ახალი ამბები

სუბარი: “ბირჟა მაფიის” რეპერების საქმეზე ბერას გავლენა არ მოუხდენია

15 ივნისი, 2017 • 2166
სუბარი: “ბირჟა მაფიის” რეპერების საქმეზე ბერას გავლენა არ მოუხდენია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლების მინისტრი ამბობს, რომ “ბირჟა მაფიის” რეპერების საქმეზე ბერა ივანიშვილს გავლენა არ მოუხდენია.

“თუ გავყვებით დროის თანმიმდევრობას, პრემიერმინისტრის განცხადება წინ უსწრებდა ყველა განცხადებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ბერა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის მოქალაქე და მას ასევე აქვს უფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია, როგორც ნებისმიერ სხვას აქვს ამის უფლება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

პროკურატურამ, რომელიც რეპერებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, პოზიცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ყოფილი პრემიერმინისტრისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, რეპერმა ბერამ დაკავებულებს “ფეისბუკზე” სოლიდარობა გამოუცხადა სტატუსით “თქვენთან ვარ ბიჭებო!”

ასევე გაავრცელეს განცხადება პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცეპრემიერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ, სადაც ნარკოლოპიტიკის შეცვლის საჭიროების შესახებ ისაუბრეს.

 10 ივნისს რუსთაველის გამზირზე გაიმართა მასშტაბური აქცია რეპერების მხარდასაჭერად და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ.

საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ დაკავება დაუკავშირეს რეპერების მიერ გადაღებულ კლიპს “TSL შავი ზედა”, სადაც გაშარჟებულია პოლიცია, რომლის წაშლა, სავარაუდოდ, მოსთხოვეს. მიშკა მგალობლიშვილმა 9 მაისს განაცხადა, რომ პოლიციელები ეკითხებოდნენ,  იყო თუ არა კლიპის ავტორი. რეპერებმა და მათმა მხარდამჭერებმა ეს ფაქტი ცენზურის ნიშნებად შეაფასეს.

შსს-ს ცნობით, ბირჟა მაფიის ორივე წევრი 6 ივნისს დააკავეს, ბრალად მათ ნარკოტიკული ნივთიერების ქონა ედებათ, რაც სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ივნისს შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი