ახალი ამბები

უვიზო მიმოსვლის შეფერხების პრევენციისთვის პრემიერმა საგანგებო თათბირი ჩაატარა

9 თებერვალი, 2018 • 3021
უვიზო მიმოსვლის შეფერხების პრევენციისთვის პრემიერმა საგანგებო თათბირი ჩაატარა

საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით ზომების გამკაცრებას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ თემაზე დღეს, 9 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო თათბირი გამართა, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და შს მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური მონაწილეობდნენ.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, თათბირზე განიხილეს ის ნაბიჯები, რაც უმოკლეს ვადებში უნდა გადაიდგას, რათა ევროკავშირის ქვეყნებში “თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ეს ვიზალიბერალიზაციის შეფერხების მიზეზი არ გახდეს”.

“საუბარია საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაზე, რომელთა შედეგად, შემოღებული იქნება მთელი რიგი პრევენციული ზომებისა, მათ შორის ისეთის, როგორიცაა რეადმისიის ხარჯის თავად რეადმისირებულ პირებზე დაკისრება; გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების გამკაცრება და ა.შ. აღნიშნული ცვლილებები მთავრობის უახლოეს სხდომაზე იქნება წარდგენილი.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო გააძლიერებს ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებს პარტნიორ ქვეყნებთან, განსაკუთრებით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კონტექსტში. გარდა ამისა, შედგება შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტები ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში, რათა კიდევ უფრო გააქტიურდეს პოლიციის ატაშეების ინსტიტუტი,”- ვკითხულობთ განცხადებაში.

გუშინ, 8 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ  გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალის რეგიონი განიხილავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხს, რაც დანაშაულის ზრდას უკავშირდება.

საქართველოს მთავრობის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებით, დიდი ყურადღებით ეკიდებიან პარტნიორი ქვეყნების წუხილს და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ, როგორც კანონმდებლობის გამკაცრების, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურებისა და ქვეყნის მასშტაბით აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოების მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი