ახალი ამბებისამართალი

დეკანოზი მამალაძე განმარტავს, რა ჩანს მისი პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოებზე

21 სექტემბერი, 2017 • 7490
დეკანოზი მამალაძე განმარტავს, რა ჩანს მისი პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოებზე

ტვ პირველმა დეკანოზ გიორგი მამალაძის დასკვნითი სიტყვის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ პირადი ცხოვრების ამსახველ სურათებს საქმესთან კავშირი არ აქვს, ხოლო პროკურორები მის შინაარსს არასწორი ინტერპრეტაციით წარმოადგენენ.

“მე სპეცილურად არ ჩავუღრმავდი იმ უსირცხვილო, უსამართლო და კანონის უზენაესობის დარღვევის განხილვას, რომელსაც დღიდან ჩემი დაკავებისა და განსაკუთრებით ზოგიერთი მოწმის დაკითხვის წინ კადრულობდნენ პროკურატურის მესვეურები. ვგულისხმობ ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებას მიტროპოლიტ დიმიტრზე და სხვა იერარქებზე. ამის მთავარი მიზანი მათი ჩემდამი დამოკიდებულების შეცვლა და პროკურატურის კითხვებზე სასურველი პასუხების მიღება იყო, რაც არ გამოუვიდათ,” – ამბობს დეკანოზი დასკვნით სიტყვაში.

რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს, გიორგი მამალაძის თქმით, ამას საქმესთან კავშირი არ აქვს, თუმცა ბრალდების მხარე განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას ცდილობდა და სასამართლო პროცესების დახურვა მაინც მოახერხეს.

როგორც დეკანოზი ამბობს, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ მასალებში ნამდვილად არის ისეთი ფოტოები, რომლებზეც შეიძლება ყურადღების მიქცევა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გაარკვიო და არასწორი ინტერპრეტაციით წარმოადგინო.

დეკანოზის თქმით, ამ ფოტოებზე ჩანს:

  • პირველ ფოტოზეა გოგონა ე.წ. პენუარით სათამაშოებთან ერთად. ეს ფოტოები გამოქვეყნებული აქვს თავის სოციალურ ქსელში. მე, როგორც მისმა მეგობარმა და როგორც მღვდელმა, გავაფრთხილე და გადავუგზავნე იმ მოტივით, რომ არ იყო სასურველი მსგავსი ფოტოების სოციალურ ქსელში არსებობა.
  • მეორე ფოტოზე გამოსახულია სტიქაროსანი, რომელიც სამოდელო საქმიანობით არის დაკავებული და რომელსაც თავისივე სოციალურ ქსელში აქვს ფოტოები გამოქვეყნებული. ერთ-ერთმა მოძღვარმა, მამა ანდრია თურმანიძემ გადმომიგზავნა ისინი ინფორმაციისთვის: შენი ტაძრის სტიქაროსანს მსგავსი ფოტოები აქვს გამოქვეყნებული და იქნებ გაესაუბროო.
  • მასამე ფოტო არის პირადად ჩემი, სადაც გოგონას ვკოცნი. რაღაც აღშფოთება გამოიწვია ამან, თითქოს აქამდე არავის ჰქონდეს გოგოსთვის ნაკოცნი. ეს ფოტო არის გადაღებული 2006 წლის ზაფხულში, სანამ სასულიერო პირი გავხდებოდი.
  • მეოთხე ფოტოკოლაჟი გახლავთ ქერათმიანი სექსუალური გარეგნობის გოგონასთან სელფები და მისი ცალკეული ფოტოები.  ეს გოგონა გახლავთ ჩემი დისშვილი მამის პირველი ქორწინებიდან.

გიორგი მამალაძე დასკვნით სიტყვაში მოსამართლეს სთხოვს, რომ მომავალში მაინც უზრუნველყოს პროკურატურის ამაზრზენი ქმედებების აღმოფხვრა. ხოლო დეკანოზის ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს ფოტოები გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი დახურა, რაც ბრალდების მხარეს ჰქონდა მიზნად.

ნეტგაზეთი საქართველოს მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს ბრალდებებზე საპასუხო კომენტარის მოპოვებას. როგორც კი შევძლებთ ბრალდების მხარის პოზიციას ამავე მასალაში შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი