ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოდან ციხეში — აზერბაიჯანელი აქტივისტების ისტორიები

19 ივნისი, 2019 •
საქართველოდან ციხეში — აზერბაიჯანელი აქტივისტების ისტორიები

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეპრესიულ რეჟიმს საქართველოში ათობით აქტივისტი და ჟურნალისტი გამოექცა. თავიდან მათ თბილისი უსაფრთხო სივრცედ წარმოედგინათ, თუმცა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის „გაუჩინარებისა“ თუ სხვების აზერბაიჯანის ციხეებში აღმოჩენის შემდეგ, ეს ხატი გაუფერულდა. იმედგაცრუებულმა დისიდენტებმაც თანდათანობით ქვეყნის დატოვება დაიწყეს.

ნახეთ ბოლო წლებში რამდენიმე აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის გახმაურებული (და ნაკლებად გახმაურებული) საქმე. შეიცვალა თუ არა რამე ბოლო თვეებში?

თბილისის აქციებიდან აზერბაიჯანის ციხეში

18 ნოემბერი, 2016 წელი: ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, ბლოგერი მეჰმან გალანდაროვი, აქტივისტები, ვიდადი ისკანდეროვი და დაშგინ აღალარლი — რომლებიც აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკას არ ერიდებიან — თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოსთან საპროტესტო აქციაზე დგანან და ბაქოში ანარქისტების დაკავებას აპროტესტებენ.

რამდენიმე თვეში ორი მათგანი აზერბაიჯანის საპატიმროებში ამოყოფს თავს, მათგან ერთ-ერთს მკვდარს პოულობენ, ბოლო ორს კი საქართველოდან წასვლა უწევს. ასეთი გადაწყვეტილების მიღება უწევთ სხვა აქტივისტებსაც.

თბილისში მცხოვრები აქტივისტები დაკავებას წინ უძღვის 2017 წლის პირველ თვეებში ვებსაიტ Haqqin.az-ზე, რომელსაც აქტივისტები აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურს უკავშირებენ, არაერთი პუბლიკაციის გამოქვეყნება მათ წინააღმდეგ.

წერილებში ავტორი, ყოფილი პოლიტპატიმარი ეინულა ფატულაეივი ზემოთ ჩამოთვლილ და სხვა აქტივისტებს „აზერბაიჯანის ხელისუფლების გადატრიალების დაგეგმვაში“ სდებს ბრალს, საქართველოს ხელისუფლებას კი „უმოქმედობაში“ ადანაშაულებს.

ფატულაევი თავადაც პოლიტპატიმარი იყო — „სინდისის პატიმარი“ — 2005 წელს კრიტიკული რეპორტინგის გამო დააკავეს და წლების განმავლობაში იჯდა ციხეში; თუმცა 2011 წელს პატიმრობიდან გათავისულფებას მისი სრული ტრანსფორმაცია მოჰყვა — მის ობიექტივში არა ხელისუფლება, არამედ ხელისუფლების ოპონენტები ექცეოდნენ. დღემდე ასეა.

ფატულაევის პუბლიკაციების შემდეგ, — სადაც იგი საუბრობს თითქოსდა „თბილისის მიწისქვეშეთში მომუშავე ანტი-აზერბაიჯანულ ქსელზე“ — იქ ნახსენებ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს ერთი-მეორის მიყოლებით ექმნებათ პრობლემები.

დაუჯერებელი თვითმკვლელობა

აზერბაიჯანის საელჩოს წინ აქციიდან რამდენიმე თვეში აზერბაიჯანის პოლიცია აცხადებს, რომ ბაქოში, კურდაჰანის მუნიციპალიტეტის წინასწარი დაკავების პირველ იზოლატორში მეჰმან გალანდაროვის ცხედარი იპოვეს.

ამ ვერსიის გალანდაროვის სამეგობროში თუ აქტივისტურ წრეებში არავის სჯერა. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები მისი სიკვდილის გამოძიებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. ოფიციალური ვერსიით, მან 2017 წლის 28 აპრილს თავი მოიკლა. გალანდაროვი 40 წლის იყო.

მისი ოჯახი პრესასთან საუბრისგან თავს იკავებს. ვარაუდობენ, რომ მათზე ზეწოლაა.

გალანდაროვი 2016 წლის ზაფხულიდან ცხოვრობდა თბილისში, თუმცა მომდევნო წელს ფინანსური სირთულეების გამო ბაქოში დაბრუნება მოუწია. პოლიციამ ის 2017 წლის 7 თებერვალს დააკავა ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით. სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ეს ის ბრალდებაა, რასაც აზერბაიჯანში (ისევე, როგორც სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში) იყენებენ აქტივისტებზე ზეწოლისათვის.

ჟურნალისტის გატაცება

ციხეში აქტივისტები სხვადასხვა მოგონილი ბრალდებით ხვდებიან. მაგალითად, აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისიდან გაიტაცეს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო კვეთის, პოლიციის დაუმორჩილებლობისა და კონტრაბანდის შეტანის ბრალდების დააკავეს.

მუხთარლი — ალიევის ხელისუფლების ჟურნალისტი 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩიდან. საქართველოს ხელისუფლება კვლავ აცხადებს, რომ „გამოძიება მიმდინარეობს“, თუმცა მუხთარლისთვის არაფერი იცვლება — იგი სამწლიან სასჯელს იხდის აზერბაიჯანის ციხეში.

მუხთარლი, ცოლთან, ასევე, ჟურნალისტთან ლეილა მუსტაფაევასთან ერთად, ეინულა ფატულაეივის პუბლიკაციებში ჩნდება, როგორც „თბილისური მიწისქვეშეთის“ ერთ-ერთი წევრი.

ლეილა მუსტაფაევა

აფგანის გატაცებიდან რამდენიმე თვეში საქართველო დატოვა მისმა ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ, რომელიც ასევე ჟურნალისტია. ბოლო წლების განმავლობაში ისინი თბილისში მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდნენ.

ლეილა მუსტაფაევა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ლეილამ 2017 წლის ოქტომბერში დატოვა საქართველო და საცხოვრებლად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაემგზავრა, თუმცა იქიდან აგრძელებს აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკას.

დაშგინ აღალარლი

იგივე ბედი ეწია მუხთარლების მეგობარს, დაშგინ აღალარლის. აღალარლის, — აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ წევრს, — 2013 წელს, სხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივისტების მსგავსად, ხელისუფლებამ წაუყენა დაუსაბუთებელი ბრალი – გადასახადებისგან თავის არიდება.

2014 წელს დაშგინ აღალარლი საქართველოს სამართალდამცველმა ორგანოებმა დააკავეს თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, როცა მას გადაწყვეტილი ჰქონდა, საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დახმარებით, იგი 2014 წლის აგვისტოში იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

დაშგინ აღალარლი. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

შემდეგ იყო გრძელი და რთული პროცესი: თავშესაფრის მოთხოვნა, საქართველოს თავდაპირველი უარი თავშესაფრის მიცემაზე, შემდეგ საქალაქო სასამართლოში გასაჩივრებული საქმის მოგება, ამაზე პასუხად ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ვერდიქტის გასაჩივრება სააპელაციოში და უკვე იქ — აღალარლის მარცხი.

საბოლოოდ, როგორც როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, აღალარლისაც მოუწია სხვა ქვეყანაში წასულიყო.

გოზალ ბაირამლი

აფგან მუხთარლის გატაცებამდე სულ რაღაც 3 დღით ადრე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დააკავეს გოზალ ბაირამლი, ოპოზიციური პარტია „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარის მოადგილე.

გაზახის რაიონულმა სასამართლომ — ეს რაიონი საქართველოსთან ახლოსაა, დასავლეთ აზერბაიჯანში — ბაირამლი დამნაშავედ ცნო „კონტრაბანდის შემოტანაში“. მსგავსი ბრალი წაუყენეს მუხთარლისაც. ბაირამლის 12 000 ევრო ნაღდ ფულად შეტანას ედავებოდნენ.

გოზალ ბაირამლი

მას სამწლიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა 2019 წლის გაზაფხულზე, ნოვრუზის სადღესასწაულო ამნისტიაში მოყვა ათობით უფლებადამცველთან ერთად და ციხიდან ამნისტიით გამოუშვეს. ამ ერთჯარადი აქტის მიუხედავად, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები სისტემურ უსამართლობაზე კვლავ მიუთითებენ.

ფატულაევი ბაირამლიზეც წერდა და მასაც აბრალებდა აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის „ძირის გამოთხრის დაგეგმვას“.

გუნელ მევლუდი

2013 წელს „ნეტგაზეთის“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, გიუნელ მევლუდი მეუღლესთან ერთად იძულებული გახდა, მუქარის შემდეგ აზერბაიჯანი დაეტოვებინა. გერმანიაში ერთწლიანი ცხოვრების შემდეგ მათ ბინადრობის ნებართვებს ვადა გაუვიდა, რის შემდეგაც საქართველოში გადაწყვიტეს წამოსვლა.

გადმოვიდნენ კიდეც. თუმცა 2016 წლის 27 სექტემბერს, მის მეუღლეს უარი უთხრეს დროებითი ცხოვრების უფლებაზე მიგრაციის შესახებ კანონის იმ მუხლზე მითითებით, რომლის თანახმადაც იგი „საფრთხეს წარმოადგენდა საქართველოს უსაფრთხოებისთვის“.

საბოლოოდ მათაც დატოვეს საქართველო და ახლა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში იმყოფებიან.

გულნურ ქაზიმოვა

გულნურ ქაზიმოვა აზერბაიჯანში რადიო თავისუფლების რეგიონალურ რეპორტიორად მუშაობდა, პარალელურად მუშაობდა „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის“, როგორც აფგან მუხთარლი.

2014 წლის ბოლოს, ზეწოლის შემდეგ, ქაზიმოვა ოჯახთან ერთად გადმოვიდა აზერბაიჯანიდან საქართველოში. ის აქაც აგრძელებდა ჟურნალისტურ საქმიანობასა და ადგილობრივ გამოცემებთან, მათ შორის „ლიბერალთან“ თანამშრომლობას.

იმის გამო, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა — რამდენჯერმე ადევნებია მანქანა, საიდანაც ფოტოებს უღებდნენ, ჰქონდა გრძნობა, რომ უთვალთვალებდნნე — საბოლოოდ, „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ თანახმად, ქაზიმოვამაც დატოვა  ქვეყანა.

შეიცვალა თუ არა რამე?

2019 წლის 29 მაისს, აფგან მუხთარლის დაკავებიდან 2 წლის თავზე, თბილისში აზერბაიჯანელი აქტივისტების მცირე ჯგუფი შეიკრიბა მისი საქმის გასახსენებლად. აქციაზე იმყოფებოდა ავთანდილ მამედოვიც, რომელიც წელიწადზე მეტია, მარნეულში ცხოვრობს;

ავთანდილ მამედოვი: ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი

ამ აქციიდან რამდენიმე კვირაში — 17 ივნისს — ავთანდილ მამედოვი დააკავეს. ამას იგი აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის დისკომფორტულ პოსტებსა და აქტივობებს უკავშირებს.

მისი ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი ნეტგაზეთთან იხსენებს ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანებს, რომლებიც ან ციხეში მოხვდნენ, ან ევროპაში წასვლა მოუწიათ, და ამბობს: „ამ ადამიანებს მოუწიათ ქვეყნის დატოვება, რადგან უსაფრთხოდ ვერ გრძნობდნენ თავს“.

ის გვეუბნება, რომ მამედოვს საქართველოში უთვალთვალდებდნენ: „ადგილი ჰქონდა თვალთვალის ფაქტებს, რაზედაც განცხადებით მიმართა პოლიციას მამედოვმა და ამჟამად დაწყებულია გამოძიება… იგი ამ ფაქტებსაც უკავშირებს აზერბაიჯანში მის დევნის ფაქტებს“, — ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, უფრო ზუსტი შეფასება იმისა, „დაცულია თუ არა აზერბაიჯანელი აქტივისტების უფლებები დაცული საქართველოში“, შესაძლებელი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ,

„თუ სასამართო მიიღებს გადაწყვეტილებას მამედოვის გათავისუფლების თაობაზე, ეს გარკვეულწილად იქნება იმის გარანტია და საფუძველი, ვთქვათ, რომ საქართველოში მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტები, ამ ადამიანებს ნაკლებად ემუქრებათ საფრთხე და შეუძლიათ თავი იგრძნონ მეტნაკლებად უსაფრთხოდ“, — ამბობს იგი.

წითელი ცირკულარის უსამართლო გამოყენება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მამედოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ წითელი ცირკულარით იყო ძებნილი „თაღლითობისთვის“ და ამიტომ დააკავეს. თუმცა მისი ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი გვეუბნება, რომ იმ ბრალდებასაც, რომლითაც აზერბაიჯანმა გამოაცხადა ძებნა მამედოვზე, აქტივისტის მტკიცებით, პოლიტიკური სარჩული ჰქონდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანის ხელისუფლება იყენებს ინტერპოლის წითელ ცირკულარს, რათა მოწინააღმდეგეები სხვა ქვეყნებში დააკავონ. 2017 წლის 14 ოქტომბერს კიევში დააკავეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და ნიდერლანდების მოქალაქე, ფიქრეთ ჰუსეინლი, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

როგორც გამოცემა Open Democracy-ს ავტორი, სტამბოლში მცხოვრები აზერბაიჯანელი აქტივისტი არზუ გეიბულა წერს, აზერბაიჯანს საზღვრებს გარეთ სწორედ ამ პრაქტიკით ებრძვის მმართველი რეჟიმი მათგან დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა თუ აქტივისტებს.

არჩილ ჩოფიკაშვილი გვეუბნება: „ავთანდილიც აცხადებს, რომ აზერბაიჯანში მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა მისი პოლიტიკური აქტიურობისა და უფლებადაცვითი საქმიანობის გამო. ეს არ იყო ხელსაყრელი აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის და სწორედ ამ საქმიანობის გამო დაიმსახურა მან აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და სამართალდამცავების ყურადღება. ამის გამო მოხდა ის, რაც მოხდა — გაიცა მის მიმართ პატიმრობის ბრძანება აზერბაიჯანში და ამის საფუძველზე მოთხოვნა გაიგზავნა ინტერპოლში, რის შემდეგაც ინტერპოლის მიერ ძებნილი გახდა“.

საქმის განხილვა

თუმცა, როგორც ადვოკატი განმარტავს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში საქმის განხილვის დროს ავტომატურად მოხდეს მისი დაპატიმრება ან აზერბაიჯანისთვის გადაცემა:

„აუცილებლად საჭიროა, რომ საქართველოში სასამართლომ მისი პატიმრობის საკითხი განიხილოს ევროკომიითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური სტანდარტებით, რომელთა გათვალისიწნებითაც დაუშვებელია ავთანდილ მამედოვი დარჩეს პატიმრობაში“.

ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი 27.06.17

„ჩვენ შევეცდებით, სასამართლო დავარწმუნოთ იმაში, რომ არ არსებობს ავთანდილ მამედოვის პატიმრობაში დატოვების საფუძველი. ის უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან და ისე განიხილონ მის ექსტრადაციასთან დაკავშირებული საქმე. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მის საქმეს იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით, სანამ ადმინისტრაციული წესით საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული სასამართლოს მიერ, მანამდე რაიმე ხასიათის განხილვა ექსტრადირებასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და საქართველოს კანონმდებლობას“, — გვეუბნება ჩოფიკაშვილი.

[სტატიაში ჩამოთვლილი გვარების ნაწილი, შესაძლოა, შეგხვდეთ „ოვ/ოვა“, „ევ/ევა“ დაბოლოებით (მაგალითად, ისკანდერლის ნაცვლად ისკანდეროვი, მუხთარლის ნაცვლად მუხთაროვი, ბაირამოვას ნაცვლად ბაირამლი). ეს განსხვავება გამოწვეულია აზერბაიჯანში გვარების ე.წ დე-რუსიფიკაციით]

მასალების გადაბეჭდვის წესი