ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

მუხთარლის დღემდე გამოუძიებელი გატაცება – ლეილა მუსტაფაევას პრესკონფერენცია თბილისში

10 ოქტომბერი, 2019 •
მუხთარლის დღემდე გამოუძიებელი გატაცება – ლეილა მუსტაფაევას პრესკონფერენცია თბილისში

თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლი, ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, რომელსაც გერმანიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა, თბილისშია და ციხეში მყოფ აფგან მუხთარლის მიმდინარე საქმეზე, ქართველ ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილთან ერთად, დღეს, 10 ოქტომბერს ბრიფინგი გამართა.

“სირცხვილია, რომ ამ საქმეზე ქართული მხარე აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობს“ – მუსტაფაევა მუხთარლის ჯანმრთელობასა და პატიმრობაზე 

“20 სექტემბერს ციხეში, სადაც მუხთარლი ამჟმად იმყოფება, მის ადვოკატს, ნიემად ქემარლის ფიზიკურად თავს დაესხნენ. ყველა დოკუმენტი კი, რომელიც მას აფგანთან საუბრის შემდგომ თან ჰქონდა – წაართვეს. ეს ინციდენტი ერთდროულად რამდენიმე უფლების დარღვევას ნიშნავს, მათ შორის – ესაა კონფიდენციალურობის დარღვევა ადვოკატსა და კლიენტს შორის“, – უყვება მუსტაფაევა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ინციდენტის შემდეგ აზერბაიჯანის პენიტენციურმა სამსახურმა მუხთარლის ადვოკატის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა, სადაც ნათქვამია, რომ ადვოკატმა თავად დაარღვია საპატიმროს შინაგანაწესი. მუსტაფაევა ამბობს, რომ აზერბაიჯანული მხარე მუხთარლის დაცვის გამო სჯის ნიემად ქემარლის.

მუსტაფაევა განმარტავს, რომ მანამდე აზერბაიაჯნის ადვოკატთა ასოციაციამ ქემარლის 1 წლით შეუჩერა უფლებამოსილება, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიმინალური საქმეების აღება ერთი წლის განმავლობაში არ შეუძლია. 20 სექტემბრის ინციდენტისა და პენიტენციურის საჩივრის შემდეგ კი, შესაძლოა, ნიემად ქემარლის ადვოკატის ლიცენზია საერთოდ ჩამოერთვას.

“დღესდღეობით აზერბაინაჯში 190-მდე პოლიტიკური პატიმარია, ნიემადი კი ერთ-ერთია, რომელიც მათ უფლებებს იცავს. ასეთი ადვოკატების რიცხვი აზერბაიჯანში სულ უფრო მცირდება. აფგანმა შიმშილობა სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ დაიწყო. ფაქტობრივად, გამოდის, რომ მან დაიცვა და გააპროტესტა თავისი ადვოკატის უფლებების დარღვევა.

მისი შიმშილობა არ გულისხმობდა მხოლოდ საჭმლის მიღებაზე უარის თქმას, ის პროტესტის ნიშნად ასევე არ იღებდა მედიკამენტებს, რომლებიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორც იცით, მას აქვს დიაბეტი და მაღალი წნევები. შიმშილობა შეწყვიტა სამი დღის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ დღემდე არ მიგვიღია მისი სამედიცინო გამოკვლევების პასუხები“, – ჰყვება მუსტაფაევა.

ლეილა მუსტაფაევა ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად იმისა, გამოძიება უკვე 2 წელზე მეტია მიმდინარეობს და ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართეს კიდეც საქართველოს პარლამენტს, გამოძიება წინ არ წასულა.

“მათ წაშალეს ყველა კვალი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმის დადასტურება, რომ მუხთარლი მართლაც გაიტაცეს, მე ვფიქრობ, მათ რამდენიმე პასუხისმგებელი მაღალჩინოსანი გაათავისუფლეს. თუმცა პირი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება გაეტაცებინათ აფგანი, ჯერ კიდევ ძალაუფლებაშია. სწორედ ამიტომ, გამოძიება წინ არ მიდის. ეს ნიშნავს, რომ პროკურატურა ჯერ კიდევ იცავს იმ ჯგუფის ინტერესებს, რომლებმაც აფგანი გაიტაცეს საქართველოდან.

მეორე მხრივ კი ნათელია, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობები ამ საქმეზე თანამშრომლობენ, იმიტომ, რომ აფგანი ჯერ კიდევ ციხეშია, საქართველოში კი გამოძიება ადგილიდან არ იძვრის. აზერბაიჯანის ავტორიტარულ რეჟიმთან თანამშრომლობა სირცხვილია საქართველოს ხელისუფლებისთვის, მით უმეტეს, თუ საქართველოს ჯერ კიდევ უნდა დემოკრატია ,“- აცხადებს ლეილა მუსტაფაევა.

მუსტაფაევაზე თვალთვალი და სავარაუდოდ, დაზიანებული მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერი – რას ჰყვება ადვოკატი

“გერმანიაში სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ ლეილა მუსტაფაევამ პოლიტიკური თავშესფარი მიიღო, ვინაიდან მისთვის და მისი შვილისთვის აქ რეალური საფრთხე არსებობდა.

პოლიტიკური თავშესაფრის მიღება გერმანიაში გარკვეულწილად ნიშნავს იმასაც, რომ საქართველოში ამ საქმეზე ეფექტური გამოძიება არ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდისათვის უკვე დასრულებული იყო გამოძიება და ჩვენ ველოდებით ევროსასამართლოსგან გადაწყვეტილებას,  ეს მივჩნიეთ მნიშვნელოვან გარემობად და თავშესაფრის შესახებ გავუგზავნეთ სასამართლოს დოკუმენტი. ეს დოკუმენტი სასამართლომ დაურთო საქმეს და გაუგზავნა მოპასუხე სახლემწიფოებს – საქართველოსა და აზეირბაიჯანს“, – ამბობს ადვოკატი.

ჩოფიკაშვილი ჰყვება, რომ გამოძიების დაწყებიდან დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის მასალებისთვის ასლი გადაეღო და ისე გასცნობოდა მათ. ევროსასამართლოს მეშვეობით კი მას ეს შესაძლებლობა გაუჩნდა და აღმოჩნდა, რომ საქმეში არსებობს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც გამოძიებამ სათანადოდ ვერ გამოიყენა, კერძოდ:

“მასალებიდან გაირკვა, რომ თურმე, ნაცვლად იმისა, გამოძიება დაკავებულიყო კონკრეტული პირების იდენტიფიცირებით, რომლებიც კავშირში იქნებოდნენ მუხთარლის გატაცებასთან, ისინი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ ლეილა მუსტაფაევას მიმართ.

გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემობა, რაც ამ საქმეში ფიგურირებს და რაც ჩვენთვის უპასუხო კითხვად რჩება, არის ვიდეოჩანაწერი, რომელიც მუხთარლის საქმეში იყო და რომელიც ბარათაშვილის ქუჩაზე, ელექტროსისტემების შენობის სათვალთვალო კამერებითაა ჩაწერილი. ამ ჩანაწერში ჩანს შავ პიჯაკში ჩაცმული კაცი, რომელზეც ჩვენი აზრით, გამოძიებას უნდა გაერკვია, თუ რა კავშირი ჰქონდა მას მუხთარლის გატაცებასთან. თუმცა გაირკვა, რომ ვიდეოჩანაწერი საერთოდ აღარ გაიხსნა. პროკურატურამ დანიშნა ექსპერტიზა ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, თუმცა ექსპერტებმაც ვერ დაადგინეს, თუ რატომ არ იხსნება ეს ჩანაწერი.  ფაქტობრივად, ერთი ძაფი, რომელიც ჩვენთვის ხილული იყო და რომლითაც ამ დანაშაულის გახსნა შეიძლებოდა – აღარ არსებობს“, -განმარტავს ადვოკატი.

მისი თქმით, ეს მუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა, ვიდეო დაზიანებული იყოს.

რაც შეეხება დროს, მისი თქმით, გამომძიებელმა და თავად არჩილ ჩოფიკაშვილმა ვიდეოჩანაწერი 2017 წლის ზაფხულში, მუხთარლის გატაცებიდან მალევე ნახეს, “დაახლოებით რამდენიმე თვეში, ზაფხულის ბოლოს კი ეს ვიდეოები აღარ იხსნებოდა“.

 


აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს. მეორე დღეს იგი აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა, საზღვრის უკანონო გადაკვეთის, საზღვარზე 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანისა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. იგი ამ ბრალდებებით გაასამართლეს და ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან დევნილი ჟურნალისტი, რომელიც თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ამბობს, რომ გაიტაცეს ქართულმა და აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა.

იმის გამო, რომ საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა, მუხთარლის ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ, საქართველო შვილთან ერთად დატოვა. ქართველმა ჟურნალისტებმა და უფლებადამცველებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვეს პასუხი კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტი აზერბაიჯანის ციხეში. საზოგადოებას ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება სხვადასხვა ბრალდებით [მათ შორის ნარკოტიკების გავრცელების, თაღლითობის, გადასახადებისგან თავის არიდების და ა.შ.], განსხვავებული აზრის, კრიტიკისა და ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის. Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი კიდევ უფრო ძლიერდება.

მუხთარლიმ ჯანმრთელობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა

მასალების გადაბეჭდვის წესი