ახალი ამბები

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გენერალური პროკურორის არჩევის წესზე

17 ოქტომბერი, 2022 • 1088
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გენერალური პროკურორის არჩევის წესზე

პარლამენტის ​იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა და მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ადგენს.

პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს აირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით, ანუ 90 ხმით.

თუ აღნიშნული წესით პარლამენტი გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, მაშინ გენერალური პროკურორის არჩევა მოხდება სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ანუ 76 ხმით და ამ შემთხვევაში გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა იქნება ერთი და არა ექვსი წელი, როგორც ეს 90 ხმით არჩევის შემთხვევაშია გათვალისწინებული.

ამასთანავე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორის არჩევისას მეორე და მესამე კენჭისყრა ტარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს.

ცვლილებებზე ​მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტს საუკეთესო ევროპული გამოცდილება არ აქვს და კონსტიტუციურ-სამართლებრივი კუთხით შინაარსობრივად გაუმართავია.

„ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ შემოთავაზებულია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ისეთი მოდელი, რომელსაც არავითარი საუკეთესო ევროპული გამოცდილება არ გააჩნია და ამასთანავე, ეს არის კონსტიტუციურ-სამართლებრივი და სისხლის სამართლის პოლიტიკის გაგებით უკიდურესად გაუმართავი შინაარსობრივი დატვირთვის მქონე ცვლილება.

ამის მიღების ერთადერთი გამართლება მდგომარეობს იმაში, რომ ეს იყოს დროებითი წესი, რათა ჩვენ ეს პუნქტი ჩაგვეთვალოს შესრულებულად და საბოლოოდ მოხდეს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ერთადერთი ამ ლეგიტიმური მიზნით შეიძლება იყოს ეს დროებით წესი გამართლებული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობილია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებენ „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „მოქალაქეების“ და „ევროპელი სოციალისტების“ წევრები.

საკონოსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას აპირებს „ლელო“. როგორც პარტიის წევრმა დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული ცვლილებები შარლ მიშელის შეთანხმებაშიც შედიოდა, რომელიც 1 წლის წინ მმართველ პარტიასთან ერთად დააინიცირეს.

„იგივე ტექტსია, მძიმე და წერტილი იგივეა, ამიტომ მას მხარს დავუჭერთ. ასევე ჩვენ ვითხოვთ და ველით, რომ კენჭისყრაზე დადგება ცვლილებების ის პროექტი, რომელიც პირველი მოსმენითაა მიღებული“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პლენალურ სხდომაზე ხვალ, 18 ოქტომბერს განიხილავენ და კენჭი პირველი მოსმენით ეყრება. საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი