ქოლგა ევროკავშირის ფერებში © EPA/VASSIL DONEV

საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ჩანაწერი შესაძლოა კონსტიტუციაში გაჩნდეს

“კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”, – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრის, გიორგი გოცირიძის ინფორმაციით, ეს ჩანაწერი შესაძლოა საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდეს, რადგან დღეს ის საკონსტიტუციო კომისიას “ქართულმა ოცნებამ” შესთავაზა.

უნდა ეწეროს თუ არა ევროატლანტიკური კურსის შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში? – ამ საკითხის შესახებ დისკუსია მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი თებერვალში ამბობდა, რომ სხვადასხვა ორგანიზაციის წევრობის საკითხი კონსტიტუციაში არ უნდა ეწეროს.

ჩუგოშვილი მიიჩნევდა, რომ რომ პრეამბულაში “სამართლებრივად და იურიდიულად” არ არის ადგილი იმ ორგანიზაციებზე ჩანაწერის შესახებ, რომლისკენაც საქართველო ისწრაფვის, თუმცა ჩუგოშვილი აცხადებდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდს მკაცრად ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

საქართელოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშილი კი აცხადებდა, რომ “კონსტიტუციაში ევროატლანტიკური კურსის დაფიქსირება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com