ემიგრანტები საქართველოდან

ეთერ თურაძე

03.11.2016

„ქართველები გერმანიაში ქმნიან ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს“ - ბოლო დროს გერმანულ მედიაში ამ შინაარსის არაერთი სტატია დაიწერა. ლეგალურად ჩასული, არალეგალი, საემიგრაციო ბანაკებში მცხოვრები თუ ის ქართველები, რომელთაც გერმანიის მოქალაქეობა აქვთ, თანხმდებიან, რომ ქართველი მამაკაცების უმრავლესობის ძირითადი საქმე გერმანიაში ქურდობაა - მათ რიგებში არ შედიან ის ადამიანები, ვინც ლეგალურად მოახერხა დასაქმება. მიგრანტები ამბობენ, რომ მათ თანამზრახველებად, იშვიათად, ქალებიც ჰყავთ.
იპარავენ ყველგან - მანქანებიდან, სახლებიდან, მაღაზიებიდან. იპარავენ მანქანებს, ძვირფას ნივთებს, ტექნიკას, ტანსაცმელს, საჭმელს... მოპარული საქონელი თავს იყრის მსხვილ ცენტრებში/ქალაქებში, საიდანაც ნაქურდალი სხვადასხვა გზით საქართველოში იგზავნება. ემიგრანტები ამბობენ, რომ ერთ-ერთი ასეთი „ცენტრი“, მაგალითად, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის საპატიმრო დაწესებულებასთან ახლოს `მუშაობს“. ამ ქუჩას ქართველები „ჯოჯოხეთის ქუჩას“ ეძახიან.

ბანაკი გერმანიაში, სადაც 400-მდე ქართველი ცხოვრობს

თავშესაფრის სამრეცხაო, ფოტო: ეთერ თურაძე

გერმანიაში, 500 ადამიანზე გათვლილ ერთ-ერთ ბანაკში, საქართველოს 400-მდე მოქალაქე ცხოვრობს. მათ შორის 30-მდე ბავშვია. მავთულებით შემოსაზღვრულ ბანაკს ერთ მხარეს ტყე ესაზღვრება, მეორე მხარეს - გერმანიის სახელმწიფოს საჯარისო დანაყოფი. შესასვლელში დაცვის თანამშრომლები სხედან. აქ ამბობენ, რომ უცხო პირის ბანაკის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია. ბანაკში, ძირითადად, 10 და მეტ ადამიანზე გათვლილი ფლიგელები დგას. აქვთ საერთო აბაზანა, სამრეცხაო და სასადილო. ასევე ტერიტორია, სადაც ბავშვები თამაშობენ.
ბანაკში ამბობენ, რომ ხშირად არის კონფლიქტები, შედის აკრძალული ნივთიერებები, მათ შორის ალკოჰოლიც. ამ ბანაკიდან ბოლო დროს რამდენიმე ადამიანი დააბრუნეს საქართველოში, ბევრმა ემიგრანტმა კი ღამის საათებში ბანაკში მისულ გერმანიის საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლებს ტყეში მიმალვით დააღწია თავი. მათ ის ღამე ტყეში გაათიეს.
შაბათ-კვირას თუ დაგეგმავ ბანაკში მისვლას, 7 კილომეტრის გავლა მოგიწევს ფეხით, რადგან ავტობუსი ამ დღეებში აქამდე თითქმის არასდროს მოძრაობს.
ამ ბანაკის ბინადრებს გადაადგილება არ ეზღუდებათ. ხდება ისე, რომ ზოგჯერ სამი დღითაც მიდიან სხვაგან.

ვიზები და დევნილთა ბანაკში მცხოვრები ქართველები

თავშესაფარი, გერმანია, 2016; ფოტო: ეთერ თურაძე

გერმანიაში გასამგზავრებელ ვიზაში ყველა მათგანს 2500-3000 დოლარი აქვს გადახდილი. ბანაკში მყოფი ემიგრანტები ამბობენ, რომ ნებისმიერი სახის ვიზის [უფრო ტურისტული, სპორტული] მიღება შეიძლება, თბილისში, გერმანიის საელჩოს გარშემო განლაგებული პატარ-პატარა ოფისების დახმარებით. ამბობენ, რომ მათთვის უცნობია რაიმე სახის კავშირი აქვს თუ არა გერმანიის საელჩოს რომელიმე თანამშრომელს ამ ოფისებთან. ადამიანები ამ ბანაკიდან ემიგრანტულ ყოფაზე თავად ყვებიან:

გზა გერმანიამდე - მიშასა და რუსას მონათხრობი

თავშესაფრის შესასვლელი, გერმანია, 2016, ფოტო: ეთერ თურაძე

10 000 დოლარი გადავიხადეთ ოთხ ვიზაში. ამაში შედიოდა ბილეთებიც. მე, ჩემი ქმარი და ორი შვილი წამოვედით. ერთმა ნაცნობმა გვასწავლა, როგორ უნდა აგვეღო ვიზა. ვერ გეტყვით ვინ არის ეს ადამიანი. ფული ხელზე გადავიხადეთ. ეს კაცი სად ცხოვრობს, ზუსტად არ ვიცი, ჩვენ თბილისში შევხვდით. არ მგონია საელჩოს თანამშრომელი იყოს. ყველა მასეა ჩამოსული, ფული აქვთ გადახდილი.
ჩვენ ფული არ გვქონდა, ამიტომ სახლი გავყიდეთ. მცხეთაში ვცხოვრობდით. ბავშვი გვყავს ავად და გვითხრეს, რომ გერმანიაში ამ ავადმყოფობას მკურნალობენ. საზღვარზე უპრობლემოდ შემოვედით. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მიდიხარ „აზულში“ და ბარდები. ჩვენ ბილფელდში ჩავბარდით. ტაქსის მისცემ ფულს და მიგიყვანს. ზოგს ხალხი ხვდება და მიყავს, ზოგი თავისით მიდის. აქ ყველამ იცის „აზული“ სად არის. ქუჩაში რომ იკითხო, გერმანელებიც დაგიხაზავენ გზას. ღამე გვიან მივედით და რაც მართალია, მართალია - იმ ღამესვე წაგვიყვანეს სასტუმროში, ღამე ქუჩაში არ გაგვითევია. ძალიან ციოდა. იქ რამდენიმე ღამე ვიყავით და მერე წამოგვიყვანეს აქეთ.

„აზულში“ როცა ხარ, 6 საათზე გაყენებენ და მიყავხარ ინტერვიუზე. პატარა ინტერვიუ, დიდი ინტერვიუ...

პასპორტები არ გვაქვს. რატომ? - პასპორტი რომ გქონდეს, იმ დღესვე დეპორტს ჩაგირტყამენ და უკან გაგაფრენენო გვითხრეს და ჩვენც გადავყარეთ, დავხიეთ. რა ვიცი. გჩხრეკენ, ამიტომ პასპორტს ვერ შეინახავ.

წამოსვლისას მეგონა, რომ აქ ბავშვს მიხედავდნენ. იქ ვერ გაიგეს რა სჭირს. არ აქვს არც დაუნის სინდრომი, არც ცერებრალური დამბლა, არც აუტისტია. 29 თებერვლიდან აქ ვართ, მაგრამ არ მოგვაქციეს ყურადღება. ბავშვს არ გაუკეთეს არანაირი გამოკვლევა. თუ სასწრაფოა რამე, კუჭი აეშალა, ან ახველებს, მხოლოდ მაშინ თუ მოგაქცევენ ყურადღებას. ექიმთან ჩაწერაზე შეიძლება კვირეები გალოდინონ.

პირველ რიგში ვითხოვ, იქნებ ჩემ შვილს მიაქციონ ყურადღება. იმედი გვაქვს, რომ მიხედავენ. საქართველოში ექიმები სულ აღნიშნავდნენ, რომ ბავშვს აქვს წინსვლა.
ბილფელდში რომ ვიყავი, იქ წითელი ჯვრის ბროშურებს არიგებდნენ. წამოვიღე ეს ბროშურა და ტელეფონზე დავურეკე. იყვნენ მოსულები, ჩემი მეუღლე დახვდა, ბავშვი ცუდად იყო, ამიტომ საავადმყოფოში ვიყავით. გვითხრეს, რომ ჩვენს ადვოკატს დაუკავშირდებოდნენ, მაგრამ არ დაუკავშირდნენ.

საქართველოში არ ვიყავით არც ერთ პროგრამაში, ყველაფერში ფულს ვიხდიდით. არის იქ პროგრამები, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ რადგან ვერ გაუგეს ჩემს შვილს რა სჭირდა, პროგრამაში ვერ მოვხვდით. ბავშვი აზროვნებს, მაგრამ ვერ მეტყველებს.

ევროპის სხვა ქვეყანა იმიტომ არ შევარჩიეთ, რომ ვიცოდით აქ ბავშვებს ყურადღებას აქცევდნენ, მაგრამ აქაც გაუსაძლისი პირობებია. მე მესამე ბავშვზე ვარ ორსულად. ჩუტყვავილას გამო კარანტინი იყო და გარეთ არ გვიშვებდნენ, ამიტომ ორი თვე ჩამივარდა ექიმთან მისვლა. ისე კონსულტაციაზე თვეში ერთხელ დავდივარ.
`ლაგერის~ უფროსობასთან რომ შეხვალ, რაც არ უნდა უთხრა, გეუბნებიან, რომ ხარ ქართველი და გაქვს ნეგატივი [უარი გრძელვადიან თავშესაფარზე]. ორ კვირაშივე მოგვცეს ნეგატივი.

ამაზე ისიც ხომ არ ახდენს გავლენას, რომ გერმანულ მედიაში ქართველების კრიმინალობაზე ბევრი დაიწერა? - ვერ გეტყვით. ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, რამდენიმე თვეა ტელევიზორიც კი არ გვინახავს. აქ არც ტელეფონი იჭერს. დარეკვა რომ გინდოდეს, გარეთ უნდა გახვიდე... ყოველ შემთხვევაში ქართველები არ არიან მოძალადეები ქალზე, ბავშვზე, ტერაქტებზე აღარ მაქვს ლაპარაკი. მაგ წესით თუ მოქმედებენ, მაშინ არაბები არ უნდა გააჩერონ საერთოდ. ერთი, რასაც იძახიან, ჩვენი ქვეყანა არის ევროინტეგრაციისკენ და შეიძლება ეგ იყოს მიზეზი.
გერმანულს რატომ არ ვსწავლობთ? - როგორ უნდა გვესწავლა, თქვენ აქ გერმანელი სადმე დაინახეთ? ბანაკში 400 ქართველია. მე ინგლისური ვიცი. ეს ისეთი ბანაკია, რომ რუსულად მოლაპარაკე თანამშრომლები ჰყავთ - პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. მათთან რუსულად ვლაპარაკობთ.

შოთა - „საქართველოში ვერ დავბრუნდები“

ქართველი ემიგრანტების თავშესაფარი გერმანიაში, 2016; ფოტო: ეთერ თურაძე

მეხუთე თვეა აქ ვარ. პრობლემები მქონდა, რის გამოც არ შემიძლია საქართველოში ჩასვლა. სპორტული ვიზა გავაკეთე. სპორტსმენი არ ვარ, მაგრამ გამიკეთეს. ფული ვისესხე და წამოვედი - 1050 ევრო გადავიხადე. ფული იმათ გადავუხადე, ვინც აკეთებს ვიზას. თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩასაბარებლად მოვდიოდი.
მე მაქვს მიზეზი, რის გამოც გერმანიამ უნდა შემიფაროს - პოლიტიკურია უფრო, `ნაციონალების~ წევრი ვარ და პრობლემებს მიქმნიდნენ. ინტერვიუშიც ვუთხარი, რომ პოლიციისგან ვარ დევნილი. არ მასვენებდნენ. ორჯერ გამომაგდეს საქართველოში სამსახურიდან დაგვიანების გამო. მშენებლობაზე ვმუშაობდი. ორ-ორი სამ-სამი საათი მაგვიანდებოდა იმიტომ, რომ პოლიცია მაჩერებდა - გინდა თუ არა დაგიჭერთ, ამას გიზამთ იმას გიზამთო. მეც და ჩემს ძმასაც. ჩემი ძმა ვერ წამოვიდა.

აქ ყოველ კვირას 30 ევროს გვიხდიან. 10 წუთი დამაგვიანდა და ეს 30 ევრო არ მომცეს. მაგის შედეგია ეს გადაჭრილი ხელი, ჭკუიდან გადამიყვანეს. თანხას მხოლოდ ხუთშაბათობით გასცემენ. თუ დაგაგვიანდა, მერე ვეღარ მიიღებ.

მე თუ არ მაძლევთ, მაშინ სად მიდის ეს ფული მითხარით-მეთქი და უფროსმა და ადვოკატმა დამცინეს. მიგროვებენ და მერე მომცემენ თუ რა? ვეუბნები სიგარეტი მინდა მოვწიო. საკვების მხრივ ისეთი მდგომარეობაა აქ, ბებიაჩემი კახეთში ღორს არ აჭმევს. ამათ საჭმელს ვერ ვჭამ... ვაგროვებთ ფულს და პროდუქტს ვყიდულობთ, ადამიანური კვება რომ გვქონდეს. რითი ვიყიდო? მაშინ უნდა წავიდე და მოვიპარო ხომ? არ მაქვს, რომ ვჭამო.

ქართველებს არ გვწყალობენ - გვეუბნებიან, რომ 2016 წლიდან თურმე საქართველო დაცული ქვეყნების სიაში ყოფილა. „სალაგერო“ ცხოვრებას გაგატარებინებენ, - 7-9 თვე ან ერთი წელი და მერე დაგარეპორტებენ. მეც მეუბნებიან სტოპი [ნებაყოფლობითი უარი გრძელვადიან თავშესაფარზე] დაწერეო. თუ არ დაწერ სტოპს, ეგრევე დეპორტს გაძლევენ. 40 წუთში როგორ შეიძლება ადამიანს ნეგატივი მისცე, როცა საათნახევარი ინტერვიუს გაბარებს. თუ დამარეპორტებენ, საქართველოში პრობლემები მომიგვარდება? იძახიან, გადავამოწმეთ და არაფერი ისეთი არ არის, მძიმე ინტერვიუ არ გაქვსო. რა მაინც და მაინც მოსაკლავად უნდა მსდევდნენ, დანას უნდა მირტყამდნენ თუ რა?

გერმანიაში ქართველების ქურდობაზე თუ გამიგია რამე? - გამიგია, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართველებს რომ აბრალებენ მხოლოდ, ქართველებზე მაგარი მომპარავები არიან სირიელები - 70 წლის ბებრებიც კი იპარავენ.

ცოლ-შვილი საქართველოში მყავს. ჩემი პრობლემების გამო ისინი ჩემს ოჯახში ვერ ცხოვრობენ, მაგრამ მე მაინც ვერ დავბრუნდები საქართველოში.

„საქართველოში რომ წავალთ, მერე უარესი იქნება“

ქართველი ემიგრანტების თავსესაფრის სასადილო ოთახი. გერმანია, 2016. ფოტო: ეთერ თურაძე

თბილისში ვცხოვრობდით, ვარკეთილში. ჩემი შვილი 7 წლის აქ გახდა. შარშან სექტემბრიდან თებერვლამდე სკოლაში დამყავდა. სკოლაში ჩასველებული მხვდებოდა - მეუბნებოდნენ, ვერ ვიგებთ რა გვითხრაო. იყო დაცინვის და ცემის ფაქტები. ჩვეულებრივ სპეციალკლასებს რომ ვეძახდით, იქ იჯდა ბავშვი. სხვებმა რომ კითხვა დაიწყეს, ამას ხუთი ასოც არ ჰქონდა ნასწავლი. ლექსი ვასწავლე ორსტროფიანი და მასწავლებელმა არ გამოკითხა. გავბრაზდი, რატომ არ ჰკითხე ძლივს ისწავლა ბავშვმა-მეთქი. და რა აზრი აქვს, გავიგებდიო?

აქ 7 მარტს ჩამოვედით. საქართველოში სხვა დიაგნოზი გვქონდა, აქ სხვა დიაგნოზი დაგვისვეს. სამი წელი დიაგნოზს ვერ სვამდნენ. თავიდან დაუნის სინდრომიაო. მერე ცერებრალური დამბლა დაგვიწერეს. მერე აღმოჩნდა, რომ ბავშვს ცერებრალური დამბლის ნიშნები არ ჰქონდა... აქედან გამომდინარე ბავშვს ისეთ მედიკამენტებს ვაძლევდით, რაზეც აქ გვითხრეს, ხმარებიდან ამოღებულიაო. წამლების გამო ბავშვი სრულიად გათიშული იყო. ორ წლამდე არც სიარული შეეძლო და არც საუბარი. მთელი დღეები ეძინა, ძალით ვაღვიძებდით საჭმელი რომ მიგვეცა.

აქ გვითხრეს, რომ ოთხი სახის ანომალია აქვს. ორი განკურნებადია, ორი - განუკურნებელი. ერთ-ერთი ანომალია თვითონ უნდა დაძლიოს ბავშვმა, ზრდაში რომ წავა, ოღონდ მკურნალობისა და მეთვალყურეობის ქვეშ. თუ არ ვუმკურნალეთ, როგორც აქაურმა ექიმმა გვითხრა, ამ დაავადებამ თავის და ხერხემლის ტვინის ჩათრევა იცის.

მაგრამ აქაც მძიმე დღეში ვართ. ექიმთან არ გვაძლევენ „ტერმინს“ [ვიზიტი ექიმთან]. გარე ექიმმა გვითხრა, დიაგნოზს ვერ დავსვამ და ვერც წამლებს დავუნიშნავ თუ MRT არ გვექნებაო. MRT რომ ჩავატაროთ, საჭიროა დაძინება, თავში აქვს დიდი ოდენობით სითხე და კუნთების უნებლიე მოძრაობები ძილშიც კი. როცა ჩამოვედით ორჯერ გაუკეთეს MRT, მაგრამ ახლა ბანაკი აღარ უტარებს. არადა ექიმთან 17-ში მაქვს ტერმინი. რა აზრი აქვს MRT -ს დასკვნის გარეშე მასთან მისვლას.

ახლა კბილებიც ტკივა, საჭმელს ვერ ჭამს. დიაგნოზიდან გამომდინარე კბილებიც დაძინებით უნდა გაკეთდეს, რადგან გამაყუჩებლით არ ჩერდება კუნთების უნებლიე მოძრაობა. ერთი თვის უკან ატკივდა კბილი, მაგრამ გვითხრეს, რომ ექიმთან ვიზიტამდე კიდევ ერთი თვე უნდა მოვიცადოთ.

ვაპირებთ დაბრუნებას თუ არა საქართველოში? - არ ვიცი რას ვიზამთ. უკვე ნეგატივი გვაქვს. აქ სრულფასოვან ადამიანებად არ ვგრძნობთ თავს, მაგრამ საქართველოში რომ წავალთ, მერე უარესი იქნება. ბავშვს დასცინებენ...

„მოჩხუბრები კარგად რომ დალეწავენ ერთმანეთს, შემდეგ ერევა დაცვა“

სასადილო ქართველი ემიგრანტების თავშესაფარში. გერმანია, 2016 ფოტო: ეთერ თურაძე

მეშვიდე თვე დაიწყო აქ ვართ. ჩემი შვილი მეორე კლასში უნდა იყოს, მაგრამ არ დადის სკოლაში. სკოლა რომ ვუხსენეთ, გაოცდნენ, ბანაკში სკოლას რას ითხოვთო.
აქ თურმე სირიელებს უტარებენ გერმანულ ენაში გაკვეთილებს, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით. ადრე, დიუსელდორფში, სხვა ლაგერში როცა ვიყავით, კვირაში 4 დღე გვიტარდებოდა გერმანულის გაკვეთილი.
ბავშვი არც იმ ბანაკში დადიოდა სკოლაში, მაგრამ იქ ფეხბურთზე შეიყვანეს, სერიოზული სტადიონი ჰქონდათ. იქ უნიკალური პირობები იყო - ოჯახს ინდივიდუალური ოთახები მოგვცეს. ბავშვი საჭმელს რომ არ შეჭამდა, სხვას სთავაზობდნენ. ხილს აძლევდნენ, ფსიქოლოგი ჰყავდათ. არც ექიმთან წასვლა იყო პრობლემა. თანამშრომლები ზრუნავდნენ იმაზე, რომ ბავშვი არ ყოფილიყო ცუდად.
ჯერჯერობით აქაც ცალკე ვართ, თუმცა ჰქონდათ მცდელობა, ჩვენს ოთახში ალბანელების ოჯახი შემოესახლებინათ - ცოლ-ქმარი და ბავშვი. არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება კაცი შემოგისახლონ.

აქ საჭმელზეც კი არ შევდივართ. ჩუმად „პლეტა“ შემოვიტანეთ და თვითონ ვამზადებთ. თუ შემოგისწრეს, რომ საჭმელს აკეთებ, წაგართმევენ. პურის შემოტანაც კი არ შეიძლება. ის 30 ევრო, რასაც გვაძლევენ, ზოგჯერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ბავშვისთვის პურს, ვაშლს ან ნაყინს ვყიდულობ.

ხომ იცით, გერმანელები ქუჩაში რომ ტოვებენ ნივთებს, ჰოდა ასე ვიპოვეთ მაცივარი, რომელიც გვინდოდა შემოგვეტანა, მაგრამ მაგის გამო იმხელა წიოკი იყო, ვერც კი წარმოიდგენთ.

ბანაკში ჩხუბიც ხშირია. არიან „სეკიურიტები“, თანამშრომლები, მაგრამ მოჩხუბრები რომ კარგად დალეწავენ ერთმანეთს, მაგის შემდეგ ერევიან საქმეში.

მე, პირადად, საქართველოდან იმიტომ წამოვედი, რომ ბანკიდან სესხი მაქვს გამოტანილი, ქმარი მყავდა ავად. სახლი ვერ დავიხსენი. ქმარი გარდამეცვალა. ბავშვს აქვს სტრესი მამის გამო, იმის გამო, რომ შეიძლება სახლი დავკარგოთ. ორჯერ დანა აიღო, თავს მოვიკლავო. მინდა აქ ვიმუშავო, ბავშვი ექიმთან მივიყვანო. 7 წლის ბავშვს რა უნდა ავუხსნა. არ მინდა აქ მუდმივი ბინადრობა.

ამის მიუხედავად რატომ არ ვბრუნდები საქართველოში? - ასე ვიტყვი: წინ წყალი მაქვს და უკან მეწყერი. იქ რომ ჩავიდე ბავშვი დამეღუპება.

ეს სადეპორტო ლაგერია - ბოლო დროს საქართველოს მოქალაქეებზე მოკვლევასაც კი არ ატარებენ, ისე გვაძლევენ ნეგატივს. ინტერვიუებსაც ფორმალური სახე აქვს. ასე გაიძულებენ, რომ წახვიდე. ქართველებისთვის მდგომარეობა 3 თებერვლიდან გართულდა. მაშინ აქ იყო კვირიკაშვილი და თქვა - საქართველოს ისე არ უჭირს, მისი მოქალაქეები აქ რომ ჩამოდიოდნენო. წულუკიანმაც თქვა, გამოუშვით ქართველები და ჩვენ დავაფინანსებთო. აი, ასე გვექცევა ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანაში ისეთი პირობები შექმნა, რომ არ დაგვედგომება.

Leave a Reply

Your email address will not be published.