის მანძილიდან ტყვიას მოარტყამს. 

ფოტონახატი 1898 წლის ამერიკული გაზეთიდან “კვირის კურიერი”


ვრცლად ბარბარე დანელიას შესახებ პავლე ჯაგუნავას ნაშრომი წაიკითხეთ აქ, იმავე თემაზე ნატგაზეთის სტატია – ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი