ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მოქმედების დროს. ფოტო: Military.com

“ჯაველინების” ტანკსაწინააღმდეგო სისტემა საქართველოშია

“ჯაველინების” ტანკსაწინააღმდეგო სისტემები უკვე საქართველოშია. აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი სამინისტროში მიიღო. უწყების პრესსასმახურის ცნობით, სისტემების გადმოცემის საკითხის გარდა, მხარეებმა ორი ქვეყნის მიერ თავდაცვის სფეროში განხორციელებული ერთობლივი პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გზებზე იმსჯელეს.

“განვიხილეთ ჯაველინების სისტემის შეძენის საკითხი; პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. საქართველში ჯაველინების სისტემა უსაფრთხო ადგილასაა განთავსებული და ახლო მომავალში დავიწყებთ მომზადებას იმისთვის, რომ ჩვენმა სამხედროებმა შეძლონ იმ უნარების დაუფლება, რაც ამ სისტემის გამოყენებისთვის არის საჭირო”, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობა ქვეყნის წარმატებასა და თავდაცვისუნარიანობაზეა დამყარებული, რათა ყველა შესაძლო გარე შემოტევა აღიკვეთოს:

“ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი პრინციპია ის, რომ იყოს წარმატებული. ამისათვის მას უნდა გააჩნდეს ძალიან ძლიერი თავდაცვითი შესაძლებლობები, რაც საშუალებას მისცემს, შეაკავოს აგრესია და გარე ძალები, რომლებიც ქვეყანას ზიანს აყენებენ”.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვისა და უსაფრთხოების სააგენტომ  გასული წლის 17 ნოემბერს გასცა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც კონგრესს “ჯაველინის” სისტემის შესაძლო გაყიდვის შესახებ ეცნობა. თავის მხრივ, საკანონმდებლო ორგანომ დოკუმენტი დაამტკიცა, რის შემდეგაც ტანკსაწინააღმდეგო სისტემების საქართველოსთვის გადმოცემის საკითხი საბოლოოდ დამტკიცდა.

სააგენტოს ცნობითვე, საქართველოს მთავრობის მიერ მოთხოვნილი ტექნიკის ტრანსპორტირების, ლოჯისტიკის და ტექნიკური დახმარების აღმოჩენისთვის საჭირო ხარჯების გათვალისწინებით, შესყიდვის ჯამური ღირებულება 75 მილიონი დოლარი იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან