ახალი ამბები

„ჩვენი წინაპრები არ გაქცეულან“ — სუბარი ზურაბიშვილს

6 თებერვალი, 2024 • 4619
„ჩვენი წინაპრები არ გაქცეულან“ — სუბარი ზურაბიშვილს

„ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს და საქართველო აქ შეინარჩუნეს, არა — პარიზში, გერმანიაში და სხვაგან“, — მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ხალხის ძალიდან“ სოზარ სუბარმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას, სოზარ სუბარმა თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს „არ სტკივა“ საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობა, სახელმწიფო სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

„იმიტომ, რომ ეს არ არის მისი ქვეყანა, ეს არ არის მისი სამშობლო, უბრალოდ, შეუძლებელია ადამიანს ორი სამშობლო ჰქონდეს და როდესაც ადამიანი ასეთი არჩევანის წინაშე დგება, ის, სამწუხაროდ, ერთ-ერთს ირჩევს და მან ეს არჩევანი გააკეთა“, — განაცხადა სუბარმა და თქვა, რომ პრეზიდენტი ტრიბუნიდან ახმიანებს არა იმ საკითხებს, რაც ყველაზე მტკივნეულია ქვეყნისთვის, არამედ ლაპარაკობს, რაც მის დამკვეთებს სჭირდებათ.

„დიახ, ჩვენ დავუშვით შეცდომა – ქართველ ხალხს ვუთხარით, რომ ეს ადამიანი იქნება გამაერთიანებელი ქვეყნის, ჩვენი დღევანდელობის და იმ წარსულის, რომელიც ევროპაში გაიქცა ერთი საუკუნის წინ. გაიქცნენ. ჩვენ მათ პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენს წინაპრებს ეს სამშობლო არ დაუტოვებიათ. ჩვენი წინაპრები აქ დარჩნენ, ბევრი მათგანი დაიხვრიტა, ბევრი მათგანი გაციმბირდა, ბევრმა იბრძოლა ქვეყნისთვის, შექმნეს ქართული კულტურა. ივანე ჯავახიშვილი იყო, რომელიც კათედრაზე გარდაიცვალა, როცა ლექციას კითხულობდა. გალაკტიონ ტაბიძე იყო, რომლის მეუღლე გადაასახლეს… ამ ადამიანებმა იბრძოლეს და ამ ადამიანებმა საქართველო შეინარჩუნეს. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ემიგრაციასაც, რომელიც უცხოეთში წავიდა, მაგრამ ვერ მივიღებ სიტყვა დეფიტიზმს ჩვენს ქვეყანასთან და ჩვენს მოქალაქეებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ჩვენი წინაპრები არ გაქცეულან“, — განაცხადა სოზარ სუბარმა.

სიტყვა „დეფიტიზმი“ (defeatism) სალომე ზურაბიშვილმა ერთი წლის წინ, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, „ქართული ოცნების“ რუსეთისადმი დამოკიდებულების აღსაწერად გამოიყენა. „დეფიტიზმი“ გამოიყენება დამარცხების მოლოდინისა და მასთან შემგუებელი დამოკიდებულების აღსაწერად.

„ჩვენი დეფიტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა, არც გაგება შემიძლია და არც გაზიარება“, – თქვა მაშინ სალომე ზურაბიშვილმა.

1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შედეგად საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში წავიდა. საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი სალომე ზურაბიშვილი არის ემიგრანტების, მათ შორის ნიკო ნიკოლაძისა და მელქისედეკ კედიას შთამომავალი. სალომე ზურაბიშვილის წარმომავლობას მის აქტივად იყენებდა „ქართული ოცნება“ 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას.

„სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის არის სიმბოლო უახლესი ისტორიის – პირველი ემიგრაციის წარმომადგენელი, დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი“, — ამბობდა 2018 წელს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატზე.

„შეირჩა, ჩემი აზრით, იდეალური კანდიდატი — სალომე ზურაბიშვილი. კლიპებს ვამზადებთ, ყველაზე ცრემლები მოდის. ეს ჩვენი ისტორიაა, რომელიც მე მიყვარს. მის ენაზე და აქცენტზე როგორ ბედავენ [კრიტიკას]. პირიქით, მე ვიხსენებ ძველ ქართულს. სალომეს დედა დაიბადა საფრანგეთში. სალომეს მამამ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ თქვა და ვერ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვდგავართ. ეს არის ჩვენი იდენტობა. როგორ მოახერხეს და სალომეს ასეთი ქართული ასწავლეს?!“ — აცხადებდა ივანიშვილი.

თავად სოზარ სუბარი მაშინ მიიჩნევდა, რომ „ზოგიერთისგან განსხვავებით“, სალომე ზურაბიშვილი არასდროს იქნებოდა საქართველოს ოპონენტი.

„სალომე ზურაბიშვილი არის ძალიან ღირსეული კანდიდატი და ერთგვარი სიმბოლო, რომელიც თითქოს ჩვენს ისტორიას აერთიანებს დღევანდელობასთან, იმ ამბებს, რომელიც მოხდა 1921 წელს, აერთიანებს დამოუკიდებელ საქართველოსთან, პირველ რესპუბლიკას — ჩვენს დღევანდელობასთან. თითქოს ერთიანდება ეს ისტორია, ჩვენი დამოუკიდებლობა, და ახლიდან ვიწყებთ შენებას ახალი ქვეყნის, რომელიც ბოლშევიკურმა ოკუპაციამ გაწყვიტა“, — აცხადებდა სოზარ სუბარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი