ახალი ამბები

სატელიტის ფოტოები მტკიცებულებად არ წარგვიდგენია – რამიშვილი

25 სექტემბერი, 2020 • 953
სატელიტის ფოტოები მტკიცებულებად არ წარგვიდგენია – რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ დავით ფურცხვანიძის მიერ მოწოდებული სატელიტის ფოტოები გამოძიებისთვის მტკიცებულების სახით არ მიუწოდებია. შესაბამისად, მისივე მოსაზრებით, ფურცხვანიძის დაკავება მტკიცებულების ფალსიფიკაციის ბრალდებით არასწორია.

დღეს, 25 სექტემბერს, პროკურატურამ დაადასტურა, რომ დააკავეს დავით ფურცხვანიძე – “ადამიანი, რომელმაც ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს სატელიტის გაყალბებული ფოტოები მიაწოდა”.

დავით ფურცხვანიძეს ბრალად ედება “მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია და პირადი მოტივით, მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის მიწოდება”.

“მთავარ არხთან” საუბრისას რამიშვილი დაკავებას გამოეხმაურა და თქვა, რომ პროკურატურა თავის განცხადებაში იტყუება.

“პროკურორმა ბრძანა, რომ თითქოსდა, [ფოტომასალა]როგორც მტკიცებულება, ისე წარვადგინე – ეს არის სიცრუე. არანაირი მტკიცებულების ფორმით არ წარმიდგენია მე. მე წარვადგინე, როგორც ინფორმაცია”, – ამბობს რამიშვილი.

მისი განმარტებით, მტკიცებულების წარდგენას თავისი წესი აქვს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი  – “მე წარვადგინე ინფორმაცია, როგორც ყველა ავრცელებს მას ისე, რომ არანაირი მტკიცებულების ფორმით ეს ყველაფერი არ წარდგენილა. ეს იყო ჩვეულებრივი რიგითი ინფორმაცია, როგორ ინფორმაციასაც მე ვაწვდი გამოძიებას, როგორ ინფორმაციასაც ნებისმიერი ადამიანი ავრცელებს,“.

რამიშვილი ამბობს, რომ როგორც ინფორმაციის მიმწოდებელი, ფურცხვანიძე წყაროა, გამოძიების საქმეა, რომ ეს ინფორმაცია გამოიკვლიოს და შეისწავლოს. თუმცა, მისი შეფასებით, ამის ნაცვლად გამოძიება იმითაა დაკავებული, რომ “ამ საქმეში ჩართული პირები დაადგინოს”.

ადვოკატი ყვება, რომ ფურცხვანიძე ამერიკაში წასვლას აპირებდა, სადაც მისთვის ფოტომასალა უნდა მიეწოდებინათ, მას არანაირი ბრალი არ მიუძღვის და, შესაბამისად, მისი დაკავება დაუსაბუთებელია.

“მას არანაირი ბრალი არ მიუძღვის, თუ თავის შვილს გაუგზავნა ან გააყალბა, ეს მტკიცებულებად ვერ წარდგება… სამართლებრივად მას არაფერი გაუყალბებია მტკიცებულების ფორმით, ასე შეუძლია ნებისმიერ ადამიანს თავის სახლში გააკეთოს კოპირება ნებისმიერი სურათის, დადოს სახლში ან გაუგზავნოს მეგობრებს. ეს მე გავასაჯაროვე, მაგრამ მტკიცებულების ფორმით არ მიმიტანია გამოძიებასთან. მე ინფორმაცია მივაწოდე, რადგანაც ადამიანმა მე ის მომაწოდა”, — აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე თქმით, ამით გამოძიებას ხელი არ შეშლია და ნებისმიერი ინფორმაცია, სანამ მტკიცებულების სახით საქმეს დაერთვება, თავად გამოძიებამ უნდა გადაამოწმოს.

“ყველა ჩვენება უტყუარად მაშინ დასტურდება, როდესაც ჩატარდება მოკვლევა და როდესაც მოსამართლე თავისი შინაგანი რწმენით შეაფასებს. ყველა ჩვენება შეიძლება არსებითად შეიცვალოს, რისი არაერთი მაგალითიც გვქონია. მაშინ ყველა ჩვენების შემცვლელი პასუხისგებაში უნდა წავიდეს. სამწუხაროდ, აქაც შერჩევითი სამართალია, როდესაც უნდათ პასუხისგებაში უშვებენ, როდესაც უნდათ – არ უშვებენ”, – განაცხადა რამიშვილმა.

რამიშვილი ასევე ამბობს, რომ თუ საგამოძიებო უწყება სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებს მოიძიებს და 18-დან 22 ივლისის ჩათვლით ავტომობილი იქ იდგება, მაშინ ადვოკატი და ოჯახი აღიარებს, რომ ისინი შეცდნენ – “თუმცა ვერ მოიძიებენ იმიტომ, რომ არ არსებობს“.

“შემდეგი რიგში დასაკავებლად ვდგავარ მე, ახლა მე ჩამომიშორებენ და ჩემ პიროვნებას ჩამოაშორებენ ამ საქმეს. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული. მაგისიც არ მეშინია, მზად ვარ მე“, – თქვა რამიშვილმა.

ვინ არის პირი, ვინც რამიშვილს „სატელიტის კადრები“ მიაწოდა

მასალების გადაბეჭდვის წესი