ახალი ამბები

-14 გადაცემა = 4 მილიონ ლარს – როგორია საზმაუს მენეჯმენტის ფილტრი

17 თებერვალი, 2017 • 4218
-14 გადაცემა = 4 მილიონ ლარს –  როგორია საზმაუს მენეჯმენტის ფილტრი

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გათვლით, მათ მიერ დღეს წარმოდგენილი გეგმა, რომელიც პირველ არხზე 14 გადაცემის დახურვას ითვალისწინებს, თანხობრივად დაახლოებით 4 მილიონ ლარს ნიშნავს, რომელიც ინფრასტრუქტურული და ტექნიკური გადაიარაღების მიმართულებით წავა, თუმცა ჯერ უცნობია მიიღებს თუ არა სამეურვეო საბჭო ამ გეგმას.

[red_box]მენეჯმენტის ფილტრი[/red_box]

საზოგადოებრივი მაუწყებელის აღმასრულებელმა საბჭომ, რომელიც გენერალური დირეტქორისა და მისი გუნდისაგან შედგება, დღეს სამეურვეო საბჭოს წარუდგინა პირველ არხზე გადაცემების გაფილტვრის გეგმა და ფორმულა, რომლის მიხედვითაც 14 გადაცემა უნდა დაიხუროს, ხოლო 14 (პლიუს მოამბე) დარჩეს. წარმოდგენილი ხედვის მიხედვით, ფილტრის უმთავრესი კომპონენტი გადაცემების რეიტინგია, პლიუს ნაწილობრივ დანახარჯები ფასეულობასთან მიმართებაში.

გეგმის მიხედვით წითელ ზონაში მოცემული გადაცემები იხურება

გეგმის მიხედვით წითელ ზონაში მოცემული გადაცემები იხურება

ამ გეგმის პრეზენტაციას წინ უსწრებდა სამეურვეო საბჭოს მიერ გუშინ, 16 თებერვალს მენეჯმენტისთვის გადაცემული 4-პუნქტიანი ჩარჩო-კრიტერიუმების სქემა, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარისხი უნდა შეფასდეს შემდეგი საზომებით: ზეგავლენა, წვდომა და წილი (რეიტინგი), ფასეულობა დანახარჯებთან მიმართებაში.

დღეს აღმასრულებელმა საბჭომ განაცხადა, რომ მაუწყებლის საქმიანობის შეფასების ოთხივე პარამეტრი მათთვის მისაღებია ოღონდ გრძელვადიან პერსპექტივაში: “რადგან ხარისხის, ზეგავლენისა და დანახარჯებთან მიმართებით ფასეულობის პარამეტრების განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური და ძვირად ღირებული კვლევებით”.

[blue_box]სამეურვეო საბჭოს წევრების მოსაზრებები[/blue_box]

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღეს მენეჯმენტის მიერ შემოთავაზებულ გეგმაზე რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია. ბორდის წევრები შეთანხმდნენ, რომ წარმოდგენილ ფორმულასა და დოკუმენტს შეისწვალიან, ხოლო მომდევნო კვირიდან მენეჯმენტთან დაიწყებენ მუშაობას, მათ შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია ნეტგაზეთთან ამბობს, რომ დღევანდელ სხდომაზე ნაჩვენები პრეზენტაცია გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არ იყო, შესაბამისად ის პირადად მისი, როგორც საბჭოს ერთი წევრის პოზიციას ვერ დააფიქსირებს აღნიშნულ გეგმასთან დაკავშირებით:

“იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება უნდა ვნახოთ ეს დოკუმენტი, წავიკითხოთ, გავიაზროთ, ჯერ ერთამნეთში გავიაროთ საკითხები შემდეგ კონსულტანტებთან და შემდეგ, რა თქმა უნდა, პოზიციას განვაცხადებთ. მომდევნო კვირიდან ჩვენსა და მენეჯმენტს შორის დაიგეგმება შეხვედრები და ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ: დავუსვამთ კითხვბს და არგუმენტებს ან მივიღებთ ან არ მივიღებთ, მას ან გავითვალისწინებთ ან – არა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ არის ის გეგმა, რაც თავდაპირველად იყო წარმოდგენილი. ეს სხვა გეგმაა, ამიტომაც უნდა ვისმჯელოთ, აქ საუბარია გადაცემებზე, თანხებზე რა რჩება, რა – არა. სანამ ამ ყველაფერს არ მოვისმენთ, ვერ გიპასუხებთ”, – ამბობს გოგელია.

გეგმასთან დაკავშირებით შეკითხვები საბჭოს მეორე წევრსაც აქვს, რომელსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, თუმცა ქეთი მსხილაძისთვის, როგორც თვითონ ამბობს, მიუღებელია ის გარემოება, რომ ე.წ. ფილტრი “მხოლოდ გადაცემების რეიტინგებს ეფუძნება”:

ერთადერთი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ეს გადახალისებული გეგმა წარმოადგინეს არის რეიტინგი, მხოლოდ და მხოლოდ რეიტინგს ეყრდნობა. ჩვენ წინა შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ საბჭო  მათ შეფასების საკმაოდ ფართო კრიტერიუმებს წარუდგენდა და ეს გავაკეთეთ, მაგრამ აქ მხოლოდ რეიტინგზეა საუბარი, მაშინც როცა ჩვენ 4 კრიტერიუმი ვახსენეთ: [მენეჯმენტის] ახალ გეგმაში არ არის გათვალისწინებულა არც ხარისხი, არც ზეგავლენა და არც დანახარჯები ფასეულობასთან მიმართებაში. გაუგებარია, მაშინ, რატომ გაგვაკეთებინეს ეს ყველაფერი? როგორც ჩანს, მენეჯმენტმა წინასწარვე იცოდა, რომ ისევ რეიტინგზე დაყრდნობით შემოიტანდა სამოქმედო გეგმას. განსხვავება პირველ გემასა და ახალს შორის არის ის, რომ ეს უფრო წინგადადგმული ნაბიჯია იმ კუთხით, რომ ახლა ყველაფერს კი აღარ ხურავენ, არამედ გარკვეულ გადაცემებს, მაგრამ ამ გადაცემების შერჩევის კრიტერიუმი არის მხოლოდ რეიიტნგი”, – ამბობს ქეთი მსხილაძე.

ქეთი მსხილაძის მიერ დასახელებულ საკითხზე მაუწყებლის მენეჯმენტს ასეთი არგუმენტი აქვს, რომელიც მათ მიერ წარმოდგენილ პროექტში წერია:

“ამავე დროს, უკვე გამოცხადებული გვაქვს ჩვენი მთავარი (და წარმოდგენილ ოთხ პარამეტრს შორის, ყველაზე მძიმე) ვალდებულება, რომ 2019 წლის ბოლომდე საზოგადოებრივი მაუწყებლის წილმა მედიაბაზარზე უნდა შეადგინოს მინიმუმ 15%. დანარჩენი სამი პარამეტრი – ხარისხი, ზეგავლენა და ფასეულობა დანახარჯებთან მიმართებით – გააკონტროლებს სწორედ ამ 15%-იანი რეიტინგის შესაბამისობას საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებთან და სამეურვეო საბჭოს მიერ ჩამოყალიბებულ პრიორიტეტებთან.

რაც შეეხება მოკლევადიან განვითარებას, მის პარამეტრებად საზოგადოებრივ მაუწყებელს ამჟამად შეუძლია აიღოს მხოლოდ ორი საზომი – საკუთარი წილი მედიაბაზარზე (რეიტინგი) და, ნაწილობრივ, ფასეულობა დანახარჯებთან მიმართებით, რადგან სხვა საზომები (ხარისხისა და ზეგავლენის კვლევა), არა მხოლოდ არ არსებობს, არამედ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელთა სიმცირის გამო, ამ ეტაპზე არარელევანტურია”, – ვკითხულობთ მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ხედვაში.

ქეთი მსხილაძე კი აცხადებს, რომ არგუმენტი, რომლის მიხედვითაც ხარისხისა და ზეგავლენის კვლევა მაყურებელთა სიმცირის გამო შეუძლებელია, მისთვის მიუღებელია:

“ჩემთვის არ არის მისაღები. ამოსავალი წერტილი რა არის ტელევიზიის? გააუმჯობესოს არსებული მდგომარეობა, ხომ. თუნდაც ის მაყურებელი ( სხვა ტელევიზიებთან შედარებით გაცილებით ნაკლები) რომელიც გყავს, ხომ შეიძლება, რომ გამოკითხო და  გაიგო მათი შეფასება. ხარისხის შეფასებისთვის არსებობს გამოკითხვები, ფოკუს-ჯგუფები…  საბაზისო წერტილად რას იღებ? მხოლოდ რეიტინგის მონაცემს, სხვა მაჩვენებლი არ გვინდა?”, – ამბობს მსხილაძე.

4 მილიონი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გიორგი გვიმრაძე ამბობს, რომ თუ მათი გეგმა დამტკიცდება, მხოლოდ პირველ არხზე 14 გადაცემის დახურვით მაუწყებელი დაახლოებით 4 მილიონ ლარს გამოათავისუფლებს.  ჯერ კიდევ თებერვალში, როდესაც ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებას მაუწყებელთან დაკავშირებით თავისი ხედვები წარუდგინა, იგი ამბობდა, რომ მოამბის გარდა ყველა გადაცემის შეჩერებით პირველ წელს 15 მილიონი თავისუფლდებოდა რითიც არხის ტექნიკური გადაიარაღების, ახალი შენობის მოწყობის, არქივის გაციფრებისა და რეგიონული ოფისების გახსნის 3-წლიანი პროექტი უნდა დაეწყო, რომლის ჯამური ღირებულება 45 მილიონს შეადგენდა.

გიორგი გვიმრაძე დღეს ამბობს, რომ 3-წლიანი და 45 მილიონია პროექტი დღესაც ძალაშია, თუმცა ისინი ახალი გეგმით პირველ წელს 15 მილიონს ვეღარ დაზოგავენ, რადგან ამისათვის ყველა გადაცემა უნდა გაჩერდეს.

“ამ [14] გადაცემის [დახურვის] შემთხვევაში ჯამურად სადღაც 4 მილიონზეა ლაპარაკი [პირველ არხზე]. ჯერ არ გვისაუბრია მეორე არხის და რადიოს თემაზე, რადგან ის ცალკე თემაა. 15 მილიონს  ჩვენ ვიღებდით იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი დაიხურებოდა”.

მისივე თქმით, ის, რომ პირველ წელს 15 მილიონის მობილიზებას ვერ ახერხებენ, არ ნიშნავს, რომ რეფორმა დროში 3 წელზე მეტ ხანს გაიწელება. “თუმცა მყისიერად ვერ დავიწყებთ ყვეალფრის გაკეთებას”.

გვიმრაძე ამბობს, რომ მათ დაიწყეს ალტერნატიულ ფინანსურ რესურსების მოძიებაზე მუშაობა, მათ შორის იგულისხმება კრედიტიც. ასევე სურთ, რომ არქივის გაციფრების მიმართულებით იმუშაონ გარკვეული გრანტების მიმართულებით.

[yellow_box]რას ფიქრობენ იმ გადაცემებში, რომლებიც დახურვის საფრთხის წინაშე დგანან[/yellow_box]

ნინო ზაუტაშვილი, გადაცემა “რეალური სივრცის” ავტორი და წამყვანი არაკომპეტენტურად და არაკვალიფიურად შედგენილს უწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს მიერ შედგენილ რეიტინგს, რომლის მიხედვითაც გადაცემა რეალური სივრცე, ვერ აკმაყოფილებს საბჭოს მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებს.

“ძალიან არაკომპეტენტურადაა ყველაფერი დათვლილი. იმიტომ, რომ მხოლოდ იმ რეიტინგებს დაეყრდნოს მენეჯმენტი არ არის სწორი. ჯერ ერთი, ყველა გადაცემას თავისი ზღვრული რეიტინგი აქვს, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკურს, ასევე, ვთქვათ, გასართობს. ეს აბსოლუტურად სხვადასხვა ჟანრის და თემატიკის გადაცემებია. თემატიკის მიხედვით, გადაცემები არ არის დაყოფილი, პროგრამირება, რამდენად სწორად იყო გადაცემები შედგენილი, არ არის გათვალისწინებული. ასევე, ის კვლევა, რომელიც შარშან ჩატარდა და საკმაოდ ძვირადღირებულია, არაფრად არ არის მიჩნეული და არ არის გათვალისწინებული, როცა, კონკრეტულად ამ გადაცემებს განიხილავ,” – ამბობს ჟურნალისტი. მისი თქმით, წარმოდგენილ დოკუმენტში არც ვების მონაცემებია ასახული.

გეგმას ფეისბუკით ეხმაურება ირაკლი ტაბლიაშვილი, გადაცემა ვექტორის ერთ-ერთი წამყვანი:

“მოკლედ, საქმე ისაა, რომ გუშინ, 16 თებერვალს, მაუწყებლის მეურვეებმა გამოაქვეყნეს საზ.მაუწყებლის შეფასების ოთხი კრიტერიუმი, რომელთა შორისაც მხოლოდ ერთია რეიტინგი… ანუ, ერთია ოთხთაგან.

მენეჯმენტმა, ეს დოკუმენტი სავარაუდოდ ნახა, მაგრამ, ახალი გეგმა მაინც წარადგინა (რაც უნდა გაეკეთებინა კიდეც), თუმცა, ოთხი კრიტერიუმიდან მხოლოდ ერთი დატოვა და ცალკეული პროდუქტები ისევ რეიტინგის მიხედვით განსაჯა. შესაბამისად, “ვექტორი”, რომელსაც მენეჯმენტის თქმით, არ აქვს რეიტინგი, მოხვდა დასახურ გადაცემათა სიაში. ანუ, წითელ ზონაში. ოღონდ, კვლავ ვიმეორებ, სიტყვა ჯერ ბორდზეა, რომელიც ალბათ სამშაბათს შეიკრიბება. აბსურდულია ეს ვითარება არა მარტო იმიტომ, რომ ეს ახალი ხედვა შემუშავებულ, დამტკიცებულ სამ კრიტერიუმს არ ითვალისწინებს, არამედ იმიტომაც, რომ ბორდს არ აქვს უფლებამოსილება, დახუროს ან არ დახუროს გადაცემები. მას აქვს უფლებამოსილება, მიიღოს ან არ მიიღოს ახალი ხედვა… რომელსაც ვერ მიიღებს, იმიტომ, რომ ის – ხედვა, არ ითვალისწინებს ბორდის მიერ შემუშავებულ სამ კრიტერიუმს”, – წერს ტაბლიაშვილი.

“არცერთი თეთრი არ უჯდებოდა საზოგადოებრივს ჩვენი გადაცემა ”ვაშინგტონი დღეს”. ”ამერიკის ხმა” თითქმის 25 წლის მანძილზე თანამშრომლობდა მხოლოდ ამერიკის მთავრობის კეთილი ნების და დაფინანსების ხარჯზე, ერთადერთი მიზნით, დემოკრატიული იდეალების და ცხოვრების წესის გაზიარება გვინდოდა. ძალიან დამწყდა გული. შარშან ქართველ მსმენელთან ურთიერთობის 65 წლის იუბილე ავღნიშნეთ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და მაინც სულ ერთად ვიქნებით, ქართველ მაყურებელთან და მსმენელთან”, – აცხადებს მაია ქვარცხავა, ამერიკის ხმა.

სრულად საზოგადოებრივი მაუწყბელის მენეჯმენტის ახალ გეგმას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი