საზოგადოება

ევროკავშირი უფრო მარტივად შეძლებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას

14 მარტი, 2024 • 1899
ევროკავშირი უფრო მარტივად შეძლებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები (Coreper) უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებულ მექანიზმზე შეთანხმდნენ.

განახლებული მექანიზმის მიხედვით, ევროკავშირს მიეცემა შემდეგი ახალი საფუძველი უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად:

  • როდესაც ევროკავშირის გარეთ მყოფი ქვეყანა არ იცავს იმავე სავიზო წესებს, რასაც ევროკავშირი და ეს იწვევს უფრო მეტი ადამიანის შესვლას ევროკავშირში, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ქვეყანა გეოგრაფიულად ახლოს არის ევროკავშირთან;
  • ინვესტორის მოქალაქეობის სქემის ფუნქციონირება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეობა გაიცემა წინასწარ განსაზღვრული გადახდების ან ინვესტიციების სანაცვლოდ;
  • ჰიბრიდული საფრთხეები და ხარვეზები დოკუმენტების უსაფრთხოების კანონმდებლობასა თუ პროცედურებში.

ევროკავშირი ასევე შეძლებს შეწყვიტოს უვიზო მიმოსვლა კონკრეტული ქვეყნიდან, თუ მათი საგარეო ურთიერთობა ამ ქვეყანასთან მოულოდნელად გაუარესდება, განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები.

შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველია უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნიდან არსებითი ზრდა მოქალაქეების, რომელთაც უარი ეთქვათ შესვლაზე ან დაშვებულზე მეტხანს რჩებიან შენგენის ზონაში; თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების ზრდა, რომლის აღიარების მაჩვენებელი დაბალია; ევროკავშირთან თანამშრომლობის შემცირება რეადმისიაზე; საფრთხე შიდა უსაფრთხოებისთვის (მაგ. სისხლის სამართლის დანაშაულების გაზრდის გამო).

უვიზო მიმოსვლის შეჩერების კიდევ ერთი საფუძველი, რომელიც ამჟამინდელი მექანიზმის ნაწილსაც წარმოადგენს, პარტნიორების მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შეუსრულებლობაა.

შეჩერების ზღვრები

შესვლაზე უარის და ვადაგაცილებით დარჩენის, თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადებისა და სისხლის სამართლის დანაშაულების შემთხვევაში დგინდება 30%-იანი ზღვარი (კომისიის წინადადების 50%-ის საპირისპიროდ) უვიზო მიმოსვლის შესაჩერებლად.

მეორე მხრივ, ბარიერი შეფასებისთვის, უნდა ჩაითვალოს თუ არა თავშესაფრის აღიარების დონე დაბლად, დაფიქსირებულია 20%-ზე (შემოთავაზებული 4%-ის ნაცვლად).

დროებითი შეჩერების ხანგრძლივობა

უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების ვადა 9-დან 12 თვემდე იზრდება და შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 24 თვით (ნაცვლად დღეს მოქმედი 18 თვისა). ამ შეჩერების ფაზაში ევროკომისია დაიწყებს დიალოგს მესამე ქვეყანასთან, რათა გადადგას ნაბიჯები იმ გარემოებების გამოსასწორებლად, რამაც შეჩერება გამოიწვია.

თუ გამოსავალი არ მოიძებნა სიტუაციის გამოსასწორებლად, ევროკავშირს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გაუქმების შესახებ.

საბოლოო საკანონმდებლო ტექსტზე ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები პარლამენტთან უნდა შეთანხმდნენ.

შეჩერების მექანიზმი, რომელიც უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებას ითვალისწინებს, ამჟამინდელი სახით 2018 წლიდან მოქმედებს. ევროკავშირს ამჟამად უვიზო რეჟიმი აქვს 61  ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან. ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ, უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონაში 90 დღით, 180 დღის განმავლობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი