შსს: პანორამა თბილისის მშენებლობაზე მუშის დაღუპვისთანავე დავიწყეთ გამოძიება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 21 იანვარს, შეტყობინების მიღებისთანავე, ძველი თბილისის სამმართველოს მე-6 განყოფილებაში დაუყონებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თაბორის მთაზე “პანორამა თბილისის” სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად, გორის რაიონის სოფელ ტყვიავში მცხოვრები, 1990 წელს დაბადებული ლევან ლაფაჩის გარდაცვალების ფაქტზე.

ლევან ლაფაჩის გარდაცვალებიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა ეს ამბავი მედიით მხოლოდ დღეს გახმაურდა – ინფორმაცია ifact.ge-მ გაავრცელა. როგორც გამოცემა წერს, ლევანი 4-დან 5 საათამდე თავის მოვალეობას ასრულებდა, როცა ზედა სართულზე ახლად დასხმული ბეტონის ჭერი ჩამოინგრა და მისი სხეული ქვეშ მოიყოლა.

სამშენებლო სამუშაოებს თაბორის მთაზე, შ.პ.ს. „თაბორი-რიზორსის“ მიერ დაქირავებული შ.პ.ს „ინ-სი“ აწარმოებდა. შესაბამისად, როგორც შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ სამშენებელო პროცესზე და სამუშაოების წარმოების პროცესში შრომის უსაფრთხოებიის წესების დაცვაზე პასუხისმგებელი შ.პ.ს. „ინ-სი“ იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე დაკითხულია შემთხვევის შემსწრე კომპანიის თანამშრომლები, სამუშაოების მწარმოებელი და ზედამხედველი პირები. ასევე, მათი ცნობით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, როგორც სასამართლო-სამედიცინო, ასევე კომპლექსური, შრომის უსაფრთხოების და სამშენებლო ტექნიკური ექსპერტიზები.

სიახლეები მუშების უფლებებზე

შემთხვევის თვითმხილველი ifact.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ბეტონის ჭერი საკმარისად გამაგრებული არ იყო და ჩამოშლაც ამან გამოიწვია:

ლაფაჩს რეზინის მილი ხელში ეჭირა და ბეტონს ასხამდა. ამ დროს იქ, სადაც ჭერი ჩამოწვა, მის გარდა არავინ იყო. ვინაიდან მუშები ხელფასს გამომუშავების მაჩვენებლის მიხედვით იღებდნენ, ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი საქმე ნაკლებ დროში მოესწროთ. ამიტომ ბეტონის ბოძები, რომლებსაც ჭერი უნდა დაეჭირა, ჯერ კიდევ სველი იყო, როცა ზემოდან ბეტონის საფარი დაასხეს. ბოძებმა სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩამოწვა.”

ყველა სიახლე პანორამა თბილისზე

თვითმხილველი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, გამოცემას უყვება, რომ სასწრაფო დახმარება და პატრული შემთხვევის ადგილზე მაშინვე მოვიდნენ. ნეტგაზეთი ამ საკითხზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პასუხს მიღებისთანავე გაცნობებთ.

“პანორამა თბილისი” ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის პროექტია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, თბილისის ცენტრსა და სოლოლაკის ქედზე მაინც შენდება. როგორც ifact.ge წერს, პროექტის შემსრულებელი, შპს “თაბორი რიზორთსი” მთელ პასუხისმგებლობას მომხდარზე ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ კომპანიას, შპს “ინ-სის” აკისრებს და გამოძიების შედეგებს ელის.

ნეტგაზეთი გირჩევთ:

თაბორის მთა, პანორამა. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.