ახალი ამბებისამართალისამხრეთ კავკასიის ამბები

ადვოკატი: აფგან მუხთარლის ცოლის მიმართ შესაძლოა ახალი დანაშული მზადდებოდეს

18 სექტემბერი, 2017 • 4718
ადვოკატი: აფგან მუხთარლის ცოლის მიმართ შესაძლოა ახალი დანაშული მზადდებოდეს

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ წევრი ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აცხადებს, რომ თბილისიდან გატაცებული და ბაქოში დაპატიმრებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლის და აქტივისტის, ლეილა მუსტაფაევას მიმართ შესაძლოა ახალი დანაშული მზადდებოდეს.

“კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა, რომელიც აფგან მუხთარლისა და ლეილა მუსტაფაევას ინტერესებს იცავს, რამდენჯერმე მიმართა პოლიციას და პროკურატურას. მისი განცხადებით, საგამოძიებო ორგანოებს იმ ადამიანების ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები წარუდგინა, რომლებიც აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლისა და მის მეგობარ დაშგინ აღალარლის 2017 წლის 29 მაისამდე (აფგანის გატაცებამდე) უთვალთვალებდნენ.

17 წლის 29 ივნისს ლეილა მუსტაფაევასა და დაშგინ აღალარლის მიმართ სავარაუდო თვალთვალის, მიყურადების ფაქტის შესახებ ორგანიზაციამ დამატებით აცნობა პოლიციას. მათი განცხადებით, 2017 წლის 4 აგვისტოს საღამოს თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლეილა მუსტაფაევასა და დაშგინ აღალარლის უთვალთვალებდა და დაჰყვებოდა 4 ადამიანი. ჩოფიკაშვილის ამბობს, რომ ამ ადამიანების ფოტოსურათები და ვიდეჩანაწერი საქართველოს მთავარ პროკურატურას წარედგინა 2017 წლის 7 აგვისტოს.

“დღემდე არც ერთი მოთვალთვალის იდენტიფიცირების მიზნით განხორციელებული ღონისძებების შესახებ ცნობილი არ გამხდარა. 2017 წლის 24 აგვისტოს პროკურატურის გამომძიებელმა მხოლოდ ლეილა მუსტაფაევა გამოკითხა. პროკურატურაში წარდგენილია მოთვალთვალეთა ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები,” – აცხადებს იურისტი.

როგორც არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, აფგან მუხთარლის გატაცებამდე, სწორედ ანალოგიური თვალთვალის ფაქტებს ჰქონდა ადგილი, ამჟამად გააქტიურებული თვალთვალი დიდი ალბათობით მიუთითებს, რომ მსგავსი დანაშუალი შესაძლოა მზადდებოდეს ლეილა მუსტაფაევას და დაშგინ აღალარლის მიმართ:

“ლეილა მუსტაფაევა ჟურნალისტია და იძიებს აზერბაიჯანის ხელისუფლების წევრების ბიზნესსაქმიანობას საქართველოში, ხოლო დაშგინ აღალარლი აზერბაიჯანელი პოლიტიკური აქტივისტია. ქართველ სამართალდამცავთა უმოქმედობა ნიადაგს ამზადებს მომავალში აფგან მუხთარლის გატაცების მსგავსი ქმედებებისთვის. ამ ფონზე დაზარალებულები თავს განსაკუთრებით დაუცველად გრძნობენ.”

აფგან მუხთარლისა და ლეილა მუსტაფაევას საქმეს განიხილავს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლო და საქმეს პრიორიტეტი აქვს მინიჭებული: application no.39503/17 Mukhtarli and Mustafayeva v. Azerbaijan and Georgia.

“არსებული ვითარების და პროკურატურის უმოქმედობის გათვალისწინებით, 2017 წლის 19 სექტემბერის 11:00 საათზე „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ წევრი ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, დაზარალებულები ლეილა მუსტაფაევა და დაშგინ აღალარლი გაასაჯაროებენ მოთვალთვალე პირების ფოტოსურეთებს და ვიდეოჩანაწერებს,” – აცხადებს ადვოკატი.

არჩილ ჩოფიკაშვილი ეჭვობს, რომ ამ ადამიანებს კავშირი უნდა ჰქონდეთ 29 მაისს თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებასთან.

ლეილა მუსტაფაევა; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი

ლეილა მუსტაფაევა; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი

 

აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 29 მაისს გაუჩინარდა, ხოლო გამოძიება შსს-მ დაიწყო 30 მაისს, მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადების საფუძველზე. მუხთარლი ამბობს, რომ ის თბილისიდან გაიტაცეს ადამიანებმა, რომლებსაც ეცვათ საქართველოს შსს-ს კრიმინალური პოლიციის ფორმები. მისი თქმით, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ისე გადაიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც დააპატიმრეს. აზერბაიჯანის საგამოძიებო უწყების ცნობით, მუხთარლიმ თვითონ გადაკვეთა საზღვარი, სადაც ის დააკავეს კონტრაბანდული ფულის გადატანის ბრალდებით.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მუხთარლის დაკავებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. მუხთარლის საქმის გამოძიებას პროკურატურის მიერ ითხოვდა დაკავებულის ოჯახი, თუმცა პროკურატურამ ეს საქმე მუხთარლის გატაცებიდან 1.5 თვის შემდეგ გადაიბარა. 19 ივლისს მუხთარლის ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

"გაათავისუფლეთ აფგან მუხთარლი " - წერია პლაკატზე, რომელიც აქციის მონაწილეს უჭირავს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

“გაათავისუფლეთ აფგან მუხთარლი ” – წერია პლაკატზე, რომელიც აქციის მონაწილეს უჭირავს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 31.05.2017

მასალების გადაბეჭდვის წესი