“ბანდიტების დედოფალი” – ქართველი ქალი, რომელიც საუკუნის წინ ყაჩაღების ბანდას მართავდა

მისი ზუსტი ასაკი უცნობია, სახელი ყაჩაღობით გაითქვა. გამორჩეული მხედარი და მსროლელი იყო. ბარბარე  დანელია მეცხრამეტე საუკუნეში ყაჩაღების ბანდას ხელმძღვანელობდა საქართველოში. მან არა მხოლოდ საქართველოში, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაითქვა სახელი.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით ბარბარე დანელია 35-40 წლის იყო, როდესაც  მის შესახებ ქართულმა და უცხოურმა პრესამ დაიწყო წერა.  გაზეთები, რომლებიც “ნეტგაზეთმა” მოიპოვა, 1898 წლითაა დათარიღებული. სწორედ ამ წელს დაიღუპა ბარბარე დანელია.  ამავე ცნობების მიხედვით, იგი ქურდობისას მოკლეს.

ბარბარე დანელია წარმოშობით სამეგრელოდან, სოფელ ბანძიდან იყო.  25 წლის ასაკში სახლი მიატოვა და კავკასიის მთებში გაიხიზნა, სახლის მიტოვების მიზეზი უცნობია და “ეს საიდუმლო მის გულშია ჩაკეტილი”.

ამერიკული გაზეთი “კვირის კურიერი” აღფრთოვანებით წერდა ბარბარე დანელიას შესახებ და ისეთ თვისებებზე ამახვილებდა ყურადღებას, რასაც ქართულ გაზეთებში ვერ შეხვდებოდით.

გაზეთი ბარბარე დანელიას უწოდებდა “ბანდიტების დედოფალს”. ახასიათებდა როგორც მომხიბლავ, ზრდილობიან და თვალწარმტაც ქალს. მისი მანერები დახვეწილი იყო, საუბრები კი- სასიამოვნო მოსასმენი. გაზეთი ყურადღებას ამახვილებდა იმ გარემოებაზეც, რომ დაყაჩაღებისას ბარბარა ხაზგასმულად ზრდილობიანად მიმართავდა  მსხვერპლს:

“თქვენი ნებით ამოიტრიალებთ ჯიბეებს?”; “მოხარული ვარ, რომ თქვენისთანა ჯენტლმენთან შეხვედრის საშუალება მომეცა”- ამბობდა ის და ასევე აღნიშნავდა, რომ წუხდა მათთვის შექმნილი პრობლემების გამო და შესაძლოა, ღვინოც კი დაელია მსხვერპლთან ერთად.

ფოტონახატი 1898 წლის ამერიკული გაზეთიდან “კვირის კურიერი”

ბარბარე დანელია კაცის კოსტუმს ატარებდა. ამაზე როგორც საერთაშორისო, ისე ქართული პრესა წერდა.

“მისი ქალური ფიგურის მიუხედავად, მამაკაცურ სამოსში გამოწყობილ ბარბარეს ვერ იცნობდით, რომ ქალი იყო. ვერც მისი ვერცხლისებრი ხმის გამო. პატარა ხელებს და ფეხებს კი ყოველთვის ხელთათმანით და დიდი ფეხსაცმელებით ფარავდა. ცხენს კი ისე აჭენებდა, თითქოს უნაგირზე დაიბადა და საოცარი მსროლელი იყო”,- წერდა “კვირის კურიერი”.

ეს კი ამონარადია 1898 წლის ქართული გაზეთიდან “ცნობის ფურცელი” :

ამონარადი 1898 წლის ქართული გაზეთიდან “ცნობის ფურცელი”

“საკვირველი ის არის, რომ გამოეწყობა ჩოხა-ახალუხით, წუღა-მესტით, ქამარ-ხანჯლით და ვერავინ ცნობილობს, წუღა-მესტი ყოველთვის აცვია, მაშინაც კი, როდესაც ქალურად აცვია”. 

ბარბარე დანელია 4-5-ჯერ დაიჭირეს, მაგრამ ყველა გაზეთი წერდა, რომ განსაკუთრებული იღბლიანობით გამოირჩეოდა და განსაცდელს ყოველთვის წარმატებით აღწევდა თავს. როდესაც მესამედ დაიჭირეს, დანელია ციხის ზედამხედველს შეუყვარდა და ციხიდან გაუშვა:

“მიუხედავად იმისა, რომ ბარბარე კაცის სამოსს ატარებდა, ზედამხედველმა იცოდა, რომ ქალი იყო. მათი სიყვარულის ისტორია წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ბარბარე გათავისუფლების შემდეგ ისევ თავის საქმიანობას დაუბრუნდა”- წერდა “კვირის კურიერი”.

 ქართულ გაზეთები ბარბარეზე მრავალგვარ ცნობას ავრცელებდნენ.  გაზეთი “ცნობის ფურცელი”, ერთი მხრივ, წერდა, რომ “[ბარბარე] თავზარს სცემს სოფლელებს, “რამდენი თავმომწონე ყმაწვილი ჩამოუხტუნებია  ცხენიდან და გაუძარცვავს”. კიდევ ერთი ციტატა:   “რამდენი ავქალობა ჩაუდენია და სასამართლოებში ჰქონია საქმე, მაგრამ ყოველთვის გამომძვრალა და არხეინად დათარეშობს სოფელ-სოფელ სხვისი ნაშრომის მისათვისებლად”. 

ამავე გაზეთის სხვა ნომერში საუბარია იმის შესახებაც, რომ ბარბარეს შვილები ჰყავდა, გაზეთი ასევე წერს, რომ მისი ისტორია სარომანო ამბავია და ქვეყნის ფარგლებს გასცდა, ფრანგულ პრესაშიც კი მოხვდა. ამავე ნომრიდან ვიღებთ ცნობას, რომ ბარბარე დაიღუპა:

“ეხლა უნდა გაუწყოთ, რომ ეს წუთისოფელი, არავის შერჩენია და არც ჩვენ “ლომ-კაცა-ქალს” შერჩა. ამ დღეებში იგი მოკლული იქნა ქურდობაში. საბრალო საქურდლად წასულა, მაგრამ გაუგეს და მოკლეს…

…როდესაც იგი ყაჩაღად გავარდა მინდორ-ველში, ამბობდაო, მე უნდა მოვკვდე ვაჟკაცურად, გამგმირავს ოდესმე თოფ-ხმალ-ხანჯალი და მოულოდნელად შეიტყობს ყველა ჩემს სიკვდილსაო. ეს რამდენიმე წელიწადი, რაც ეს ყაჩაღი ქალი სამეგრელოში დათარეშობდა, მაგრამ უკანასკნელ წუთამდე არასდროს შეხვედრია ხიფათსა, იგი ხშირად უამხანაგდებოდა ყაჩაღ კაცებსა და ერთად დადიოდნენ სქურდლად, ცხენზე ჯდომა იცოდა საოცარი, იარაღსაც ხმარობდა, როგორც კარგი მეომარი, იყო სწრაფი და მარჯვე. მისი ბრდღვიალა თვალები უნებლიედ კაცსა შეაშინებდა”,- წერს “ცნობის ფურცელი”.


შენიშვნა: ინფორმაცია ბარბარე დანელიას შესახებ ქართულ პრესაში თავდაპირველად გამოაქვეყნეს პავლე ჯაგუნავამ ბლოგზე –  history-press.blogspot.com და გურიანიუსმა.

ამავე თემაზე გირჩევთ:

მე-19 საუკუნის ქართველი ყაჩაღი ქალი და ამერიკული პრესა საქართველოზე – ინტერვიუ პავლე ჯაგუნავასთან

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com