ახალი ამბები

„ხალხის ძალა“ პარტიად დაფუძნდა, თავმჯდომარე სოზარ სუბარი გახდა

18 მარტი, 2024 • 671
„ხალხის ძალა“ პარტიად დაფუძნდა, თავმჯდომარე სოზარ სუბარი გახდა

„ქართული ოცნებიდან“ დაახლოებით ორი წლის წინ გასული „ხალხის ძალა“ საზოგადოებრივი მოძრაობიდან პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდა.

პარტია „ხალხის ძალის“ დამფუძნებელი ყრილობა დღეს, 18 მარტს, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ გაიმართა. ლიდერებმა თქვეს, რომ მათი პარტია „პროგრესული კონსერვატიზმის“ მიმდევარია.

ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ სოზარ სუბარი აირჩიეს.

„ჩვენ დღეს ვიწყებთ პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპს და ამ ეტაპზე ჩვენი სამშობლოს და ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი თანამზრახველი უცხოური აგენტურის გასამართლება იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა“, — განაცხადა სუბარმა.

„ხალხის ძალა“ პარტია „ქართული ოცნებიდან“ გასულმა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილმა დეპუტატებმა დააფუძნეს და თქვეს, რომ ასე უკეთ შეძლებდნენ „კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის გატანას“ და საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდებას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ხალხის ძალა“ იყო მთავარი რუპორი „ოცნების“ მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდის, რომ თითქოს საქართველო მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო დაისაჯა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წელს ამიტომ ვერ მიიღო.

მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებდა კანონპროექტი, რომელიც „ხალხის ძალამ“ გასულ წელს შეიმუშავა, თუმცა საზოგადოებრივი პროტესტის გამო ვერ მიიღეს.

„ხალხის ძალის“ დღის წესრიგში ამჟამად „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა“ და 2008 წლის ომის გამოძიებაა.

სოზარ სუბარი სოზარ სუბარის წინააღმდეგ

“ერთი სხეულის ორი ხელი” – რა გეგმების აქვს „ხალხის ძალას“

მასალების გადაბეჭდვის წესი