ახალი ამბები

“პანორამა თბილისის” მშენებლობაზე მუშა დაიღუპა – iFact

23 თებერვალი, 2018 • 7002
“პანორამა თბილისის” მშენებლობაზე მუშა დაიღუპა – iFact

ifact.ge-ის ინფორმაციით, 27 წლის ლევან ლაფაჩი “პანორამა თბილისის” გოლფის კლუბის მშენებლობაზე 21 იანვარს დაიღუპა. როგორც გამოცემის წერს, ლევანი 4-დან 5 საათამდე თავის მოვალეობას ასრულებდა, როცა ზედა სართულზე ახლად დასხმული ბეტონის ჭერი ჩამოინგრა და მისი სხეული ქვეშ მოიყოლა.

[red_box]სიახლეები მუშების უფლებებზე[/red_box]

შემთხვევის თვითმხილველი ifact.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ბეტონის ჭერი საკმარისად გამაგრებული არ იყო და ჩამოშლაც ამან გამოიწვია:

ლაფაჩს რეზინის მილი ხელში ეჭირა და ბეტონს ასხამდა. ამ დროს იქ, სადაც ჭერი ჩამოწვა, მის გარდა არავინ იყო. ვინაიდან მუშები ხელფასს გამომუშავების მაჩვენებლის მიხედვით იღებდნენ, ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი საქმე ნაკლებ დროში მოესწროთ. ამიტომ ბეტონის ბოძები, რომლებსაც ჭერი უნდა დაეჭირა, ჯერ კიდევ სველი იყო, როცა ზემოდან ბეტონის საფარი დაასხეს. ბოძებმა სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩამოწვა.”

[red_box]ყველა სიახლე პანორამა თბილისზე[/red_box]

თვითმხილველი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, გამოცემას უყვება, რომ სასწრაფო დახმარება და პატრული შემთხვევის ადგილზე მაშინვე მოვიდნენ. ნეტგაზეთი ამ საკითხზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პასუხს მიღებისთანავე გაცნობებთ.

“პანორამა თბილისი” ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის პროექტია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, თბილისის ცენტრსა და სოლოლაკის ქედზე მაინც შენდება. როგორც ifact.ge წერს, პროექტის შემსრულებელი, შპს “თაბორი რიზორთსი” მთელ პასუხისმგებლობას მომხდარზე ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ კომპანიას, შპს “ინ-სის” აკისრებს და გამოძიების შედეგებს ელის.

ნეტგაზეთი გირჩევთ:

თაბორის მთა, პანორამა. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი