ახალი ამბები

ციანიდის საქმის ადვოკატები პროკურატურაში ჩვენებას არ მისცემენ – დაიბარებენ თუ არა ჟურნალისტებსაც?

4 ოქტომბერი, 2017 • 2833
ციანიდის საქმის ადვოკატები პროკურატურაში ჩვენებას არ მისცემენ – დაიბარებენ თუ არა ჟურნალისტებსაც?

ციანიდის საქმის” მასალების მედიაში გავრცელებაზე დაწყებული გამოძიების გამო (სსსკ-ს 374-ე მუხლით) სამი ადვოკატი პროკურატურაში არის დაბარებული, თუმცა, მათი შეთანხმებული პოზიციაა, რომ ჩვენება არა პროკურატურაში, არამედ მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით მისცენ.

სამი ადვოკატი, რომელი უკვე დაიბარა პროკურატურამ, მიხეილ რამიშვილი, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე არიან. გიორგი ფანცულაიამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე სხვა ადვოკატები პროკურატურაში არ დაუბარებიათ.

სხვადასხვა აუდიოჩანაწერი “ციანიდის საქმის” სასამართლო პროცესიდან “რუსთავი 2-“ის და ტელეკომპანია “პირველის” ეთერით გავიდა. “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ პროკურატურას მათთან ჯერ კომუნიკაცია არ ჰქონია, თუმცა, რომც დაუკავშირდნენ, წყაროს გათქმას არ აპირებენ.

“თუნდაც იყოს რაიმე სახის კომუნიკაცია, ჩვენ გვაქვს კანონიერი უფლება, რომ არ გავთქვათ ჩვენი წყარო და, შესაბამისად, არც ვაპირებთ, რომ დავასახელოთ,”- განაცხადა ნოდარ მელაძემ.

გადაცემა “რეაქციის” წამყვანმა, ინგა გრიგოლიამ გუშინ, 3 აგვისტოს, საკუთარ ეთერში განაცხადა, რომ ჯერ მასაც არ დაჰკავშირებია პროკურატურა.

პროკურატურაში უკვე იმყოფებოდა ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. მან განაცხადა, რომ ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს.

“უარს ამ ვამბობ ჩვენების მიცემაზე, მაგრამ მინდა, რომ ჩემი დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს,”- განგვიცხადა მან.

კითხვაზე, ხომ არ აქვს განცდა, ადვოკატებს ბრალი წაუყენონ, მიხეილ რამიშვილი პასუხობს, რომ ადვოკატებს კანონი არ დაურღვევიათ:

“შეუძლებელი არაფერია, მაგრამ მაგასაც დამტკიცება დასჭირდება და თუ საჭიროდ ჩათვლიან, წამიყენონ ბრალი და მერე წაყენებული ბრალდების საფუძვლიანობა თვითონ ამტკიცონ. მე ვიცი, რომ ჩვენ, არც ერთ ადვოკატს, კანონი არ დაგვირღვევია,”- განაცხადა რამიშვილმა.

გიორგი მამალაძის ადვოკატები: გიორგი ფანცულაია, მიხეილ რამიშვილი და მია ზოიძე

გიორგი მამალაძის ადვოკატები: გიორგი ფანცულაია, მიხეილ რამიშვილი და მია ზოიძე

მიხეილ რამიშვილი ფიქრობს, რომ რადგან 2017 წლის მარტში თავად პროკურატურამ გახადა საჯარო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მასალების ნაწილი და თუკი ეს ინფორმაციის გაჟონვად ითვლებოდა, მაშინ თავიდანვე დაეწყოთ გამოძიება, თუ რის საფუძველზე გაასაჯაროეს.

“ეს გასაჯაროება მოხდა 8 მარტს იმიტომ, რომ 9 მარტს იყო სინოდის სხდომა და იმიტომ გაასაჯაროეს, რომ ცუდი ზემოქმედება მომხდარიყო და მამა გიორგის დისკრედიტაცია განხორციელებულიყო,”- აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს 5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დღეს, 4 ოქტომბერს ადვოკატებმა განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.


დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

პორკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა, მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საბოლოოდ სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა მუხლი 18-108-ზე და სწორედ მკვლელობის მომზადებაში ცნო დეკანოზი დამნაშავედ.

თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.

დეკანოზ მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო, ასევე, ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საზოგადოებისთვის უცნობია საქმის მასალები.

სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე, მან თავად განაცხადა პროცესზე დასწრებაზე უარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი