ახალი ამბები

თუ ვინმეს უნდა რაიონიდან წამოსვლა, დაწერს შვებულებას და წამოვა – მდინარაძე კონტრაქციაზე

23 აპრილი, 2024 • 877
თუ ვინმეს უნდა რაიონიდან წამოსვლა, დაწერს შვებულებას და წამოვა – მდინარაძე კონტრაქციაზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს, მათ შორის საჯარო მოხელეებს, რომლებსაც 29 აპრილს დაანონსებულ კონტრაქციაში მონაწილეობა უნდათ, შეუძლიათ შვებულება აიღონ.

მდინარაძის თქმით, ხელისუფლების „პარტიული დანაყოფების“ დავალებაა, რომ ორგანიზება გაუკეთონ ყველა იმ ადამიანის ჩამოყვანას თბილისში, ვისაც აქციაში მონაწილეობა უნდა.

„პარტიული დავალებაა, რომ პარტიის წარმომადგენლების – საჯარო მოხელეები იქნებიან თუ არ იქნებიან – ორგანიზება მოხდეს. ჩვენი, პირადად ჩემი, მათ შორის, დავალებაა პარტიული, ჩვენი პარტიული დანაყოფების – ასე დავარქმევ თუ გნებავთ, რომ გავამძაფრო – მიმართ, რომ თუკი ვინმეს წამოსვლა უნდა აქციაზე, უზრუნველყონ ორგანიზებულად მათი წამოსვლა თბილისში და შეკრებაში მონაწილეობის მიღება.

მიზანი არის, რომ დავანახოთ, ვინ უჭერს სწორ, ეროვნულ პოლიტიკას, გამჭვირვალობას, რეალურ დემოკრატიას, რეალურ ევროპელობას მხარს. საჯარო მოხელეებს რას უკრძალავენ, ან მასწავლებლებს რას უკრძალავენ?! თუკი ვინმეს უნდა იმ დღეს, მაგალითად, რაიონიდან წამოსვლა, დაწერს შვებულებას და წამოვა და მიიღებს მონაწილეობას“, — განაცხადა მდინარაძემ.

გარდა ამისა, მდინარაძემ საჯაროდ მიმართა „ქართული ოცნების“ პარტიულ აქტივს, არავის დააძალონ კონტრაქციაზე წასვლა. მისი მტკიცებით, 29 პარილის კონტრაქცია უნდა იყოს „გულწრფელი ადამიანების დიდი ერთობა“.

„ვისაც არ უნდა, რომ მხარი დაუჭიროს ხელისუფლების ამ ეროვნულ პოლიტიკას, ერთი ადამიანიც ნუ მოვა აქციაზე. ჩვენ პარტიულ აქტივს, რომელიც, ზოგი საკრებულოს თავმჯდომარეა, ზოგი საკრებულოს წევრია, ზოგი საერთოდ არ მუშაობს არცერთ საჯარო უწყებაში, ყველას მივმართავ – ნურც ერთ ადამიანს ოდნავადაც კი ნუ მოაძალებთ, თუ არ უნდა წამოსვლა, ნუ ეტყვით, რომ მოდი, მაინც ხომ არ წამოხვიდოდი. ვერავინ საყვედურსაც კი ვერ ეტყვის ვერც საჯარო მოხელეს და ვერც არასაჯარო მოხელეს იმის გამო, რომ არ წამოვიდა, ან წამოვიდა.

იმ დღეს იქნება ის გულწრფელი ადამიანების დიდი ერთობა, დიდი შეკრება, რომლებიც დააფიქსირებენ თავის აზრს. ვისაც სხვა აზრი გააჩნია, ის სხვა აქციაზე დადის. პრობლემა არ არის“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ორშაბათს, 29 აპრილს, „ქართული ოცნება“ თბილისში, პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის კონტრაქციას აანონსებს. სავარაუდოდ, სწორედ 29 აპრილს განიხილება რუსული კანონი მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. ამ ადგილზე უკვე ერთი კვირაა, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ყოველდღიურ რეჟიმში იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი