ახალი ამბები

„ვიზალიბერალიზაციაა, ადვილად გადიან ქვეყნიდან…“ — გომელაური მიგრაციაზე

20 მარტი, 2024 • 735
„ვიზალიბერალიზაციაა, ადვილად გადიან ქვეყნიდან…“ — გომელაური მიგრაციაზე

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მიგრაციის პრობლემა აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას აქვს.

გომელაურს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. შს მინისტრს რამდენიმე დეპუტატმა ჰკითხა მიგრაციის მაღალი დონის შესახებ.

გომელაურის თქმით, არასწორია ოპოზიციის მტკიცება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 800 000-მა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. გომელაურის თქმით, „იგივე შემოვიდა თითქმის“.

ამასთან, გომელაურმა თქვა, რომ მიგრაციის სტატისტიკას შსს არ აწარმოებს, ამას აკეთებს საქსტატი, რომელიც 2023 წლის მონაცემებს ზაფხულში გამოაქვეყნებს.

მიგრაციული სალდო 2013-2022 წლებში; წყარო: საქსტატი

„მიგრაციაში ხალხი მიდის, ვიზალიბერალიზაციაა, ადვილად გადიან ქვეყნიდან… მარტო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება ეს. ჩემს კოლეგებსაც აქვთ ეს პრობლემა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. პოლონეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან მიდიან გერმანიაში. თვლიან, რომ სამუშაო ანაზღაურება იქ მეტი ექნებათ. მესმის. მე გამიხარდება, რომ ყველა ჩვენი მოქალაქე დაბრუნდეს და საუკეთესო პირობები ჰქონდეს ჩვენთანაც“, — განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი