ახალი ამბები

ვიდეო, სადაც, შესაძლოა, აფგან მუხთარლი იყოს ასახული, დაზიანებულია

14 ივნისი, 2017 • 8662
ვიდეო, სადაც, შესაძლოა, აფგან მუხთარლი იყოს ასახული, დაზიანებულია

ავტორი:  პროექტი “ორგანიზებული კირმინალისა და კორუფციის კვლევა” (OCCRP)


თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გამო ქართული და აზერბაიჯანული ხელისუფლება ბოლო დღეებში კრიტიკის სამიზნედ ბევრჯერ იქცნენ. აფგან მუხტარლი 29 მაისს თბილისიდან გაქრა და მომდევნო დღეს ბაქოში, სამართალდამცველების ხელში იპოვეს.

მუხტარლის აზერბაიჯანული მხარე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და დიდი ოდენობით არადეკლარირებული ფულის ქვეყანაში შეტანას ედავება. როგორც აზერბაიჯანული პოლიცია აცხადებს, მუხტარლი საზღვრის გადაკვეთას პასპორტის გარეშე ცდილობდა, თან ჯიბეში 10 ათასი ევრო ჰქონდა. ბაქოს სასამართლომ მას 90-დღიანი წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა.

ლეილა მუსტაფაევამ, მუხტარლის მეუღლემ, ქართულ პოლიციას განუცხადა, რომ მის ქმარს ბოლოს 29 მაისს, საღამოს 7 საათზე, გაუჩინარებამდე ესაუბრა. ამ დროს მუხტარლი მეგობართან ერთად კოლმეურნეობის მოედანზე იმყოფებოდა და შინ უნდა დაბრუნებულიყო. როგორც მუსტაფაევა ამბობს, მის მეუღლეს ამ დროს რამდენიმე ლარი ექნებოდა ჯიბეში. მისი პასპორტი კი სახლში იყო.

ქართულ-აზერბაიჯანული  საზღვრის გაღმა და გამოღმა მუხტარლის გაუჩინარების სხვადასხვა ვერსია არსებობს.

მუხტარლის აზერბაიჯანელი ადვოკატი სოციალურ ქსელში აღწერს იმ საღამოს, როცა ჟურნალისტი თბილისიდან გაუჩინარდა. მისი თქმით, მუხტარლიმ მეგობართან შეხვედრის შემდეგ სუპერმარკეტში შეიძინა პური და მზესუმზირა, ავიდა სამარშრუტო ტაქსში, რომელიც მისი სახლის მიმართულებით მიდიოდა. მისი ადვოკატების თანახმად, მუხტარლი მაშინ გაიტაცეს, როცა ჟურნალისტი თავისი სახლის პარალელურ ქუჩაზე იმყოფებოდა, მინივენში ჩასვეს, თავზე ტომარა გადააცვეს და ორი საათის მანძილზე მიჰყავდათ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით. საზღვარზე მას ჯიბეში ფული ჩაუდეს და აზერბაიჯანულ მხარეზე გადასვლისთანავე დააკავეს.

9 ივნისს აზერბაიჯანელმა პარლამენტარმა, ელმან ნასიროვმა პირველმა უწოდა მუხტარლის დაკავებას ქართულ-აზერბაიჯანული სპეცსამსახურების თანამშრომლობის შედეგი. 13 ივნისს აზერბაიჯანის პროკურატურამ ნასიროვის ვერსია უარყო.

“როგორც უკვე ცნობილია, აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან მუხტარლიმ 29 მაისს, 22 საათსა და 40 წუთზე, საბუთების გარეშე გადმოკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი, ის არ დაემორჩილა მესაზღვრეების ბრძანებას, რის შემდეგაც იგი დააკვეს,”- ნათქვამია აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებაში.

მიუხედავად საპროტესტო აქციებისა და მზარდი საერთაშორისო კრიტიკისა, ქართველი სამართალდამცავები ამ საკითხზე ბევრს არაფერს ამბობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ისინი არ აპირებენ იმ ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროებას, რომლებიც იმ ადგილებშია დამონტაჟებული, სადაც აზერბაიჯანის საზღვრისკენ მიმავალ მუხტარლისა და მის თანხმლებ პირებს უნდა გაევლოთ.  მიზეზად კი მიმდინარე გამოძიებას ასახელებენ.

OCCRP-ის ჟურნალისტები იმ კერძო კომპანიებსაც დაუკავშირდნენ, რომელთა კამერებზე, შესაძლოა, მუხტარლის გზა იყოს აღბეჭდილი. კომპანიების ნაწილმა განაცხადა, რომ მათი შიდა რეგულაციებით ვიდეოკამერების ჩანაწერების მესამე მხარისთვის გადაცემა არ შეიძლება. ნაწილმა კი მიზეზად პერსონალური მონაცემების დაცვა დაასახელა.

ტ/კ “რუთავი 2-სა” და OCCRP-ის ორმა ჟურნალისტმა ნახა 2-საათიანი ვიდეოჩანაწერი იმ ადგილიდან, სადაც 29 მაისის საღამოს მუხტარლი იმყოფებოდა. აღნიშნულ ორგანიზაციაში პოლიციელები ჩვენს მისვლამდეც იმყოფებოდნენ და მას შემდეგაც, რაც ჩვენ ტერიტორია დავტოვეთ. მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით არ ვასახელებთ იმ კომპანიის სახელს, რომელმაც ჩვენთან ითანამშრომლა.

მოწოდებულ ჩანაწერში ჩანს, რომ ვიდეოკადრები შეცვლილია. კამერა ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიას აკონტროლებს.

თავდაპირველად ჩანს ჩაბნელებული, წვიმიანი ქუჩა. ჩანაწერის ის მონაკვეთზე, როცა მუხტარლის, სავარაუდოდ, კამერის წინ უნდა ჩაევლო, კადრი წყდება. მომდევნო კადრზე წვიმიანი საღამოს ნაცვლად მზიანი საღამო ჩანს,  მანქანების და გარშემომყოფი ადამიანების გამოსახულება კი არ ემთხვევა წყვეტამდე  ჩანაწერის რეალობას.  ასევე თუ კადრის წყვეტამდე  19:10 საათია მითითებული, წყვეტის შემდეგი,  მზიანი ქუჩის კადრზეც ზუსტად იგივე დრო ჩანს. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩანაწერი ისევ იცვლება და ისევ წვიმიანი ბარათაშვილის ხიდი ჩანს.

7 ივნისს, მუხტარლის გაუჩინარებიდან მეცხრე დღეს, მუხტარლის სავარაუდო გატაცების ადგილზე 15-მდე მცხოვრები გამოვკითხეთ. მათგან არავის არაფერი დაუნახავს, არც გაუგია. ამავე დღეს მუხტარლის მიერ აღწერილ მარშრუტს გავყევით და ვიპოვეთ ადგილი, სადაც იმ მანქანას უნდა ჩაევლო, რომელმაც ჟურნალისტი საზღვრისკენ წაიყვანა. აქვეა აფთიაქი და მაღაზია, სადაც შსს-ს სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული. ფარმაცევტისა და მაღაზიის გამყიდველის თქმით, კამერები მათ კომპიუტერულ სისტემასთანაა დაკავშირებული და ჩანაწერების შესამოწმებლად პოლიცია მაშინ მოდის, როცა უბანში რაიმე დანაშაული მოხდება. ახლა კი მათთან პოლიციიდან არავინ მისულა.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ამ ამბავს განსხვავებულად აფასებენ. ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა ვერაფერს ხედავს საეჭვოს იმაში, რომ ადამიანს პასპორტი თან არ ჰქონდა. “საეჭვო გარემოება, რომ პასპორტი სახლში აქვს ადამიანს, სრულიად არ არის. ჩემი პასპორტიც სახლშია. ეს ადამიანი საზღვრის გადაკვეთას კანონიერად თუ გეგმავდა, მაშინ დასჭირდებოდა პასპორტი, უკანონოდ თუ გეგმავდა – არ დასჭირდებოდა.

პრეზიდენტი მარგველაშვილის აზრით, მომხდარი მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის იმიჯს.  “თბილისში გაქრა ადამიანი და ბაქოში აღმოჩნდა. კოპერფილდს უნდა ვკითხოთ თუ ვადაჭკორიას, რა მოხდა? ამ პროცესს თურმე მშვიდად უნდა დაველოდოთ,”- აცხადებდა მარგველაშვილი.

9 ივნისს, მუხტარლის გაუჩინარებიდან 11 დღის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა აზერბაიჯანელი პარლამენტარის განცხადებას ქართული და აზერბაიჯანული სპეცსამსახურების თანამშრომლობის შესახებ. სუს-ი ამ ვერსიას ცალსახად უარყოფს.

13 ივნისს არჩილ ჩოფიკაშვილმა, მუხტარლის ადვოკატმა, ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გამომძიებლებმა დაკითხეს 200-ზე მეტი მოწმე, თუმცა მათგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვერ მიიღეს. ჩოფიკაშვილის თქმით, იგი უნდა გაეცნოს საქმის მასალებს, მათ შორის, 30 კამერიდან ამოღებულ ჩანაწერებსაც.

იან კელი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, უფრო მეტს საუბრობს მუხტარლის დაკავების შესახე,ბ ვიდრე სხვა უცხოელი დიპლომატები. “თქვენ ნახეთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც აშშ-ის მთავრობა მოუწოდებს აზერბაიჯანს, გაათავისუფლოს აფგან მუხტარლი და ყველა ის პირი, ვინც გამოხატვის თავისუფლების გამო ჰყავთ დაკავებული. ამავე განცხადებაში ჩვენ მივმართავთ საქართველოს მთავრობას, სრულად გამოიძიონ მუხტარლის გაუჩინარებასთან დაკავშირებული გარემოებები. ჩვენ ვთანამშრომლობთ მთავრობასთან და ვიცი, რომ მათ გააზრებული აქვთ ამ საკითხის სერიოზულობა. ჩვენ იმედი გვაქვს და მოველით, რომ მალე მივიღებთ გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციას.”  

ვიდრე აფგან მუხტარლი ბაქოს ციხეში 90-დღიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, მისი მეუღლე და ოთხი წლის შვილი თბილისში რჩებიან. მუხტარლი და მუსტაფაევა რეგულარულად თანამშრომლობდნენ მეიდან ტვ-სთან, აზერბაიჯანის მთავრობის მიერ დევნილ ტელევიზიასთან, რომელიც ახლა ბერლინიდან მაუწყებლობს.

მეიდან ტვ-ის რამდენიმე ჟურნალისტს, რომლებიც აზერბაიჯანში იმყოფებიან, ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვთ. ახლახას აზერბაიჯანის მთავრობამ მეიდან ტვ-ის ონლაინ-მაუწყებლობის შესაჩერებლად სასამართლოსგან თანხმობა მიიღო.

აზერბაიჯანის მთავრობა ბოლო წლებში ხშირად იყო საერთაშორისო კრიტიკის სამიზნე ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკური აქტივისტების დევნის გამო.

მუხტარლის აზერბაიჯანელი ადვოკატის თქმით, პროკურატურამ ამ საქმესთან დაკავშირებით დასაკითხად დაიბარა კიდევ ერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი