ახალი ამბები

მუხთარლის საქმე მნიშვნელოვანია საქართველოს რეპუტაციისთვის – ბრიტანეთის ელჩი

19 სექტემბერი, 2017 • 2058
მუხთარლის საქმე მნიშვნელოვანია საქართველოს რეპუტაციისთვის – ბრიტანეთის ელჩი

ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტმა Impact bar Tbilisi-ში საზოგადოებასთან შეხვედრისას აფგან მუხთარლის საქმეზე ისაუბრა. დარბაზიდან დასმული კითხვის საპასუხოდ ელჩმა აღნიშნა, რომ საქმის დეტალებს კარგად არ იცნობს, თუმცა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შესაძლო გატაცების გამოძიება ქვეყნის რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანია.

„ეს არის ინდივიდუალური საქმე და მე მას სათანადოდ არ ვიცნობ. მუხთარლის შემთხვევაში, ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ ვწუხვართ მომხდარის გამო. ერთია, რომ შეიძლება, ინდივიდუალურად განიცდიდე ფაქტს და მეორეა, როცა წუხარ საქართველოს რეპუტაციაზე. საქართველოს აქვს კარგი მდგომარეობა ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის კუთხით. თუ გვექნება რაიმე სახის გაუარესება, რეპუტაციის აღდგენის პროცესი იქნება ძალიან რთული. კიდევ ერთხელ ვამბობ, აღნიშნულ საქმეს კარგად არ ვიცნობ, თუმცა ის მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდუალურ კონტექსტში, ისე ქვეყნის რეპუტაციის კუთხით“, – განაცხადა ჯასტინ მაკენზი სმიტმა

ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში აუდიტორიის კითხვებს საქართველო-ბრიტანეთის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების, ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებისა და სხვა საკითხების შესახებაც უპასუხა.

აფგან მუხთარლის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას ადვოკატმა დღეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ შესაძლო ახალი დანაშაულის მზადების შესახებ განაცხადა. საქმე შეეხება ლეილა მუსტაფაევასა და მისი ადვოკატის მიერ დღეს, 19 სექტემბერს გასაჯაროებულ ფოტო და ვიდეომასალას, სადაც რამდენიმე პირი ჩანს. ლეილა მუსტაფაევა ვარაუდობს, რომ ეს პირები მას და მის მცირეწლოვან შვილს თბილისში უთვალთვალებენ. შესაბამისად, მან და მისმა ადვოკატმა ვიზუალური მასალა საქართველოს პროკურატურაში 2017 წლის 7 აგვისტოს შეიტანეს.

დღესვე საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ შესაძლო დანაშაულს იძიებს.

აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 29 მაისს გაუჩინარდა. გამოძიება შსს-მ 30 მაისს, მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადების საფუძველზე დაიწყო. მუხთარლის დაკავებას მწვავე რეაქცია და პროტესტი მოჰყვა საზოგადოების, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების მხრიდან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი