ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პროკურატურის ცნობით, აფგან მუხთარლის ცოლის შესაძლო თვალთვალს იძიებენ

19 სექტემბერი, 2017 • 3324
პროკურატურის ცნობით, აფგან მუხთარლის ცოლის შესაძლო თვალთვალს იძიებენ

თბილისიდან ბაქოში გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევასა და მისი ადვოკატის მიმართვაზე შესაძლო ახალი დანაშაულის მზადებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიება დაიწყო.

საქმე შეეხება ლეილა მუსტაფაევასა და მისი ადვოკატის მიერ დღეს, 19 სექტემბერს გასაჯაროებულ ფოტო და ვიდეომასალას, სადაც რამდენიმე პირი ჩანს. ლეილა მუსტაფაევა ვარაუდობს, რომ ეს პირები მას და მის მცირეწლოვან შვილს თბილისში უთვალთვალებენ. შესაბამისად, მან და მისმა ადვოკატმა ვიზუალური მასალა საქართველოს პროკურატურაში 2017 წლის 7 აგვისტოს შეიტანეს.

“დღემდე არც ერთი მოთვალთვალის იდენტიფიცირების მიზნით განხორციელებული ღონისძებების შესახებ ცნობილი არ გამხდარა. 2017 წლის 24 აგვისტოს პროკურატურის გამომძიებელმა მხოლოდ ლეილა მუსტაფაევა გამოკითხა. პროკურატურაში წარდგენილია მოთვალთვალეთა ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები,” – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა, მუსტაფაევას ადვოკატმა, დღეს, 19 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, აფგან მუხთარლის გატაცებამდე სწორედ ანალოგიური თვალთვალის ფაქტებს ჰქონდა ადგილი. ამჟამად გააქტიურებული თვალთვალი დიდი ალბათობით მიუთითებს, რომ მსგავსი დანაშუალი შესაძლოა მზადდებოდეს ლეილა მუსტაფაევას და დაშგინ აღალარლის მიმართაც:

“ლეილა მუსტაფაევა ჟურნალისტია და იძიებს აზერბაიჯანის ხელისუფლების წევრების ბიზნესსაქმიანობას საქართველოში, ხოლო დაშგინ აღალარლი აზერბაიჯანელი პოლიტიკური აქტივისტია. ქართველ სამართალდამცავთა უმოქმედობა ნიადაგს ამზადებს მომავალში აფგან მუხთარლის გატაცების მსგავსი ქმედებებისთვის. ამ ფონზე დაზარალებულები თავს განსაკუთრებით დაუცველად გრძნობენ.”

არჩილ ჩოფიკაშვილი ეჭვობს, რომ ამ ადამიანებს კავშირი უნდა ჰქონდეთ 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებასთან.

აღნიშნულ საკითხზე ნეტგაზეთმა დღეს პროკურატურას მიმართა.

“წარმოდგენილ ფოტო და ვიდეომასალაში დაფიქსირებული პირების იდენტიფიცირების მიზნით საქართველოს პროკურატურის მიერ ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება”, – განუცხადეს ნეტგაზეთს პროკურატურაში.

აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით, როგორც უწყებაში განგვიმარტეს, მოწმის სახით უკვე დაკითხეს ლეილა მუსტაფაევა და აფგან მუხარლის მეგობარი, ასევე აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი დაშგინ აღალარლი.

“ხსენებული პირების ფოტოები დაეგზავნა ყველა შესაბამის უწყებას და ოპერატიულ დანაყოფს, გამოძიების მიერ ამოღებული იქნა ლ. მუსტაფაევას მიერ მითითებულ პერიოდებსა და ადგილებში გარე მეთვალყურეობის კამერების ვიდეოჩანაწერები, რომელთა დამუშავება და დეტალური შესწავლა მიმდინარეობს. გარდა ამისა, აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილია არაერთი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების, ასევე, საექსპერტო კვლევების ჩატარება. მიღებული შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება ა. მუხთარლის ოჯახის წევრებს, ადვოკატებსა და საზოგადოებას”, – განგვიცხადეს პროკურატურაში.

აფგან მუხთარლისა და ლეილა მუსტაფაევას საქმეს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლო განიხილავს და საქმეს პრიორიტეტი აქვს მინიჭებული.

აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 29 მაისს გაუჩინარდა. გამოძიება შსს-მ 30 მაისს, მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადების საფუძველზე დაიწყო. მუხთარლის დაკავებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. მუხთარლის საქმის გამოძიებას პროკურატურის მიერ ითხოვდა დაკავებულის ოჯახი, თუმცა პროკურატურამ ეს საქმე მუხთარლის გატაცებიდან 1.5 თვის შემდეგ გადაიბარა.

“საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, “საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, აფგან მუხთარლის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.”

აფგან მუხთარლის დაკითხვასთან დაკავშირებით, ქართული მხარე ჯერ კიდევ ივნისში აცხადებდა, რომ საქართველომ აზერბაიჯანს მიმართა, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, რა ხდება აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენს კითხვაზე მუხთარლის დაკითხვის საკითხზე, პროკურატურას პასუხი ჯერ არ გაუცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი