საზოგადოება

რატომ უნდა განაწილდეს ძალაუფლება პარლამენტში

21 თებერვალი, 2022 • 1282
რატომ უნდა განაწილდეს ძალაუფლება პარლამენტში

პარლამენტში ძალაუფლების განაწილება შარლ მიშელის სახელით ცნობილი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია, რომლის შესრულების ვალდებულება მმართველმა პარტიამ ერთი წლის წინ აიღო. თუმცა ,შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, აღნიშნული პუნქტის განხორციელება პოლიტიკურ დღის წესრიგში ვერ მოექცა.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილების აუცილებლობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის გასაძლიერებლად შეთანხმების ამ პუნქტის შესრულება აუცილებელია.

რაზე იყვნენ შეთანხმებული „ოცნება“ და ოპოზიცია

შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, პარლამენტში ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ძალაუფლება უნდა განაწილებულიყო, რაც ითვალისწინებდა 16 საპარლამენტო კომიტეტიდან 5-ის თავმჯდომარედ ოპოზიციის წარმომადგენლის დანიშვნას.

შეთანხმების დოკუმენტში ჩამოთვლილი იყო 5 კომიტეტი, რომელთაგან 2 აუცილებლად ოპოზიციის ხელმძღვანელობის ქვეშ უნდა ყოფილი. ეს კომიტეტებია:

  1. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი;
  2. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
  3. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;
  4. საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი;
  5. საგარეო საქმეთა კომიტეტი.

გარდა ამისა, პარლამენტში ძალაუფლების განაწილება ითვალისწინებდა:

  • პარლამენტის წევრებს ოპოზიციური პარტიებიდან  უნდა დაეკავებინათ საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარის 1 პოზიცია იმ საპარლამენტო დელეგაციებში, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ შემდეგ საერთაშორისო ფორუმებში: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა;
  • სამომავლოდ, სხვა პოზიციები უნდა განაწილებულიყო ისეთი ინკლუზიური ფორმულის გამოყენებით, როგორიცაა D’Hondt მეთოდი [რომელიც არაპროპორციულობის მინიმუმამდე დაყვანისთვის გამოიყენება];
  • პარტიებს უნდა ეზრუნათ ,,ჟან მონეს დიალოგის“ ფორმატის შექმნაზე ევროპარლამენტთან.

ამავე პუნქტში აღნიშნული იყო, რომ ძალაუფლების მეტი განაწილების პროცესი შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა დაწყებულიყო, რათა ცვლილებები ძალაში შესულიყო 2021 წლის საშემოდგომო სესიის მოწვევისთანავე.

მიუხედავად დოკუმენტით განსაზღვრული დროისა, პარლამენტში ძალაუფლების მეტი განაწილების პროცესი არ დაწყებულა. სანამ „ქართული ოცნება“ შეთანხმებას ანულირებულად გამოაცხადებდა, უმრავლესობის წევრები აცხადებდნენ, რომ პროცესი საშემოდგომო სესიიდან დაიწყებოდა.

ახლა კი, როცა საპარლამენტო ცხოვრებაში ოპოზიციის თითქმის სრული შემადგენლობაა ჩართული, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ძალაუფლების განაწილების საკითხი ისევ დღის წესრიგში უნდა დადგეს.

როგორ უნდა განაწილდეს ძალაუფლება პარლამენტში

მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების ნაწილში პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარეების თანამდებობები  სახელისუფლებო და ოპოზიციურ ფრაქციებს შორისაა განაწილებული. საკანონმდებლო ორგანოებში ძალაუფლების განაწილების ფორმებს შორის  არსებობს როგორც პროპორციული მიდგომა, ასევე კომიტეტის თამჯდომარეებს შორის ოპოზიციისთვის წინასწარ გამოყოფილი კვოტა.

როგორც საიას პროექტის კოორდინატორი ნანუკა ყრუაშვილი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, ორგანიზაცია უფრო მეტად სამართლიანად სწორედ პროპორციულ მიდგომას მიიჩნევს, რომლის მიხედვითაც პარტიები იმის პროპორციულად იკავებენ კომიტეტების თავმჯდომარეების ადგილს, რა პროპორციითაც საკანონმდებლო ორგანოში არიან წარმოდგენილნი.

მისი თქმით, საია შარლ მიშელის დოკუმენტის შემუშავებამდეც, წლებია, პარლამენტში ძალაუფლების განაწილების აუცილებლობაზე მიუთითებდა.

მაგალითად, 2020 წელს საიამ 15 ქვეყნის პრაქტიკაზე დაყრდნობით  საპარლამენტო კონტროლისა და პარლამენტის ორგანიზაციულ მოწყობის საკითხების შესახებ საქართველოს პარლამენტს მოსაზრება წარუდგინა. პარლამენტისთვის წარდგენილ წინადადებაში ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევდა თანამდებობების განაწილების პროპორციულ მიდგომას.

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2022/02/წულუკიანი-1.png

როგორც ნანუკა ყრუაშვილი ამბობს, ეს მიდგომა უფრო მეტად აზღვევს პარლამენტში პლურალიზმსა და დემოკრატიას. მისი თქმით, თუ ასეთი ცვლილებები მოხდება და ამ საკითხს ოპოზიცია წინ წამოწევს, ძალიან კარგი იქნება. როგორც საია-ს კოორტინატორი აღნიშნავს, ძალაუფლების განაწილების საკითხი თავად ოპოზიციის ინტერესშიც შედის.

„ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რამდენად იქნება ამაზე მმართველი პარტიის რეაგირება, ძნელია ამის განჭვრეტა. მაგრამ კარგი იქნება, თუ დააყენებენ და ეს დღის წესრიგიდან არც უნდა დაკარგულიყო. იმიტომ, რომ ეს პუნქტი შარლ მიშელის დოკუმენტში ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი ფუძემდებლური პუნქტი არის იმისთვის, რომ რეალურად დანარჩენი საკითხები იყოს განხილული, რაც რეფორმებს შეეხება.

კომიტეტის თავმჯდომარეობა არის ბერკეტიც, არის პოლიტიკური თანამდებობა და არის გადაწყვეტილების მიმღებიც. რეალურად, ახლა კომიტეტების თავმჯდომარეები არიან უმრავლესობის წევრები. რა თქმა უნდა, ეს პროპორციულად არ ასახავს პარლამენტში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობას და თვითონ ოპოზიციის ინტერესებში შედის, რომ მათი პოლიტიკური სიტყვა უფრო წონადი იყოს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება მათი კომიტეტის თავმჯდომარეობა ან მოადგილეობა. რეალურად, დღის წესრიგში რა საკითხებიც დგება და პარლამენტი რასაც განიხილავს, ამის ნავიგაციის საშუალება აქვს თავმჯდომარეს და არ უნდა ამბობდნენ ამაზე უარს“, – აღნიშნავს ნანუკა ყრუაშვილი.

კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც  არაერთი წელია პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას ლობირებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოა“(TI). ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, ეწერებოდა თუ არა შარლ მიშელის დოკუმენტში, ამ ცვლილებების განხორციელება პარლამენტის გაძლიერებისთვის მაინც მნიშვნელოვანი იყო.

მისი თქმით, ეს ქართული ნოუ-ჰაუ არ არის და მნიშვნელოვანი იქნებოდა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა საქართველოშიც გაეზიარებინათ.

„ეს პუნქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ არა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში ეწერა, მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თავისი შინაარსით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პარლამენტში ოპოზიციურ ძალთა ბალანსს. ამიტომ უნდა მოხდეს ამის მოთხოვნა და ძალიან კარგი იქნება, თუ რეალურად მივაღწევთ არა მხოლოდ იმას, რაც ამ კუთხით შარლ მიშელის დოკუმენტში ეწერა, კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგმება პარლამენტში ოპოზიციის გაძლიერების მიმართულებით“, – ამბობს ლიკა საჯაია.

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2022/02/წულუკიანი-2.jpg

ლიკა საჯაიას თქმით, კომიტეტის თავმჯდომარეობა მხოლოდ პრივილეგია არ არის და ვალდებულებაცაა და კარგი იქნება, თუ ამ ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა ოპოზიციასაც ექნება.

როგორც TI-ის საპარლამენტო მდივანი აღნიშნავს, კომიტეტის საქმიანობის ეფექტიანობა თავმჯდომარეზეცაა დამოკიდებული. ვისი დაბარება მოხდება კომიტეტში, რომელი საკითხები უნდა განიხილოს, კომიტეტის სამოქმედო გეგმის შედგენა. საჯაიას თქმით,  სხვა დეპუტატებთან ერთად, ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვან როლს სწორედ პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე თამაშობს.

„ჩვენ თუ გადავხედავთ ჩვენს საპარლამენტო ცხოვრებას, ძალიან ხშირად სწორედ თავმჯდომარე განაპირობებს ხოლმე, რამდენად ეფექტიანია კომიტეტი, მაგალითად, შეიქმნება თუ არა სამუშაო ჯგუფები გარკვეულ კანონპროექტზე მუშაობისთვის, მოხდება თუ არა საკონსულტაციო ჯგუფების შერჩევა…

ისიც გვინახავს, რომ ზოგჯერ არსებობენ კომიტეტის თავმჯდომარეები, რომლებიც იქ მისულ არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ ექსპერტებს სიტყვას არ აძლევენ, ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პლაკატის და მაისურის გამო ვიღაცის გაძევება მოუთხოვიათ“, – აღნიშნავს ლიკა საჯაია.

საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით ლიკა საჯაია იმ კომიტეტებს ასახელებს, რომელთაც ოპოზიციონერი პარლამენტის წევრები ხელმძღვანელობენ. მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები თავმჯდომარეებად ისეთ კომიტეტებში გვხვდებიან,  რომლებიც ძლიერი საზედამხედველო ფუნქციით არიან აღჭურვილი.

„პირველ რიგში ეს არის ხოლმე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, სადაც ბიუჯეტის დამტკიცება და კონტროლი ხდება, ასევე, უსაფრთხოების კომიტეტი არის ხოლმე ოპოზიციის წარმომადგენლის თავმჯდომარეობით, ჩვენ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტი ერთად გვაქვს და ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ კომიტეტის თავმჯდომარეც ოპოზიციონერი იქნება.

ასევე კარგი იქნება, თუ ადამიანის უფლებების კომიტეტს უხელმძღვანელებს ოპოზიციის წარმომადგენელი. საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს ასეთი კომიტეტი – პეტიციების კომიტეტი, რომელიც ცალკე ჩვენ არ გვაქვს პარლამენტში და ეს კომიტეტი ძირითადად განცხადებებს და მოქალაქეთა პრეტენზიებს განიხილავს. ჩვენთან ასეთი სახის განცხადებები ადამიანის უფლებათა კომიტეტში შედის ხოლმე და კარგი იქნება, თუ ადამიანის უფლებათა კომიტეტსაც უხელმძღვანელებს ოპოზიციის წარმომადგენელი“, – აცხადებს ლიკა საჯაია.

რატომ არ  აქვს „ოცნებას“ ძალაუფლების განაწილების ნება

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პოლიტიკური შურისძიებით დაკავებულ „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების განაწილების სურვილი არ აქვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები „ნეტგაზეთთან“ ამბობენ, რომ პარლამენტში ძალაუფლების განაწილებაზე მმართველ პარტიას არც ნება გამოუხატავს და არც ოპონენტებთან ჰქონია ამაზე კომუნიკაცია.

„ლელოს“ პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის თქმით, ამჯერად შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება და  პარლამენტში ძალაუფლების განაწილებისთვის მზადყოფნა  და სურვილიც მან უნდა გამოთქვას.

სამადაშვილის თქმით,  იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ ჟან მონეს დიალოგის დაწყებასაც კი „ბლოკავს“, ვერ ხედავს განწყობას, რომ დაიწყონ მათ შეთანხმების რომელიმე პუნქტის შესრულება.

„ეს ხდება, მათ შორის, პარლამენტში ძალაუფლების განაწილების ჩანაწერზე, ამ მიმართულებით არანაირი პროგრესი არ ყოფილა და „ქართული ოცნება“ არანაირ პოლიტიკურ ნებას არ ავლენს[…] ძალიან ეჭვი მეპარება, რომ არსებობდეს სივრცე ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე პროგრესის მისაღწევად“, – აცხადებს „ნეტგაზეთთან“ სალომე სამადაშვილი.

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2022/02/Untitled-design-2022-02-04T135933.554.png

თუმცა სალომე სამადაშვილს მიაჩნია, რომ თუ ოპოზიციის წევრები კომიტეტის თავმჯდომარეები იქნებიან,  საკომიტეტო მუშაობის ბერკეტების აქტიურად გამოყენება ოპოზიციის მხრიდან გაძლიერდება. მისი თქმით,  ეს მუშაობის ინსტრუმენტია და სწორედ ამიტომ იყო თავის დროზ, ამ პუნქტის ჩადება მიშელის დოკუმენტში მნიშვნელოვანი.

როგორც სამადაშვილი აღნიშნავს,  პარლამენტის მუშაობაში ოპოზიციის გაძლიერება აძლიერებს დემოკრატიას ქვეყანაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ოპოზიციას აძლევს ბერკეტებს, მეტი ზეგავლენა მოახდინოს „ქართულ ოცნებასა“ და ხელისუფლებაზე.

იმის საილუსტრაციოდ, თუ რატომაა კომიტეტის თავმჯდომარეობა ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტი, სამადაშვილს მაგალითად მოჰყავს ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით „ლელოს“ მიერ გასული წლის დეკემბერში ინიციირებული რეზოლუცია, რომელიც კომიტეტს ამ დრომდე არ განუხილავს.

სამადაშვილის თქმით, მათი რეზოლუცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს დღის წესრიგში არ შეაქვს და ამით მის განხილვას აფერხებს.

„ამ შემთხვევაში საკომიტეტო მუშაობის დღის წესრიგს წარმართავს ამ კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც იღებს დირექტივებს კობახიძისგან, კობახიძე იღებს დირექტივას ივანიშვილისგან. მიღებული აქვს დირექტივა, რომ ნატოში გაწევრების შესახებ რეზოლუცია არ უნდა იქნას მიღებული, ან უნდა გადაიწიოს ამ განხილვებმა რაც შეიძლება მაქსიმალური დროით.

მაგალითად, დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს რომ ჰყავდეს დემოკრატიული და რეალურად პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენელი თავმჯდომარე, ნატოში გაწევრების შესაბამისი რეზოლუცია დიდი ხანია იქნებოდა განხილული კომიტეტზე და წარდგენილი პლენარული სხდომისთვის. თუ „ქართულ ოცნებას“ ჩაგდება უნდოდა, მოუწევდა, რომ მხარი არ დაეჭირა კენჭისყრაზე. ამის ნაცვლად დღის წესრიგში ვერ ხვდება საკითხი კომიტეტის თავმჯდომარის მიერ დაბლოკვის ხარჯზე“, – ამბობს სამადაშვილი.

თუმცა „ლელოს“ პოლიტიკურ მდივანს არ აქვს იმის მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებისთვის რაიმე თანამშრომლობაზე წავა.

პარლამენტში ოპოზიციისთვის ძალაუფლების განაწილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიაჩნია „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს, ხათუნა სამნიძეს. მისი თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში ისევ უნდა დადგეს და ოპოზიციამ პასუხისმგებლობა უნდა გაინაწილოს.

„მე მინდა საზოგადოებას ვთხოვო წარმოიდგინოს, თუ ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელი იქნება ოპოზიციის წარმომადგენელი, რამდენად შეიცვლება ვითარება, როდესაც კომიტეტი უკვე ადამიანის უფლებათა ჭრილში განიხილავს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, სხვადასხვა მოვლენას და სადაც დაიბარებს ნებისმიერ მინისტრს და არ ექნება საშუალება ხელისუფლებას, რომ კანონი დაარღვიოს და არ დაიბაროს კომიტეტმა მინისტრი.

აქამდე ჩვენ მივმართავთ კომიტეტს და კომიტეტს შეუძლია მინისტრი მოიწვიოს. კომიტეტი სხვადასხვა მომიზეზებით არ აკეთებს ამას. თუ ოპოზიცია იქნება ხელმძღვანელობაში, ვეღარ გაექცევიან ამ პასუხისმგებლობას მინისტრები. გარდა ამისა, პოლიტიკური შეფასებების დროს ოპოზიციის ხელმძღვანელობის პირობებში ასეთი განცხადებები იქნება მკაფიო  და მკაცრი და ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას“, – ამბობს „ნეტგაზეთთან“ სამნიძე.

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2021/04/Untitled-design-20.png

სამნიძე „ნეტგაზეთთან“ იხსენებს მოლაპარაკებების პროცესს და ამბობს, რომ მაშინ ის კომიტეტებიც ჩამოიწერა, რომლის თავმჯდომარეც ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესში დასახელებულ კომიტეტებს შორის იყო: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, განათლებისა და მეცნიერების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი.

ხათუნა სამნიძის თქმით, პარლამენტში ძალაუფლების განაწილების საკითხს „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო პარტნიორებიც ახსენებენ. მისი თქმით, ამ საკითხზე საუბარი იყო დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტისასაც.

„ჩვენი „რეფორმების ჯგუფი“ ხშირად ვახსენებთ „ქართულ ოცნებას“, რომ ძალაუფლების პუნქტი ჯერ კიდევ ღიაა, მათ უარი არ უთქვამთ ამაზე და დასაწყებია ამაზე საუბარი. მით უმეტეს, ახლა ბრიტანეთში ვიზიტის დროს ეგ უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც გაჟღერდა, სადაც ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ.

ამიტომ იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ ამას გააკეთებს. თუმცა „ქართული ოცნება“ უფრო მეტად დაკავებულია პოლიტიკური შურისძიებით და თავდასხმებით. ეს არ არის ის ძალა, რომელიც გაბედავს, ამას სჭირდება გამბედაობა და სჭირდება, რომ ძლიერი იყოს. არც ძლიერია „ქართული ოცნება“ და არც გამბედავი. საერთოდ არ იცის, რას ნიშნავს ძალაუფლების განაწილება. ის თვლის, რომ ერთპარტიულად უნდა იყოს ქვეყნის მმართველი“, – ამბობს ხათუნა სამნიძე.

„ნეტგაზეთმა“ სცადა გაერკვია, რას ფიქრობს ძალაუფლების საკითხზე პარლამენტის ყველაზე დიდი ოპოზიური ფრაქცია -„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“. თუმცა მათ ამ საკითხზე საუბარი არ ისურვეს.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, მათი მხრიდან შეთანხმება ანულირებულია და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების საკითხიც დღის წესრიგში აღარ დგას.

თუმცა ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს, პარტნიორები მას კვლავ მოუწოდებენ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი