საზოგადოება

ითხოვს თუ არა ევროკომისია საარჩევნო ბარიერის დაწევას

10 ნოემბერი, 2023 • 1440
ითხოვს თუ არა ევროკომისია საარჩევნო ბარიერის დაწევას

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ პირობებში, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდა, საარჩევნო რეფორმა ისევ მოხვდა.

კერძოდ, ევროკომისია ამბობს, რომ ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით, 2024 წელს და შეასრულოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები.

კომისია იქვე აღნიშნავს, რომ ქვეყანამ უნდა დაასრულოს საარჩევნო რეფორმები, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლების უზრუნველყოფა არჩევნებამდე საკმაოდ ადრე. რას გულისხმობს ევროკომისია ამ ჩანაწერში, დაზუსტებული არაა. თუმცა ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ჩანაწერი, სავარაუდოდ, საარჩევნო ბარიერის დაწევას უნდა ნიშნავდეს, რათა ამომრჩეველთა ხმები პარლამენტში სათანადოდ იყოს წარმოდგენილი.

როგორი იქნება საარჩევნო ბარიერი 2024 წლის არჩევნებისთვის?

საქართველოს კონსტიტუცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს. თუმცა 2020 წლის არჩევნების შემდეგ დაწყებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიზნით დადებული 19 აპრილის ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებით, პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს ვალდებულება, რომ გატარდებოდა საარჩევნო რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ბარიერი „ბუნებრივიდან 2%-მდე“ განისაზღვრებოდა.

19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე პარლამენტმა 2021 წლის სექტემბერში საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო, რომელიც საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევას ითვალისწინებს. თუმცა მეორე და მესამე მოსმენა არ გამართულა და საკონსტიტუციო ცვლილებებიც ძალაში არ შესულა. მმართველი პარტია აცხადებდა, რომ ბარიერის დაწევის არავითარი ვალდებულება არ აქვს. ამას ერთოდა ისიც, რომ 2021 წლის ივლისში მმართველმა პარტიამ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

თუმცა მას შემდეგ, რაც 2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა, დღის წესრიგში ისევ დაბრუნდა საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებდნენ, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, მაშინ საარჩევნო ბარიერს 2%-მდე დაწევდნენ. ამასთან დაკავშირებით განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 2022 წლის 7 ივლისს გააკეთა, როდესაც უკვე ჩავლილი იყო ევროპული საბჭოს სხდომა, რომელზეც საქართველომ სტატუსი ვერ მიიღო.

კერძოდ, კობახიძემ განაცხადა, რომ „[2022 წლის] დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად, 2024 წლის და მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება“.

მოგვიანებით ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობის საკითხის ხელმეორედ გარკვევა 2023 წლის ბოლომდე გადადო, თავდაპირველად დაანონსებული 2022 წლის დეკემბრის ნაცვლად. ამის შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ აცხადებდნენ, რომ კობახიძე გულისხმობდა კანდიდატის სტატუსის 2022 წელს მიღებას. მმართველი პარტიის განცხადებით, მათ ლიდერს არ უთქვამს, რომ „თუ საქართველო სტატუსს გაისად, ოდესღაც და იმის შემდეგ მიიღებს“, ბარიერს დაწევდნენ.

მას შემდეგ, რაც 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ახალი პირობები განსაზღვრა, რომელშიც მათ შორის  ისიც თქვა, რომ ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს, გაჩნდა კითხვა, ხომ არ შეიცვლებოდა ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის ბოლო პოზიცია.

როგორც „ქართული ოცნების“ წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ნეტგაზეთს განუცხადა, მმართველი პარტია არ აპირებს, ბარიერის დაწევის საკითხს მიუბრუნდეს. მისი თქმით, ეს „გუშინწინდელი დღე და გადაშლილი ფურცელია“.

რას ამბობს ოპოზიცია

მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია საარჩევნო ბარიერის დაწევაზე არც ევროკომისიის ახალი პირობის გამო ფიქრობს, ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებას მაინც აპირებენ.

როგორც რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე ნეტგაზეთთან ამბობს, არ ელის, რომ „ქართული ოცნება“ ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებისკენ იქნება მომართული, მით უმეტეს, იმისკენ, რომ არჩევნებზე ყველა ოპოზიციური ხმა მაქსიმალურად იყოს ასახული მანდატებში.

მისი თქმით, პარტნიორებთან შეხვედრაზე ბარიერის დაწევის საკითხს მუდმივად აყენებს და ახალი პირობების შემდეგ ოპოზიციას მომავალ სასესიო კვირაში მოუწევს, რომ ამის შესახებ ისაუბროს. როგორც სამნიძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ბარიერის დაწევა „ქართული ოცნების“ მოტივაცია არაა, ოპოზიცია მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეს, რათა ეს პირობა მმართველმა პარტიამა გაითვალისწინოს.

„ამ ჩანაწერს თუ წავიკითხავთ ისე, რომ ამომრჩეველი სრულად იყოს წარმოდგენილი არჩევნების შედეგად პარლამენტის შემადგენლობაში, დიახ, ეს ნიშნავს, რომ ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ადეკვატური ხმების მიღების შემთხვევაში [მოხვდეს პარლამენტში]. გარდა ამისა, ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ემიგრანტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მაქსიმალურად იყვნენ წარმოდგენილი, როგორც ამომრჩევლები. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ამ ჩანაწერის გათვალისწინება ამ მიმართულებითაც“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

კიდევ ერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია, რომელიც ბარიერის დაწევას ითხოვს, „გირჩია“. თუმცა „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მათთვის ნათელი არაა, რას გულისხმობს ევროკომისია ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლების უზრუნველყოფაში. ამიტომ, მისი თქმით, „გირჩი“ აპირებს, რომ ეს ჩანაწერი ევროკავშირის წარმომადგენლებთან დააზუსტოს.

„საერთოდ რას ნიშნავს ეს ჩანაწერი, ვერ გავიგე. ბარიერის დაწევა შეიძლება იყოს ერთ-ერთი ვარაუდი და ყველაზე ლოგიკური ამ სიტუაციაში. მე ძალიან მინდა, რომ ამას გულისხმობდნენ, მაგრამ ეს არ არის პირდაპირ ნათქვამი.

სივრცე არის დატოვებული [იმისთვის, რომ ბარიერი დაწიონ], უბრალოდ, „ქოცები“ ამას იმ შემთხვევაში აკეთებენ, როცა მათ აწყობთ. ვერ ვხედავთ პოლიტიკურად ისეთ სიტუაციას, სადაც მათ შეიძლება 2%-იანი ბარიერი აწყობდეთ“, – აცხადებს სანდრო რაქვიაშვილი და დასძენს, რომ ბარიერის დაწევის საკითხს „გირჩი“ აუცილებლად დააყენებს, რადგან ეს ერთადერთი სწორი გამოსავალი ჰგონიათ.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის ანგარიშში ბარიერის დაწევა პირდაპირ ნახსენები არაა, „ლელოს“ წევრი და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე ამბობს, რომ ამის ამოკითხვა მაინც შესაძლებელია.

ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ევროკომისიის ანგარიშის სწორედ იმ ნაწილში, სადაც საარჩევნო რეფორმებზეა საუბარი, ნახსენებია 19 აპრილის შეთანხმება. კერძოდ, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებას ელოდება.

ამიტომ, გიორგი სიორიძის თქმით, ეს ჩანაწერი იძლევა იმის საშუალებას, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებში ბარიერის დაწევაც იგულისხმებოდეს.

„ის, რომ ბარიერი უნდა დაწეულიყო, ეს შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია, რომელიც არ შეასრულა „ქართულმა ოცნებამ“ და ამაზე აკეთებს აქცენტს ევროკომისიის ანგარიში, რომელიც ამბობს, რომ ის ელემენტები, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაში არსებობდა, ჯერ კიდევ საჭიროებს იმპლემენტაციას. ამით პირდაპირ ამბობს ევროკომისია, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც ცალმხრივად განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება არის ანულირებული, ეს გააკეთა თვითნებურად და მას არანაირი შედეგი არ აქვს. რადგან ევროკომისია, არ აღიარებს მრავალმხრივი შეთანხმების ცალმხრივი გაწყვეტის შესაძლებლობას“, – ამბობს გიორგი სიორიძე ნეტგაზეთთან.

მისი თქმით, „ლელოსთვის“, თავის პოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე, მთავარ პრიორიტეტს ბარიერის დაწევა არ წარმოადგენს, რადგან პარტია ამოცანად არ მიიჩნევს 2024 წლისთვის უბრალოდ ბარიერის გადალახვას.

თუმცა, ვინაიდან „ლელო“ 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი ხელმომწერია, გიორგი სიორიძის თქმით, პარტია ამ შეთანხმების ერთგულია და ბარიერის დაწევასაც, რომელიც ამ შეთანხმების ნაწილია, მხარს დაუჭერს.

„კარგი იქნება, თუკი დაზუსტდება ეს ჩანაწერი“

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძეც ფიქრობს, რომ ადეკვატური წარმომადგენლობის შესახებ ჩანაწერი, სავარაუდოდ, საარჩევნო ბარიერთან არის დაკავშირებული. მისი თქმით, აქ, სავარაუდოდ, ისეთი საარჩევნო ბარიერი იგულისხმება, რომელიც პარლამენტში ამომრჩევლის წარმომადგენლობითობას უზრუნველყოფს და ნაკლები ხმა იქნება დაკარგული.

„რაც შეეხება თავად ამ რეკომენდაციების ნაწილს, ერთი შეეხება თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებას და მეორე არის რეფორმების გაგრძელება. რეფორმების გაგრძელებაში იგულისხმება საარჩევნო ადმინისტრაციის და ცესკოს დაკომპლექტების ნაწილი, რადგან ცესკოს დაკომპლექტება რამდენიმეჯერ შეიცვალა და გაუარესდა შარლ მიშელის შეთანხმების შემდეგ. მთავარი სულისკვეთება, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ადგილობრივი ორგანიზაციებიც ვითხოვთ, არის ის, რომ ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები არჩეული იყვნენ მაღალი კვორუმით, კონსენსუსით და სხვადასხვა პარტიის მონაწილეობით. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ცესკოს ჰქონდეს ნდობა ყველას მხრიდან“, – ამბობს ნინო დოლიძე ნეტგაზეთთან.

თუმცა ნინო დოლიძის თქმით, კარგი იქნება, თუ დაზუსტდება, რას გულისხმობს ეს ჩანაწერი, რათა ინტერპრეტაციებისთვის ნაკლები სივრცე დარჩეს.

„ალბათ, კარგია, რომ ეს შეკითხვა ჩვენც დავსვათ და თუ ევროკომისიის სურვილია, კარგი იქნება, რომ დააზუსტოს, მაგრამ ის, რომ ამომრჩეველი იყოს სათანადოდ წარმოდგენილი, ეს ისედაც ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერი საარჩევნო სისტემის შერჩევის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნის კონტექსტი იყოს გათვალისწინებული. ვარაუდებით რომ გვიწევს საუბარი, ეს ცოტა პრობლემურია და ამიტომ კარგი იქნება, თუკი დაზუსტდება ეს ჩანაწერი და ჩვენც უფრო მეტად შევძლებთ ამის ადვოკატირებას“, – აცხადებს ნინო დოლიძე.

ნინო დოლიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ევროკომისია ხაზს უსვამს საარჩევნო რეფორმის დასრულების დროსაც და აღნიშნავს, რომ ეს „არჩევნებამდე საკმაოდ ადრე“ უნდა მოხდეს. მისი თქმით, საარჩევნო ცვლილებები ბოლომდე მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა განხორციელდეს, რადგან რამდენიმე თვეში უკვე საარჩევნო წელი იწყება.

ნეტგაზეთმა ევროკომისიასაც მიმართა კითხვით, თუ რას გულისხმობენ ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლების უზრუნველყოფაში. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი