ახალი ამბები

ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებთ მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციაზე გამოძიება დაიწყო 

19 იანვარი, 2021 • 1202
ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებთ მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციაზე გამოძიება დაიწყო 

საქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქე გ.თ-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მასთან მცხოვრებ ნათესავ გოგონას, მ.შ-ს, რომელიც ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე მეურვეობას საჭიროებს და მასთან ცხოვრობს, სისტემატური სატელეფონო ურთიერთობა აქვს თამარ ბაჩალიაშვილის დედასთან, თეონა თამაზაშვილთან და მის ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან, რომლებსაც მცდარ ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, რომ თითქოს იგი თამარ ბაჩალიაშვილს იცნობდა და მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას ფლობს.

“გ.თ-ს ჩვენებით აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას და მ.შ-ს წარმოსახვისა და ფანტაზიის ნაყოფი უნდა იყოს. აღნიშნული ასევე დაადასტურა მოწმის სახით გამოკითხულმა მ.შ-ს ბიძამ ს.ჯ-მ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება. გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის თქმით, დაცვის მხარისთვის არაფერია ცნობილი საქმის ახალი ფიგურანტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, მ.შ-მ მათ სქრინები გამოუგზავნა და ფაქტია, რომ თამართან ჰქონდა მიმოწერა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის და ადვოკატების ინფორმაციით, მ.შ. ბაჩალიაშვილის დედას თამარის გარდაცვალების მერე დაუკავშირდა და უთხრა, რომ ბაჩალიაშვილი მასთნ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ საუბრობდა და სთხოვდა, მე თუ რამე დამემართა, დედაჩემს შენ მიხედეო.

ოჯახის ადვოკატებმა და თეონა თამაზაშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს და თქვეს, რომ სამართალდამცველები საქმის ახალი ფიგურანტის გაჩუმებას მუქარით ცდილობენ.

“პროკურატურის წამომადგენლები ჩავიდნენ [ვანში], პოლიციამ ოჯახის უფროსები დაიბარა და ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა განახორციელეს და ეუბნებოდნენ, რომ ძალადობა მოხდებოდა, პრობლემები შეექმნებოდათ”, – განაცხადა ბაჩალიაშვილის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.


თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, შემდეგ კი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს. ოჯახი თვითმკვლელეობის ვერსიას არ იზიარებს და გამოძიებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებს.

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა, თქვა რა, რომ ადგილი თვითმკვლელობას ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი