საზოგადოება

შსს-ს თქმით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 11 პირია დაკავებული

16 აპრილი, 2024 • 655
შსს-ს თქმით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 11 პირია დაკავებული

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავეს.

უწყება ასევე ადასტურებს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს, თუმცა ამბობენ, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან ჰქონდა ძალადობას ადგილი და სპეციალური საშუალება ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთად გამოიყენეს:

„რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფორმებში და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები.

აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. ასევე, დაზიანებულია სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი. ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება – ე.წ. წიწაკის სპრეი“, — აცხადებენ შსს-ში.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

ვითარება დაძაბული იყო პარლამენტის უკანა შესასვლელთან — ასევე პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე. ადგილზე შსს-ის თანამშრომელბს განთავსებული აქვთ წყლის ჭავლის მანქანა.

ამასთან, ჩართული იყო ხმოვანი გაფრთხილება, რომელიც მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებს. სპეცრაზმი მობილიზებულია პარლამენტის გვერდით, ჭიჭინაძის ქუჩაზეც.

აქციის რამდენიმე მონაწილე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებთან გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მათ წინააღმდეგ პოლიციამ სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გამოიყენა. რამდენიმე დემონსტრანტი კი პოლიციამ დააკავა. მათ შორის არის „ლელოს“ ლიდერი ირაკლი კუპრაძე, რომელმაც დაწერა, რომ პოლიციამ დაკავებისას მასზე იძალადა.

რა ხდება?

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი