ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თბილისის მერის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობას გეგმავს.
როგორც რამიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ამ თემაზე პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს არ მართავს.
“უკვე დროა, მერი იყოს ხალხის გადაწყვეტილებით არჩეული და ხალხი უნდა წყვეტდეს ყველაფერს. ამიტომ მინდა, დამოუკიდებლად მივიღო მონაწილეობა არჩევნებში”, — ამბობს რამიშვილი.
რამიშვილის თქმით, თბილისის მერობაზე დიდი ხანია ფიქრობს და არჩევნებში მონაწილეობის შეთავაზება ოპოზიციურად განწყობილი, “გარკვეული მეგობართა ჯგუფისგან” 2017 წელსაც მიიღო, თუმცა იმ დროს ე.წ. ციანიდის რეზონანსულ საქმეში იყო ჩართული და უარი განაცხადა.
რაც შეეხება დაფინანსებას, რამიშვილი იმედოვნებს, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც საარჩევნო კამპანიის დაფინანსების თანხებს გამონახავენ.
“იმედია, “სანტა კლაუსი” გამოჩნდება”, — ამბობს რამიშვილი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის შემოდგომაზე იმართება.