კატალონიის რეფერენდუმის გავლენა – სამხრეთ კავკასია საერთაშორისო მედიაში

აზერბაიჯანში კვლავ გრძელდება ჟურნალისტების და აქტივისტების შევიწროება; საქართველო, უსაფრთხოების მიზნით, ლეილა მუსტაფაევამ დატოვა; კატალონიის რეფერენდუმი და აფხაზეთის გააქტიურება; აფხაზეთისა და საქართველოს ურთიერთობების გავლენა Nutella-ს პროდუქციაზე; საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელშემწყობი ფაქტორები –  სამხრეთ კავკასიის რეგიონში მომხდარი ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც საერთაშორისო გამოცემებმა ოქტომბერში ყურადღება გაამახვილეს.  

 

აზერბაიჯანი – საერთაშორისო გამოცემების ფოკუსში კვლავ ადამიანის უფლებების დარღვევაა

ფიკრეტ ჰუსეინლი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, 2017 წლის 14 ოქტომბერს კიევში, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააპატიმრეს, როდესაც დუსელდორფში გასამგზავრებლად ემზადებოდა. მან ამის შესახებ მეგობრებისთვის ფეისბუქის საშუალებით შეტყობინება მოასწრო. უკრაინის უფლებადამცველთა ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანის ექსტრადაციის მოთხოვნა ადგილობრივმა სასამართლომ მაინც უნდა განიხილოს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც გამოცემა Eurasianet.org-ი წერს, ჰუსეინლის დაკავება იწვევს შიშს იმის გამო, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე სულ უფრო მეტად დაუცველი ხდება იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც აზერბაიჯანის ხელისუფლებას უპირისპირდებიან.

ერთი წლის განმავლობაში პოსტსაბჭოთა სივრცეში (უკრაინა და ბელარუსი) ორი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დააკავეს, საქართველოდან კი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაიტაცეს.

აზერბაიჯანელი აქტივისტის, ემინ ჰუსეინოვის ორგანიზაციამ, IRFS-მა (The Institute for Reporters’ Freedom and Safety) უკრაინის ოფიციალურ პირებს ჰუსეინლის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, “შეაჩერეთ ავტორიტარული ქვეყნების რეპრესიული ნაბიჯები, რომლებიც მიზნად საზღვარგარეთ მცხოვრები კრიტიკოსების დაშინებას ისახავს”, – ნათქვამია მათ განცხადებაში

საქართველო დატოვა აზერბაიჯანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა ლეილა მუსტაფაევამ. ლეილა მუსტაფაევა საქართველოდან გატაცებული აზერბაიჯანელი, ასევე, საგამოძიებო ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ცოლია. ლეილა მუსტაფეავასა და მისი ადვოკატის განცხადებით, მისთვის საქართველოში დარჩენა არ იყო უსაფრთხო, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ მას და მის შვილს თბილისში იგივე ხალხი უთვალთვალებდა, ვინც აფგან მუხთარლის, გატაცებამდე.

აზერბაიჯანში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული კიდევ ერთი თემა მოხვდა საერთაშორისო გამოცემებისა და ორგანიზაციების ოქტომბრის ანგარიშებში. HRW.org-ის ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანში პოლიციამ ძალადობრივი კამპანია ჩაატარა, რომელიც გეი, ბისექსუალი ან ტრანსგენდერი ქალების დაპატიმრებასა და წამებაში გამოიხატებოდა. როგორც ანგარიშში წერია, ხელისუფლების წარმომადგენლებმა არც კი უარყვეს აღნიშნული დევნა, მათი უფლებების დარღვევა და ეს ფაქტი მორალითა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საბაბით გაამართლეს.

“აზერბაიჯანში სექსუალური და გენდერული უმცირესობის წინააღმდეგ გამართული რეიდების გასამართლებლად, ე.წ. ტრადიციული ღირებულებები გამოიყენეს”, – ამბობს გრეიმ რიდი, ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერთა უფლებადამცველი, Human Right Watch-თან.

როგორც Human Rights Watch წერს, საფუძვლიანი დამოუკიდებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს და მან, ვინც თვითნებურ დაპატიმრებებში, კერძოდ, წამებასა და სხვა არასათანადო მოპყრობაშია დამნაშავე, პასუხი უნდა აგოს.

ევროსაბჭომ ულტიმატუმი წაუყენა აზერბაიჯანს

ევროპის საბჭო ოფიციალურად დათანხმდა, მიიღოს სარჩელი აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომელიც აზერბაიჯანელი ოპოზიციონერის ციხიდან გათავისუფლებაზე უარს შეეხება. ინფორმაციას politico.eu ავრცელებს.

საქმე ეხება აზერბაიჯანელ ოპოზიციონერს, მოძრაობა რესპუბლიკური ალტერნატივის (ReAL) ლიდერს, ილგარ მამადოვს, რომელიც 2013 წელს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა. მამადოვი ამავე წლის თებერვალში ანტისახელისუფლებო აქციის დროს დააკავეს. 2014 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მამადოვის დაკავება ადამიანის უფლებათა შელახვა იყო, თუმცა ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება.  

“დადგა დრო, აზერბაიჯანი სერიოზულად დაფიქრდეს მის, როგორც ევროპის საბჭოს წევრის ვალდებულებებზე და იმაზე, სურს თუ არა ამ ვალდებულებების შესრულება”, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიონ იაგლანდმა.

აფხაზეთი და კატალონია

კატალონიის რეფერენდუმის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრმა ესპანეთის მთავრობა გააკრიტიკა. ამ საკითხით საერთაშორისო გამოცემა eurasianet.org დაინტერესდა, რომელსაც სტატიაში ციტატად აფხაზური მხარის განცხადება მოჰყავს.

“ამჟამად კატალონიაში მიმდინარე მოვლენები ძალიან ჰგავს აფხაზეთის 90-იანი წლების ამბებს. აფხაზეთი, როგორც ამჟამად კატალონია, საკუთარი დამოუკიდებლობის უფლება მშვიდობიანი გზით დაიცვა და საქართველოსთან ყველა წინააღმდეგობის მოგვარებას სამართლებრივი გზით ცდილობდა. საპასუხოდ, საქართველომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია გამოიყენა და აფხაზეთში სისხლიანი ომი მოხდა”, – ნათქვამია აფხაზური მხარის განცხადებაში.

კატალონიის რეფერენდუმს არც ცხინვალში აუარეს გვერდი.

ცხინვალი ბარსელონაში, სადაც ესპანეთის შემადგენლობიდან გამოყოფის რეფერენდუმი ჩატარდა, წარმომადგენლობითი ოფისის გახსნის შესახებ განცხადებას აქვეყნებს. ამ განცხადებას ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და განმარტა, რომ ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს და, შესაბამისად, მას ვერ ექნება რომელიმე სახელმწიფოში წარმომადგენლობის ქონის უფლება.

ბარსელონაში ჩატარებული რეფერენდუმის ლეგიტიმაციას ოფიციალური მადრიდი არ აღიარებს.

შემოდგომა სოხუმში; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა. 2017

 

საქართველო და აფხაზეთი Nutella-ს საქმიანობას ართულებენ

Economist.com-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელიც საქართველოსა და აფხაზეთის ერთობლივ ბიზნესსა და შესაძლო სირთულეებს შეეხება. საუბარია Nutella-ს ბიზნესზე. რას წერს საერთაშორისო გამოცემა, ვრცლად წაიკითხეთ ნეტგაზეთზე.

 

აშშ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საჭიროებაზე

Thehill.com-ი აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით “ახალი აბრეშუმის გზა: აშშ-ს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სჭირდება” (The new silk road: The US needs a free trade deal with Georgia).

“საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გასაღრმავებლად მომავალი ლოგიკური ნაბიჯი თავისუფალი ვაჭრობაა. ეს საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას შეუწყობდა ხელს, ხოლო აშშ-ის კომპანიებს ევრაზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროკავშირში ახალ და დინამიკურ მარშრუტს მისცემს.

საქართველოსა და აშშ-ის კავშირი თავდაპირველად გეოპოლიტიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდას ეფუძნებოდა. შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა, რომელიც ამერიკელ ინვესტორებს მზარდი ბაზრის პირობებს შესთავაზებს. ეს ორივე ქვეყნის ეკონომიკისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად პრიორიტეტი უნდა იყოს”,  – წერს გამოცემა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დავით ოქროპირიძე