ახალი ამბები

მდინარაძე მუხთარლიზე: არგუმენტებს მოკლებული არ არის, რომ კიდევ შეიძლება გამოძიებას დაველოდოთ

28 ივნისი, 2017 • 2128
მდინარაძე მუხთარლიზე: არგუმენტებს მოკლებული არ არის, რომ კიდევ შეიძლება გამოძიებას დაველოდოთ
“მივემხრობოდი იმას, რომ უკვე შესაძლებელია კომისია შეიქმნას, თუმცა არგუმენტებს მოკლებული არ არის ისიც, რომ კიდევ შესაძლებელია გამოძიების შედეგებს დაველოდოთ,” -ასე უპასუხა ”ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას, ემხრობა თუ არა საგამოძიებო კომისიის შექმნას აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე.
მამუკა  მდინარაძის განცხადებით, აფგან მუხთარლის საქმის გამოუძიებლობა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დააზიანებს და ამის შესახებ არავინ დავობს. მისი თქმით, დისკუსიის საგანი ერთადერთი რამ შეიძლება იყოს – ამ ეტაპზე რამდენად მიზანშეწონილი იქნება საგამოძიებო კომისიის შექმნა:
თუ გამოძიება  ყველა კითხვას ვერ გასცემს პასუხს, საგამოძიებო კომისია იქნება შესაქმნელი. გუნდის შიგნით  ცხარე დისკუსიაა იმის თაობაზე, ამ ეტაპზე უნდა შეიქმნას თუ არა კომისია. ნაწილი მიიჩნევს, რომ უკვე უნდა შეიქმნას, ნაწილი თვლის, რომ გამოძიების მიმდინარეობას და შედეგებს უნდა დაველოდოთ. საბოლოო ჯამში, ყველა თანხმდება იმაზე, რომ გამოძიებას ვალდებულება აქვს, რომ არც ერთი კითხვა დატოვოს პასუხის გარეშე,” -ამბობს მამუკა მდინარაძე.
კითხვას, ამ ეტაპზე ემხრობა თუ არა კომისიის შექმნას, დეპუტატი პირდაპირ და მკაფიო პასუხს არ სცემს:
„მივემხრობოდი იმას, რომ უკვე შესაძლებელია კომისია შეიქმნას, თუმცა არგუმენტებს მოკლებული არ არის ისიც, რომ კიდევ შესაძლებელია გამოძიების შედეგებს დაველოდოთ. გუნდის სიძლიერე იმაშია, რომ საკითხებზე აზრთა სხდასხვაობაა და საბოლოოდ იმ აზრზე ვყალიბდებით, რომელიც უკეთესია საკითხის გადაწყვეტისთვის. ამ შემთხვევაშიც შევჯერდებით,” – განაცხადა მდინარაძემ.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. 30 მაისს ქართული მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისში გაუჩინარებული ჟურნალისტი ბაქოში აღმოჩნდა დაპატიმრებული. საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ ჟურნალისტი გაუჩინარების შესახებ მათთან შეტყობინება 30 მაისს შევიდა და, შესაბამისად, სწორედ 30 მაისს დაიწყო გამოძიება. გამოძიების დაწყებიდან ორ დღეში, ანუ 1 ივნისს საქართველოს მთავრობის მეთაურმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მუხთარლის “გაუჩინარების” საქმეში, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობა გამორიცხეს.

მუხთარლის ქართველმა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა კი გვითხრა, რომ 29 მაისს განვითარებული მოვლენების შემდეგ გამოძიებას 15 ივნისის მდგომარებითაც კი არ ჰქონდა დათვალიერებული შემთხვევის ადგილი. ადვოკატის თქმით, 15 ივნისის მდგომარეობით, კვლავ ამოსაღები იყო ქუჩის ვიდეოკამერების ჩანაწერების ნაწილი.

ვრცლად აფგან მუხთარლის საქმეზე დეტალებს გაეცანით აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი