ახალი ამბები

რას წარმოადგენს “ჯაველინი”

5 თებერვალი, 2018 • 18760
რას წარმოადგენს “ჯაველინი”

მიმდინარე წლის 23 იანვარს საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან “ჯაველინის” ტანკსაწინააღმდეგო სისტემები მიიღო. 410 რაკეტა და 72 გამშვები ბლოკი საქართველოს 75 მილიონი დოლარი დაუჯდა. თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას თქმით, შენაძენი უსაფრთხო ადგილასაა განთავსებული და მომავალში ქართველ სამხედროებს ახალი შეიარაღების ასათვისებლად გადაამზადებენ.

საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად აღნიშნული სისტემების შეძენის მნიშვნელობაზე არაერთგზის უსაუბრია როგორც ქართულ, ისე ამერიკულ მხარეს. თუმცა, მაინც რას წარმოადგენს “ჯაველინი” წმინდა სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით და რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს თავდაცვისთვის?

“ნეტგაზეთი” მოკლედ წარმოგიდგენთ სისტემის ძირითად მახასიათებლებს:

როგორ შეიქმნა “ჯაველინი” და რას წარმოადგენს ის?

აშშ-ის თავდაცვის უწყებამ 1989 წელს მიიჩნია, რომ ანტისატანკო სისტემამ “SD47 DRAGONS” საკუთარი თავი ამოწურა. ასე მიიღეს გადაწყვეტილება ახალი, მეტად ეფექტური და გრძელვადიან პერსპექტივაში გამოყენებადი სისტემის, “ჯაველინის” შექმნის შესახებ.

სისტემა აშშ-ის სამხედრო შეიარაღების სრულფასოვანი ნაწილი 1996 წლიდანაა. “ჯაველინის” ეფექტი ვაშინგტონმა ყველაზე ფართოდ 2003 წელს, ერაყის ომის დროს გამოსცადა. იმ დროისთვის უახლესი რაკეტები გაუშვეს ავღანეთშიც, “თალიბანის” წინააღმდეგ. სისტემებს აშშ-ის გარდა 20-მდე ქვეყანა ფლობს საქართველოს ჩათვლით.

“ჯაველინი” ხელით გადასატანი სარაკეტო სისტემაა, რომელსაც აშშ-ის არმია და საზღვაო ქვეითი შენაერთები იყენებენ მოწინააღმდეგის ტანკების წინააღმდეგ. თავდაცვითი სისტემა მოქმედებაში მოჰყავს ორ ადამიანს – მსროლელსა და აღჭურვილობით მომმარაგებელს. თუმცა საგანგებო ვითარებისას პროცესში მხოლოდ მსროლელის მონაწილეობაცაა დაშვებული. სისტემა სამი მთავარი ნაწილისგან შედგება: გამშვები ბლოკი, მასზე წინიდან მიმაგრებული გამაერთიანებელი და თავად რაკეტა.

გამშვები ბლოკი დღისა და ღამის ხედვის მოწყობილობასთან ინტეგრირდება და უზრუნველყოფს სამიზნის განადგურებას რიგ გარემოებათა მიუხედავად, მათ შორის უამინდობის პირობებშიც.

გამაერთიანებელი ნაწილი ბლოკის წინა ნაწილში მდებარეობს. ის “ჯაველინის” ერთ-ერთი მთავარი და მეტად ჭკვიანი ნაწილია, რომლის მთავარი დანიშნულება კონკრეტული ობიექტის მიზანში ამოღებაა. გამაერთიანებელს გააჩნია ხედვის სამი მიმართულება – სამიზნის პოვნა, დამიზნება და ცეცხლის გახსნა.

“ისროლე და დაივიწყე” და სხვა უპირატესობები

“ისროლე და დაივიწყე”

ერთ-ერთი  უნიკალური ფუნქციის – თერმული ხედვის მეშვეობით რაკეტა გაშვებიდან სამიზნის განადგურებამდე თავად მართავს საკუთარ თავს. სწორედ ამიტომ ჰქვია”ჯაველინის” საკვანძო ტექნოლოგიას “ისროლე და დაივიწყე”(Fire-and-Forget). მსროლელს არ მოეთხოვება, სამიზნის განადგურებამდე მართოს რაკეტა და საწყის პოზიციაში დარჩეს, არამედ საშუალება ეძლევა, სწრაფად მიიღოს თავდაცვითი ზომები, რაც საპასუხო შეტევის ეფექტიანობის შანსებს ამცირებს.

სროლის მანძილი

“ჯაველინის” სისტემის რაკეტის გასროლის მანძილი სტანდარტულად 2 კილომეტრს აღწევს, თუმცა 2013 წელს ჩატარებულ ერთ-ერთ გამოცდაზე რეკორდული მაჩვენებელი- 4 750 მეტრი დაფიქსირდა. ამ შედეგით ის  წინამორბედთა უმრავლესობას(M47 DRAGON, SRAW, BGM-71 TOW, AGM-114 Hellfire) აღემატება.

პორტატულობა

საქართველოს შეიარაღებული ძალების არსენალში  არსებულ ყველა მოდელის ტანკსაწინააღმდეგო სისტემას (უკვე “ჯაველინის” გარდა) სამფეხა სადგამი სჭირდება, რაც საბრძოლო მოქმედებების დროს მოქმედების სისწრაფესთან წინააღმდეგობაში მოდის. ამასთანავე, სადგამიანი სისტემა უნდა მოერგოს კონკრეტული ტიპის რელიეფს, რათა გასროლა განხორციელდეს. “ჯაველინი” კი, როგორც თავში აღვნიშნეთ, ხელით გადასატანი მოწყობილობაა, რომელიც მოქმედებაში ორ ადამიანს ყოველგვარი სადგამისა და დაფიქსირების გარეშე მოჰყავს.

გადამწყვეტი მოქმედება მოწყობილობის გარეთ

“ჯაველინის” ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა რაკეტის “ძრავია”, რომელიც სრული დატვირთვით გამშვები ბლოკის გარეთ ამოქმედდება. მარტივად რომ ვთქვათ, ის ჯერ ტოვებს გამშვებს და შემდგომ იკრებს მაქსიმალურ სიჩქარეს. ასე, ერთი მხრივ, სროლისას გამოტყორცნილი კვამლის ინტენსივობა მცირდება, მეორე მხრივ კი, ბიძგი მსროლელის მიმართ. აღნიშნული დეტალი საშუალებას იძლევა, შეტევა დახურული სივრციდანაც განხორციელდეს.

სისტემის უარყოფითი მხარე

ფასი

“ჯაველინის” ერთ-ერთი უმთავრესი უარყოფითი მხარე არც მის აგებულებას უკავშირდება და არც მოქმედების ეფექტურობას. ესაა სიძვირე – ფასი, რომელიც 200 000$-ს სცდება; აქედან მხოლოდ რაკეტის ღირებულება 80 000$-ს აღწევს. თუმცა მეორე საკითხია ის, თუ რამდენად უნდა გაგვიკვირდეს მოცემული ციფრები, როცა აღნიშნულi სისტემა შექმნიდან მალევე, ექსპერტთა აზრით, ტანკების ერთ-ერთი მთავარ მტრად იქცა.

მცირე ტექნიკური დეტალები

მიუხედავად მსგავსი შესაძლებლობებისა, დღის წესრიგში მაინც დგას გარკვეული ტექნიკური ბარიერები. მათ შორის სისტემის მძიმე წონა(22 კგ+), სითბური ხედვის სისტემის მოქმედებაში მოყვანის ხანგრძლივობა(დაახლ. 30წმ.) და ა.შ.

"ჯაველინი" მოქმედებაში. ფოტო: commons.wikimedia.com

მასალების გადაბეჭდვის წესი