ახალი ამბები

პუტინის შემდეგ, შუა საუკუნეების ისტორია მონღოლეთის ყოფილმა პრეზიდენტმაც გაიხსენა

12 თებერვალი, 2024 • 1841
პუტინის შემდეგ, შუა საუკუნეების ისტორია მონღოლეთის ყოფილმა პრეზიდენტმაც გაიხსენა

მონღოლეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ცაჰიაგინ ელბეგდორჟმა X-ზე ყოფილი მონღოლეთის რუკა გამოაქვეყნა.

როგორც თავად ელბეგდორჟი აღნიშნავს, მისთვის ინსპირაცია რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გახდა, რომელმაც ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ნახევარი საათი დაუთმო მეცხრე საუკუნიდან რუსეთის ისტორიის მოყოლას და „ახსნა“, რომ რაკიღა წარსულში უკრაინა რუსეთის შემადენლობაში იყო, მოსკოვს ახლაც აქვს უფლება, უკრაინა დაიპყროს. პუტინის ისტორიულ „ლექციას“ ინტერნეტში ხუმრობითა და მიმებით შეხვდნენ.

პუტინის შემდეგ, მონღოლეთის ყოფილმა პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ XV საუკუნეში აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი ნაწილი სწორედ მონღოლეთის იმპერიაში შედიოდა და შესაბამისი რუკებიც გამოაქვეყნა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ოდესღაც დაპყრობილ ქვეყნებს სანერვიული არაფერი აქვთ, ვინაიდან მონღოლეთი „თავისუფალი და მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა“.

მონღოლეთის იმპერია შუა საუკუნეებში მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფო იყო და თითქმის ცენტრალური ევროპის ტერიტორიასაც კი მიაღწია. საუკუნეების განმავლობაში მათ შორის რუსული სამთავროები ან მონღოლთა პირდაპირი კონტროლის ქვეშ იყვნენ, ან მათ ემორჩილებოდნენ და ხარკს უხდიდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი