ახალი ამბებიკომენტარი

საჯაია: პრეზიდენტისგან განსხვავებით, კმაყოფილი ვართ კონსტიტუციაში ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე ჩანაწერით

20 აპრილი, 2017 • 8567
საჯაია: პრეზიდენტისგან განსხვავებით, კმაყოფილი ვართ კონსტიტუციაში ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე ჩანაწერით

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პოლიტიკური მდივანი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ლიკა საჯაია მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში არის ევროატლანტიურ მისწრაფების ადგილი, რადგან ეს ქართველი ხალხის არჩევანია.

დღეს, 20 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ რაიმეს ჩაწერა სწორად არ მიაჩნია.

“გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენთვის კონსტიტუციაში ევროატლანტიკური სივრცის შესახებ რამის ჩაწერა არ იქნება ადეკვატური ნაბიჯი,”- ამბობს პრეზიდენტი.

ლიკა საჯაია კი ამბობს, რომ კონსტიტუციაში არის ამ ჩანაწერის ადგილი, რადგან ევროატლანტიკური სივრცის წევრობის შესახებ ხალხმა საკუთარი ნება რეფერენდუმზე გამოხატა და ასევე, ეს სახელმწიფოს გაცხადებული პრიორიტეტია.

“გარდამავალ დებულებებში ეს ჩაიწერა ერთგვარი დავალების ფორმით, რომ სახელმწიფო ორგანოებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ ამ მიზნისა და მისწრაფების მისაღწევად, ვფიქრობთ, რომ ნამდვილად არ არის ცუდი ჩანაწერი და ჩვენ ამ ჩანაწერით ძალიან კმაყოფილი ვართ, განსხვავებით საქართველოს პრეზიდენტისგან,”- განაცხადა ნეტგაზეთთან საუბრისას ლიკა საჯაიამ.

მისივე თქმით, სხვა ქვეყნის კონსტიტუციებში გვხვდება ჩანაწერები ქვეყნის კურსის შესახებ:

“თუ გადავხედავთ პრაქტიკას, ეს ნამდვილად არ არის საქართველოს კონსტიტუციის ნოუ-ჰაუ, მსგავსი ჩანაწერები არის სხვა ქვეყნების კონსტიტუციებში, მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ ლიტვის კონსტიტუცია, სადაც წერია, რომ ლიტვას ეკრძალება პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმოქმნილი ინსტიტუციების წევრობა, რუმინეთის კონსტიტუციაშიც არსებობს მსგავსი ჩანაწერი, ხორვატიის კონსტიტუციაშიც… ამიტომ, პოლიტიკური კურსის ადგილი ნამდვილად არის კონსტიტუციაში და ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს არის მნიშვნელოვანი განაცხადი,”- განაცხადა ლიკა საჯაიამ.

“კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად” – ასეთია გარდამავალ დებულებებში ასახული ჩანაწერი, რომელიც საკონსტიტუციო კომისიას “ქართულმა ოცნებამ” 18 აპრილს შესთავაზა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი