ახალი ამბები

ევროპის რომელ ქვეყნებს მიმართავენ ყველაზე ხშირად თავშესაფრისთვის საქართველოდან – სტატისტიკა

5 თებერვალი, 2018 • 5073
ევროპის რომელ ქვეყნებს მიმართავენ ყველაზე ხშირად თავშესაფრისთვის საქართველოდან – სტატისტიკა

2017-ში საქართველოდან ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების რაოდენობა გაიზარდა. ამას მოწმობს ორი სტატისტიკა: ერთი ევროპის დევნილთა მხარდაჭერის ოფისს (EASO) ეკუთვნის, ხოლო მეორე- ევროსტატს, იგივე ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურს.

EASO

EASO-ს მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2016 წელთან შედარებით 2017-ში საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროპის 28 ქვეყანაში, ასევე ნორვეგისა და შვეიცარიაში გაკეთებული განაცხადების რაოდენობა თავშესაფარზე, 35%-ით გაიზარდა. 2017 წელს განაცხადების რაოდენობა 11 569-ია.

რაც შეეხება განაცხადების დაკმაყოფილების სტატისტიკას, ის საკმაოდ დაბალია. მაგალითად, 2017 წლის დეკემბერში საქართველოს მხოლოდ 13-მა მოქალაქემ მიიღო თავშესაფრის სტატუსი ევროპაში, 5-ს სუბსიდიით დაეხმარნენ, ხოლო 879 განცხადებაზე ნეგატიური პასუხი დაფიქსირდა. მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნებმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანეს, თავშესაფრის აპლიკაციის განხილვისა და პასუხის გაცემის პროცედურა უფრო გამარტივდა.

ევროსტატი

EASO-სა და ევროსტატის სტატისტიკა ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს, რადგან EASO მისივე განმარტებით წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს ევროსტატთან შედარებით. ასევე EASO არ აქვეყნებს ინფორმაციას, კონკრეტულად ევროპის რომელ ქვეყანაშია ყველაზე მეტი განაცხადი გაკეთებული და ა.შ.

ევროსტატზე თავშესაფრის აპლიკაციების 2017 წლის სტატისტიკა სრულად მხოლოდ ოქტომბრის ჩათვლითაა ხელმისაწვდომი. ამასთან, ევროსტატი ითვლის ევროკავშირის 28 ქვეყნისა და პლუს ნორვეგიის, შვეიცარიის, ისლანდიისა და ლიხტენშტეინის სტატისტიკას. იმისათვის, რომ მონაცემები უვიზო რეჟიმთან დაგვეკავშირებინა, ათვლა აპრილიდან დავიწყეთ. როგორც ცნობილია, უვიზო რეჟიმი მარტის ბოლოს ამოქმედდა.

ევროსტატის თანახმად, 2017 წლის აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებმა 6660 განაცხადი დაარეგისტრირეს თავშესაფარზე, მაშინ, როცა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 5495-ს შეადგენდა.

გერმანია

გერმანიაში საქართველოდან ყველაზე მეტი ადამიანი ჩადის თავშესაფრის საძიებლად, თუმცა 2017 წელს დინამიკამ მცირედით იკლო. ევროსტატის ცნობით, 2016 წლის აპრილ-დეკემბერში გერმანიაში საქართველოდან 3050 განაცხადი შევიდა თავშესაფრის მოთხოვნით, ხოლო – 2017 წლის აპრილ – დეკემბერში – 2780.

საფრანგეთი

2016 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე საფრანგეთში საქართველოდან თავშესაფარზე 680 განაცხადი იყო შესული. 2017 წლის ანალოგიურ პერიდში –  1180.

შვედეთი

2016 წლის აპრილ-ნოემბერში შვედეთში საქართველოდან თავშესაფარზე 460 განაცხადი იყო გაკეთებული. 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში – 665.

საბერძნეთი

2016 წლის აპრილ-ოქტომბერში საბერძნეთში საქართველოდან 330 აპლიკაცია ფიქსირდებოდა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში – 685.

იტალია

2016 წლის აპრილ-დეკემბერში იტალიას თავშესაფრის თხოვნით საქართველოს მოქალაქეებმა 160-ჯერ მიმართეს,  2017 წლის ანალოგიურ პერიოდში – 440-ჯერ.

ბელგია

2016 წლის აპრილ-დეკემბერში ბელგიაში საქართველოს მოქალაქეებმა 175-ჯერ შეიტანეს თავშესაფრის განაცხადი, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში –  365 -ჯერ.

ჰოლანდია

2016 წლის აპრილ-დეკემბერში ჰოლანდიაში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან 480 განაცხადი დაფიქსირდა, – 2017 წელს – 275.

ავსტრია

2016 წლის აპრილ-დეკემბერში ავსტრიაში საქართველოს მოქალაქეებმა 265-ჯერ ითხოვეს თავშესაფარი, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში – 330-ჯერ.

ირლანდია

2016 წლის აპრილ-ოქტომბერში ირლანდიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ შეტანილი 55 განაცხადი ფიქსირდებოდა. 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში – 220.

გირჩევთ – ემიგრანტები საქართველოდან

გირჩევთ – ისლანდიაში 2017 წელს თავშესაფარს ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი