ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ დევნის აზერბაიჯანის პოლიცია გეებსა და ტრანსგენდერებს

5 ოქტომბერი, 2017 • 4512
რატომ დევნის აზერბაიჯანის პოლიცია გეებსა და ტრანსგენდერებს

2017 წლის 15 სექტემბრიდან ბაქოში გეების და ტრანსგენდერების მასობრივი დაკავებები დაიწყო. ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცემების ინფორმაციით, პოლიციის რეიდების დროს, დაახლოებით 50 გეი და ტრანსგენდერი დააკავეს, რომელთა უმეტესობაც სარდაფებში ჰყავდათ დამწყვდეული, აწამებდნენ და “მათნაირების გაცემას” მოითხოვდნენ . დაკავებულთა უმეტესობას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილი კი მხოლოდ ქრთამის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

აზერბაიჯანის სამართალდამცველი ორგანოების ცნობით, დაკავებულთა რიცხვი ასამდეა, ხოლო პოლიციის დევნის ქვეშ 150 ადამიანზე მეტი მოხვდა.

აზერბაიჯანის ლგბტ თემის წარმომადგენლები სოციალურ ქსელებში აცხადებენ, რომ დაკავებები დღემდე გრძელდება.  დახურულ ჯგუფებში წევრები ერთმანეთს აფრთხილებენ, რომ არ გავიდნენ ქუჩებში საწინააღმდეგო სქესის ადამიანის გარეშე, უცხო ნომრებიდან ზარებს არ უპასუხონ და არავისთან ისაუბრონ სექსუალური ორიენტაციის ან გენდერის შესახებ.

აზერბაიჯანული ლგბტ-საზოგადოება Nefes-ის პრეზიდენტი და უფლებადამცველი, ჯავიდ ნაბიევი, რომელიც გერმანიაშია ემიგრირებული, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლებს აპატიმრებენ ღამის კლუბებში, სადაც მათი შეკრების ძირითადი ადგილია, ასევე, საკუთარ სახლებსა და ბაქოს ცენტრალურ ქუჩებში. მისი თქმით, პოლიციამ გეებსა და ტრანსგენდერებზე “ნადირობა” სწორედ მათი სექსუალური ორიენტაციის გამო დაიწყო.

მეჰრაბ იუნუსოვი 23 წლისაა. ის გეია. იუნუსოვი პოლიციამ გეი მეგობრებთან ერთად 2 კვირის წინ დააკავა. როგორც იუნუსოვი ამბობს, მათ სცემდნენ და ელექტროშოკით აწამებდნენ.

“მაწამებდნენ, ტელეფონი დამიმსხვრიეს და თავი გადამპარსეს. მამცირებდნენ და მაშანტაჟებდნენ, რომ ჩემს ოჯახს მოუყვებოდნენ ჩემი სექსუალური ორიენტაციის შესახებ. ამ გზით მათ ჩემი გეი მეგობრების შეკრების ადგილის გაგება სურდათ.” – ამბობს მეჰრაბი.

მეჰრაბის თქმით, პოლიცია მას და “მისნაირებს” ქვეყნის დატოვებას სთხოვდა. მეჰრაბი და რამდენიმე დაკავებული პოლიციამ ერთ კვირაში გაათავისუფლა. გათავისუფლებისას მან შეიტყო, რომ მისი მეგობარიც ელექტროშოკით აწამეს.

სამად ისმაილოვი უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. ის საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამო რეალურ საფრთხეს გაექცა. ამჟამად ჟურნალ “Minority Azerbaijan”-ის დირექტორია, რომელიც ქვეყნის გარეთ გამოიცემა და ლგბტ პირებზეა ორიენტირებული. ისმაილოვი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ბევრი გეი და ტრანსსექსუალი დააკავეს საკუთარ სახლებში. იმ გარემოებამ კი, რომ ერთად 5-6 ადამიანი ცხოვრობდა, პოლიციას საქმე გაუადვილა.

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა სექსუალური ორიენტაციის მიზეზით ხალხის დაპატიმრება უარყო, თუმცა პრესრელიზში ადასტურებენ, რომ პოლიციის რეიდები იმ ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ ჩატარდა, რომლებიც სექსმომსახურებით იყვნენ დაკავებულნი:

“ბოლო დროს, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები, რომლებიც პროსტიტუციით იყვნენ დაკავებულნი, ქალაქის ცენტრში გარკვეულ ადგილებს იკავებდნენ. მათი ქცევა საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს პოლიციას, ამ პიროვნებების უკანონო ქმედებების აღკვეთის მოთხოვნით და ჩვენც იძულებულნი გავხდით, ზომები მიგვეღო. ამიტომ რეიდი პროსტიტუციით დაკავებული პიროვნებების მიმართ განხორციელდა და არა კონკრეტულად გეი-უმცირესობებზე. სხვათა შორის, გაირკვა, რომ “ქუჩაში მომუშავეების” უმეტესობა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და აივ ინფექციის მატარებელია”, – ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.

სამად ისმაილოვის თქმით, მათ გამომცემლობაში შესულ უამრავ მიმართვაში წერია, რომ ხალხი არა პროსტიტუციის, არამედ მათი სექსუალური ორიენტაციის გამო დააკავეს.

აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო მოძრაობები და აქტივისტები, შეიძლება ითქვას, ადამიანის უფლებების მსგავს დარღვევას უგულებელყოფენ. ლგბტ საზოგადოების დევნაზე არც ერთ პარტიას კომენტარი არ გაუკეთებია. ოპოზიციის წარმომადგენლები პრობლემის ამგვარ უგულებელყოფას იმ ფაქტით ხსნიან, რომ აზერბაიჯანის კონსერვატიულ საზოგადოებას ლგბტ საზოგადოების თემის მიმართ “მგრძნობიარე” დამოკიდებულება აქვს. ოპოზიციური პარტიები ფეისბუქის გვერდებზე წერენ, რომ მათი უმოქმედობის მიზეზი სახელმწიფოა, რომელიც ლგბტ თემის წარმომადგენლებზე თავდასხმებს ოპოზიციის წინააღმდეგ მახედ იყენებენ და იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები გეების შევიწროების შესახებ ისაუბრებენ, ხელისუფლება ამას კონსერვატიული საზოგადოების თვალში მათი დისკრედიტაციისთვის იყენებს.

რატომ დაიწყეს გეების და ტრანსსექსუალების შევიწროება მაინცდამაინც ახლა?! პოლიციის ოფიციალური ვერსიით, იმ გეების და ტრანსსექსუალების, რომლებიც პროსტიტუციით არიან დაკავებულნი, აივ დაავადებებზე შემოწმება მოხდა. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა პოლკოვნიკმა ეხშან ზახიდოვმა ადგილობრივი პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 5 ლგბტ თემის წარმომადგენელს ჰქონდა აივ ინფექცია და სიფილისი. თუმცა ამ ინფორმაციაზე კომენტარს არც აზერბაიჯანის შიდსის ცენტრი და არც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო არ აკეთებს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ერთ-ერთი აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნის შვილი ლგბტ თემის წარმომადგენლისგან შიდსით დაინფიცირდა და სწორედ ამან გამოიწვია რეპრესიები. ადამიანის უფლებათა დამცველთა ორგანიზაციის, Minority Azerbaijan-ის წარმომადგენელმა, გულნარა მეჰტიევამ პრესას განუცხადა, რომ ლგბტ-საზოგადოების მიმართ ამ მასშტაბის დევნა აზერბაიჯანის ისტორიაში პირველია.

აზერბაიჯანში ჰომოსექსუალური კავშირები კანონსაწინააღმდეგოდ არ მიიჩნევა. კანონის წინაშე ლგბტ-საზოგადოების წევრები და ჰეტეროსექსუალები თანასწორი არიან. პროსტიტუცია კი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევა და აღნიშნული დანაშაულისთვის ან პატიმრობა, ან 100 მანათის [59 აშშ დოლარი] ოდენობით ჯარიმაა გათვალისწინებული.

 

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი