ახალი ამბები

შორენა თეთრუაშვილი: დეკანოზ მამალაძეს ქორეპისკოპოსზე მეტი უფლებები მიეცა

30 სექტემბერი, 2017 • 8431
შორენა თეთრუაშვილი: დეკანოზ მამალაძეს ქორეპისკოპოსზე მეტი უფლებები მიეცა

პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი აცხადებს, რომ ილია მეორემ დეკანოზ გიორგი მამალაძეს იმაზე მეტი უფლებები მისცა, ვიდრე მასზე მაღალი იერარქიის პირებს აქვთ.

ილია მეორის მდივან-რეფერენტის სასამართლოში დაკითხვის აუდიოჩანაწერს “რუსთავი 2” ავრცელებს.

“ვიდრე გიორგი მოვიდოდა საპატრიარქოში და იმ ფუნქციით აღიჭურვებოდა, რაც აქ წერია, მანამდე ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ხელს აწერდა ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი. მისი ხელმოწერილი წერილები მიდიოდა ხელისუფლებაში რეაგირებისათვის და იქიდანაც შესაბამისი პასუხი ბრუნდებოდა. ასეთი შეთანხმება იყო, რომ მეუფე იაკობს უნდა გადაეგზავნა ეს წერილები. თუმცა, მანამდე ამ მოვალეობას ასრულებდა მეუფე თეოდორეც, მამა მიქაელ ბოტკოველიც. შემდეგ განისაზღვრა, რომ მეუფე იაკობი იქნებოდა ოფიციალური პირი ამ ხელმოწერებთან დაკავშირებით. უსიამოვნება შეიქმნა მეუფე იაკობსა და იოსებ ოხანაშვილს შორის, ამ უსიამოვნებამ განაპირობა ის, რომ მეუფე აღარ მოდიოდა საპატრიარქოში და ნაწყენი იყო მეუფე იაკობი იმ ურთიერთობით, რომელიც ჩამოყალიბდა მათ შორის. შემდეგ ასე დაისვა საკითხი, რომ ვინ იქნებოდა ეს პირი, რომელიც ხელს მოაწერდა. როგორ გადაწყდა ისე, რომ მამა გიორგი ყოფილიყო ეს პირი, ვერ მოგახსენებთ. მამა გიორგი მამალაძეს შეეძლო, რომ თავისი ფუნქციითაც შემოფარგლულიყო და ისე წარემართა საქმიანობა, რომ მარტო აღრიცხვა და ქონების კლასიფიკაცია ყოფილიყო მისი ფუნქცია. პრობლემა იმან გამოიწვია, რომ მამა გიორგის მიეცა იმაზე მეტი უფლებები, ვიდრე ქორეპისკოპოსს ჰქონდა. ისე გამოდიოდა, რომ მამა გიორგი ზედმეტად გამოირჩეოდა… ამ ადამიანის ამ უფლებებით აღჭურვა ჩაითვალა მისი უფლებების ზედმეტად გაზრდად. თუმცა მას შეეძლო ეს უფლებები არ ჰქონოდა და პრობლემებიც ნაკლები ექნებოდა. შემოსაზღვრულიყო იმ ფუნქციით, რითიც თავიდან დაინიშნა”, – ამბობს შორენა თეთრუაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი