ახალი ამბები

ვანო ჩხიკვაძე: არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ EU შეჩერების მექანიზმის გამოყენებას აპირებს

23 იანვარი, 2018 • 3035
ვანო ჩხიკვაძე: არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ EU შეჩერების მექანიზმის გამოყენებას აპირებს

დღეს, 23 იანვარს, ევროპული საბჭო მინისტრების დონეზე ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს, ევროკომისიის ანგარიში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ 2017 წლის 12 დეკემბერს გამოქვეყნდა.

მოსალოდნელი განხილვის შესახებ ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა “რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ჟურნალისტმა ბრიუსელიდან, რიკარდ იოზვიაკიმ. ჟურნალისტის ტვიტი საქართველოში შფოთვის მიზეზი გახდა, რომ შესაძლოა საქართველომ 2017 წლის თებერვალში მიღებული უვიზო მიმოსვლა დაკარგოს:

“ევროკავშირი კმაყოფილი არაა უკრაინის მიერ მომზადებულ კანონპროექტით, რომელიც ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას უკავშირდება, მაგრამ ეს არ წარმოადგენს რეალურ საფრთხეს უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის წევრი ქვეყნები უფრო მეტად წუხან საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდაზე. შეჩერების მექანიზმს დიპლომატები სამშაბათს განიხილავენ”,- წერს ჟურნალისტი.

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ექსპერტი ევროინტეგრაციის საკითხებში ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ წევრი ქვეყნები, უბრალოდ, ანგარიშს განიხილავენ და შეჩერების მექანიზმის გამოყენების საფრთხე არ არსებობს. მისი თქმით, ამაზე არც ანგარიში მიანიშნებს და არც მსგავსი მსჯელობა ყოფილა, შესაბამისად, ექსპერტი ვერ ხედავს პანიკის საფუძველს:

“ანგარიშის ტენდენცია არ იყო, რომ [თავშესაფრის მაძიებელთა] რაოდენობა იზრდებოდა. ძირითადი აქცენტი ორგანიზებულ დანაშაულთა ჯგუფებზე გაკეთდა, რომ ეს ჯგუფები ისევ აქტიურები რჩებიან ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე ნათქვამი იყო, მაგრამ არა განსაკუთრებული აქცენტით, თავშესაფრის მაძიებლებზე, მაგრამ რაოდენობა, ვინც განაცხადი გააკეთა, არ არის იმაზე დიდი, ვიდრე, დავუშვათ, წლების წინ. ასევე დაბალია აღიარების მაჩვენებელი, როდესაც აძლევენ თავშესაფარს. ამას გარდა საუბარი იყო ანტიდისკრიმინაციულ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელიც ჩვენ ვალად გვქონდა და, ხატოვნად რომ ვთქვათ, შეგვახსენეს ამ ვალის არსებობის შესახებ. ამ ანგარიშების მიხედვით და საჯარო ინფორმაციაზე რა წვდომაც არსებობს, ამაზე დაყრდნობით, არავითარი საფუძველი არ გვაქვს იმის თქმის, რომ შეჩერების მექანიზმის გამოყენებას აპირებს ევროკავშირი”,- ამბობს ჩხიკვაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას. 

ევროკომისიის მიერ ევროპარლამენტისთვის და ევროპული საბჭოსთვის მომზადებული ანგარიში პირველია, რომელიც შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მომზადდა. ეს ანგარიში არაა სრული და არ ასახავს სრულად იმ სტატისტიკურ ინფორმაციას, რაც არსებობს.

ანგარიშის თანახმად, 2016 წლის მეორე ნახევრიდან 2017 წლის შუა პერიოდამდე მონაცემები ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების არალეგალურად დარჩენის შესახებ, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის სტატისტიკა და თავშესაფარზე უარის თქმის მაჩვენებელი სტაბილურია. ანგარიშის თანახმად, თავშესაფართან დაკავშირებული მიმართვების რაოდენობა 2016 წლის მეორე ნახევრიდან 2017 წლის შუა პერიოდამდე  ზრდის ტენდენციას არ აჩვენებს.

2015 წელთან შედარებით 2016 წელს ევროკავშირში შესვლაზე უარის მაჩვენებელლი 39%-ითაა შემცირებული. არალეგალური დარჩენის მაჩვენებელი 3%-ია 2015 და 2016 წლებისთვის. თავშესაფრით დაკმაყოფილების მაჩვენებელი 2015-2016 წლებისთვის ასევე ერთნაირია (6.62-6.48%) .

ანგარიშის თანახმად, საქართველო რჩება ქვეყანად, რომელიც ევროკავშირში ორგანიზებულ დანაშაულშია ჩართული. ორგანიზებული დანაშაული გამოიხატება ორგანიზებულ ქურდობაში, ძირითადად- საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში

რეკომენდაციების სახით ევროკომისია ითხოვს შემდეგი საკითხების მოგვარებას:

[checklist]

  • საქართველომ უნდა გააგრძელოს საინფორმაციო კამპანია უვიზო მიმოსვლით მოგზაურობასთან დაკავშირებული წესების შესახებ. დაასრულოს საიმიგრაციო და რისკების შეფასების სისტემებზე მუშაობა და მიგრაციის სურვილის მიზეზები დაადგინოს
  • დაასრულოს სადაზვერვო პოლიციის რეფორმა და დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემა შექმნას
  • გააგრძელოს და გააძლიეროს სასაზღვრო სამართლადაცვითი სამსახური
  • მიიღოს შესწორებები კანონში, რათა ანტდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაცია ეფექტური გახდეს

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი