შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 2 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
„აქციის მიმდინარეობისას პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები. აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, რის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 2 პირი.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს“ ,— აცხადებს შსს და დასძენს, რომ უკანონო ქმედებებზე პოლიციას შესაბამისი რეაგირება ექნება.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები კანცელარიისკენ მას შემდეგ დაიძრნენ, რაც მომიტინგეების მიერ „ოცნებისთვის“ მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.
„დღესვე გაიტანონ ეს კანონპროექტი უკან“, – დემონსტრანტებმა ხელისუფლებას ამ შინაარსის განცხადებისთვის ერთი საათი მისცეს. ამ დროის გასვლის შემდეგ კი კანცელარიასთან მივიდნენ და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა, უშედეგოდ.