ახალი ამბებიკომენტარი

ერთი რეგიონის მთავრობა გერმანიის პოლიტიკაზე გავლენას იოლად ვერ მოახდენს – ზაალ ანდრონიკაშვილი

10 თებერვალი, 2018 • 3243
ერთი რეგიონის მთავრობა გერმანიის პოლიტიკაზე გავლენას იოლად ვერ მოახდენს – ზაალ ანდრონიკაშვილი

“ერთი რეგიონის მინისტრი (ან თუნდაც მთავრობა) იოლად ვერ მოახდენს გავლენას ფედერალური მთავრობის პოლიტიკაზე”, –  ამბობს ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი.

გერმანიის ერთ-ერთი მხარე ნორდრაინ-ვესტფალია, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით ქვეყნის ყველაზე  დიდი რეგიონია, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს. ანდრონიკაშვილი ფიქრობს, რომ ამ დროისთვის გერმანიის ცენტრალური ხელისუფლების პოზიციის ცვლილება უვიზო რეჟიმის თაობაზე, მისი აზრით, მოსალოდნელი არ არის, თუმცა საქართველოს მსგავსი სიგნალების იგნორირების ფუფუნება არ აქვს.

“გერმანია ყოველთვის იყო პოპულარული ადგილი თავშესაფრის მაძიებელთათვის. პრობლემა ისაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ახლა [გერმანია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს] არა აქვთ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის მოტივი. შესაბამისად, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა ზრდას კრიმინალურ განზრახვებს უკავშირებენ (იმ შემთხვებაშიც კი, თუ თავშესაფრის მაძიებლებს გერმანიაში დასაქმების გაუმართლებელი იმედი აქვთ). მინისტრი შტამპი სწორედ კრიმინალის ზრდას უსვამდა ხაზს ორლინგჰაუზენის ლტოლვილთა თავშესაფრის მიდამოებში”, – ამბობს ზაალ ანდრონიკაშვილი და აგრძელებს:

“ერთი რეგიონის მინისტრი (ან თუნდაც მთავრობა) იოლად ვერ მოახდენს გავლენას ფედერალური მთავრობის პოლიტიკაზე. მაგალითისათვის, ცოტა ხნის წინ რამდენიმე ფედერალური მხარის პრემიერ-მინისტრი რუსეთისათვის სანქციების მოხსნას ითხოვდა, ჯერჯერობით- უშედეგოდ. საქართველოს მოქალაქეების პრობლემა, რომლებიც გერმანიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ, ნორდრაინ ვესტფალიისთვისაც ლოკალურია. ამ წუთისათვის ფედერალური მთავრობის პოზიციის ცვლილება მოსალოდნელი არ არის. მიუხედავად ამისა, მინისტრ შტამპის გამოსვლა მაინც სერიოზულ სიმპტომად უნდა მივიღოთ: თუ ხვალ იგივე სხვა ფედერალურ მხარეებშიც განმეორდება და ტენდენცია შენარჩუნდება, თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ ფედერალურმა მთავრობამ საკითხი ევროკავშირის დონეზე დააყენოს. გავიმეორებ, რომ ამჟამად ეს არაა მოსალოდნელი, მაგრამ საქართველოს არ აქვს ასეთი სიგნალებისს იგნორირების ფუფუნება”, – აღნიშნავს ზაალ ანდრონიკაშვილი.

მისი თქმით, ნორდრაინ-ვესტფალია მოსახლეობით ყველაზე დიდი ფედერალური ლანდია (მხარე, მიწა). 2017 წლიდან მას მართავს ქრისტიან დემოკრატების (CDU) და თავისუფალი დემოკრატების (FDP) კოალიცია. ლანდის პრემიერ-მინისტრია ქრისტიან-დემოკრატი არმინ ლაშეტი, თავისუფალი დემოკრატი იოახიმ შტამპი არის ბავშვთა, ოჯახის, ლტოლვილთა და ინტეგრაციის მინისტრი. სწორედ ის გამოვიდა ინიციატივით საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ.


გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ნორდრაინ-ვესტფალიის ხელისუფლება აცხადებს, რომ რეგიონი განიხილავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხს.

ამის შესახებ გერმანული რადიოს, wdr.de-ს (საზოგადოებრივი მაუწყებელი) ეთერში რეგიონის ინტეგრაციის მინისტრმა იოახიმ შტამპმა განაცხადა.

wdr.de-ის ინფორმაციით, როგორც ჩანს, ბევრი დევნილი საქართველოდან არღვევს სავიზო რეჟიმს. რეგიონს კი ამ ჯგუფისგან ბოლო პერიოდში დიდი პრობლემები ექმნება.

wdr.de პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ დევნილთა ბანაკიდან გამომდინარე, რეგიონში მკვეთრად გაიზარდა დანაშაულის სტატისტიკა. დევნილთა ბანაკებში კი ცხოვრობს გაურკვეველი პერსპექტივის ბევრი დევნილი, მათ შორის, საქართველოდან.

უცნობია, რა დამოკიდებულება ექნება ქვეყნის მთავრობას რეგიონის ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით.

გერმანიის რეგიონის პოზიციის გაცხადებიდან მეორე დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით ზომების გამკაცრებას გეგმავს

ევროკომისია ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში უვიზო რეჟიმის კონტექსტში საქართველოსაგან შემდეგი საკითხების მოგვარებას ითხოვს:

  • საქართველომ უნდა გააგრძელოს საინფორმაციო კამპანია უვიზო მიმოსვლით მოგზაურობასთან დაკავშირებული წესების შესახებ. დაასრულოს საიმიგრაციო და რისკების შეფასების სისტემებზე მუშაობა და მიგრაციის სურვილის მიზეზები დაადგინოს
  • დაასრულოს სადაზვერვო პოლიციის რეფორმა და დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემა შექმნა
  • გააგრძელოს და გააძლიეროს სასაზღვრო სამართლადაცვითი სამსახური
  • მიიღოს შესწორებები კანონში, რათა ანტდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაცია ეფექტური გახდეს

უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ევროპაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაზრდილია. ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოდან თავშესაფრის საძიებლად სწორედ გერმანიაში მიდის.

გირჩევთ – ევროპის რომელ ქვეყნებს მიმართავენ ყველაზე ხშირად თავშესაფრისთვის საქართველოდან – სტატისტიკა

გირჩევთ – ემიგრანტები საქართველოდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი