ახალი ამბებიკომენტარი

მუხთარლის საქმეში არა მხოლოდ ჟურნალისტს, არამედ ჩემს ქვეყანასაც ვიცავ – ნინა ივანიშვილი

1 ივნისი, 2017 • 14453
მუხთარლის საქმეში არა მხოლოდ ჟურნალისტს, არამედ ჩემს ქვეყანასაც ვიცავ – ნინა ივანიშვილი

“საქართველოს ხელისუფლება მუხთარლის აზერბაიჯანიდან უკან ვეღარ გამოიყვანს, მაგრამ აღარ უნდა დაუშვას შემდგომი ნაბიჯები. ჩვენთან ბევრი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჩამოვიდა და აქედან მუშაობენ, რადგან სხვა გზა არ აქვთ. აქ ეგონათ, რომ უსაფრთხოდ იყვნენ. ასეთი რამ აღარ უნდა მოხდეს”, – ამბობს ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სკოლის დეკანი ნინა ივანიშვილი, რომელიც აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გამართულ აქციაზე მივიდა.

“ჟურნალისტს, რომელიც ცუდ მდგომარეობაშია, ყოველთვის ვუცხადებ სოლიდარობას. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ჟურნალისტს ვიცავ, არამედ ჩემს ქვეყანას. მე არ მინდა, ჩემი ქვეყანა უკანონობაში გადავარდეს. მე მინდა, რომ საქართველო იყოს ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა. ზოგადად, თუ ადამიანი გასაძევებელია, არსებობს კანონი, მაგრამ შუა ქუჩაში ადამიანის გატაცება და შემდეგ იმ ვერსიის გავრცელება, რომ ჟურნალისტი არ არისო… ამის შემდეგ თქვეს, რომ კი, ჟურნალისტია, მაგრამ თვითონ კვეთდა საზღვარსო. ეს ზღაპრები აღარ გვჭირდება. მე ერთდოულად ვიცავ ჟურნალისტსაც (როგორც ჟურნალისტი) და ჩემი ქვეყნის კანონმდებლობასაც”, – ამბობს ნინა ივანიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში როიტერში მუშაობდა.

“მე თვითონ მთელი ცხოვრება საერთაშორისო სააგენტოში ვმუშაობდი, არ აქვს მნიშვნელობა, სად დაიბადა ჟურნალისტი, რა ენაზე მეტყველებს. ჟურნალისტი – ეს არის ადამიანი, რომელიც ხალხს აწვდის ინფორმაციას. ხალხს ემსახურება და არა მთავრობას. ამიტომ ყველას ვიცავ”, – უთხრა ნინა ივანიშვილმა ნეტგაზეთს.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში საუბარი არა ჟურნალისტზე, არამედ სხვა პროფესიის ადამიანზე რომ იყოს, ეს ვითარებას არ ცვლის, რადგან არ შეიძლება, ქვეყანაში ჩამოსული ადამიანი გაიტაცონ.

“აფგან მუხთარლის 5 ისეთი სტატია აქვს დაწერილი, რომ მათგან მხოლოდ ერთიც რომ გამოექვეყნებინა, ისიც საკმარისი იქნებოდა ზოგიერთი ტოტალიტარული რეჟიმისთვის, რომ დაეჭირათ ან გაეტაცათ. თუნდაც არ იყოს ჟურნალისტი და იყოს მხოლოდ ხადიჯას დაცვის წევრი (როგორც ლაპარაკობენ, და იყო პერიოდი, როცა მართლაც მუშაობდა ხადიჯა ისმაილოვასთან), ამას არ აქვს მნიშნელობა. ადამიანი, რომელიც ჩამოსულია ქვეყანაში, არ უნდა გაიტაცონ”, – ამბობს ნინა ივანიშვილი.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, 19:00 საათზე თბილისში, საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებულ აქციებზე აფგან მუხთარლის ცოლს, ლეილა მუსტაფაევას თან ჰქონდა თავისი ქმრის პასპორტი. იგი სვამდა კითხვას, რატომ ეცდებოდა მისი ქმარი სხვა ქვეყნის საზღვრის გადაკვეთას ისე, რომ თან არ ექნებოდა საკუთარი პასპორტი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი