ახალი ამბები

საზმაუს საქმიანობის შეფასების 4-პუნქტიანი სქემა ბორდისაგან

16 თებერვალი, 2017 • 2688
საზმაუს საქმიანობის შეფასების 4-პუნქტიანი სქემა ბორდისაგან

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს, 16 თებერვალს გენერალურ დირექტორ ვასილ მაღლაფერიძესა და მის მენეჯმენტს გადასცა თავისი ხედვა მაუწყებლის საქმიანობის შეფასების ჩარჩო-კრიტერიუმების თაობაზე. ზემოხსენებული ჩარჩო-კრიტერიუმები 4 კომპონენტისაგან შედგება: ხარისხი, ზეგავლენა, წვდომა და წილი, ფასეულობა დანახარჯებთან მიმართებაში. საზოგადოებრივი მაუწყებელის მენეჯმენტი აღნიშულ გეგმაზე თავის პოზიციას ბორდის ხვალინდელ სხდომაზე დააფიქსირებს.

გთავაზობთ ბორდის ხედვის სრულ ვარიანტს:

[gray_box]შესავალი[/gray_box]

6 თებერვალს გენერალურმა დირექტორმა წარმოადგინა საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმა.

ამ გეგმის განსახილველ შეხვედრაზე საბჭომ აცნობა მენეჯმენტს, რომ რეიტინგი არ არის ერთადერთი საზომი, რომლითაც ფასდება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა. მაუწყებლის საქმიანობის შესაფასებლად საბჭო იხელმძღვანელებს სხვა კრიტერიუმებითაც.

ამავე შეხვედრაზე გენერალურმა დირექტორმა მიმართა საბჭოს თხოვნით, მკაფიოდ განესაზღვრა ეს კრიტერიუმები.

ჩარჩო კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა პასუხობდეს მაუწყებელი, განსაზღვრულია კანონით “მაუწყებლობის შესახებ”, პროგრამული პრიორიტეტებითა და 2015 წელს დამტკიცებული მაუწყებლის განვითარების სტრატეგიით. ყველა ეს დოკუმენტი მოიცავს რიგ მახასიათებლებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს, ან რომლისკენაც უნდა ისწრაფოდეს მაუწყებელი.

საბჭომ გაიზიარა დირექტორის მოსაზრება, რომ უფრო დახვეწილი სახით ჩამოყალიბდეს ის კრიტერიუმები და მათი შეფასების გზები, რომლებითაც ის უნდა ხელმძღვანელობდეს თავის საქმიანობაში. წარმოდგენილი დოკუმენტი აკონკრეტებს ამ ვალდებულებებს და ეფუძნება მათი შეფასებისა და გაზომვის საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას. დოკუმენტის მიზანია უფრო ეფექტური, ეფექტიანი და გამჭვირვალე გახადოს მენეჯმენტის მუშაობა.

[yellow_box]მაუწყებლის საზოგადოებრივი დანიშნულება[/yellow_box]

მაუწყებლის მისია კანონით განსაზღვრულია როგორც “პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდება”

საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების მიზანია მაუწყებლის მიერ ამ მისიის უკეთ შესრულება; იმ ფასეულობების ზრდა, რომლებსაც მისგან ღებულობს თითოეული მოქალაქე და მთლიანად საზოგადოება.

“მაუწყებლობის შესახებ” კანონის მე-16 მუხლი განსაზღვრავს მაუწყებლის საკვანძო ვალდებულებებს საზოგადოების წინაშე.

ამ ვალდებულებების ნაწილი უპირობოა და უნდა სრულდებოდეს მაუწყებლის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე. ასეთია, მაგალითად, შინაარსობრივი ვალდებულება: “უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება”.

სხვა ვალდებულებების შესრულების მოცულობა განპირობებულია მაუწყებლის შესაძლებლობებით და უნდა აჩვენებდეს ზრდად დინამიკას მაუწყებლის განვითარებასთან ერთად. ასეთია, მაგალითად, შინაარსობრივი ვალდებულება: “ხელი შეუწყოს ქვეყნის თვითმყოფადობის, სულიერი ფასეულობებისა და კულტურული მრავალფეროვნების განვითარებას”.

რიგი ვალდებულებები მოიცავს ისეთ უპირობოდ სავალდებულო კრიტერიუმებს, რომლებიც საჭიროებს ინტერპრეტაციას, სამოქმედო ინსტრუქციებში განსაზღვრას. ამგვარ ინტერპრეტაციას ახორციელებს სამეურვეო საბჭო პროგრამული პრიორიტეტების დოკუმენტში.

ასე მაგალითად, მაუწყებელს აქვს შინაარსობრივი ვალდებულება: “უზრუნველყოს საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისი თანასწორობა ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, საგანმანათლებლო-შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ პროგრამებს შორის”.

ამ ვალდებულების შესასრულებლად სამეურვეო საბჭომ “საზოგადოებრივი ინტერესი” დაადგინა სოციოლოგიური კვლევით, ხოლო “შესაბამისი თანასწორობა” პროგრამულ პრიორიტეტებში განსაზღვრა პროდუქციის პროცენტული გადანაწილების სახით. პროგრამული პრიორიტეტები ექვემდებარება პერიოდულ გადახედვას ახალი კვლევების საფუძველზე.

კანონით დადგენილი სავალდებულო მახასიათებლების გარდა არსებობს დამატებითი მახასიათებლები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს მაუწყებლის მისიის უკეთ განხორციელებას, მის მიერ შექმნილ ფასეულობათა ზრდას.

ასეთ მახასიათებლებს მიეკუთვნება, მაგალითად, ყურებადობა, გავლენიანობა, ინოვაციურობა, კრეატიულობა, სიღრმისეულობა და ბევრი სხვა (იხ. 2015 წლის სტრატეგიის დოკუმენტი).

შემდეგი სქემა აჯამებს ზემოაღნიშნულ მახასიათებლებს და წარმოადგენს შეფასების იმ კრიტერიუმების ჩარჩოს, რომლებსაც უნდა პასუხობდეს მაუწყებელი მზარდი დინამიკით.

Screen Shot 2017-02-16 at 1.26.03 PM

[blue_box]სქემის განმარტება[/blue_box]

საწყისი 0 წერტილიდან გამომავალი თითოეული სხივი შეესაბამება კრიტერიუმების ერთ-ერთ კომპლექსურ ნაკრებს. წერტილი (ოთხკუთხედის კუთხე) ასახავს მაუწყებლის მდგომარეობას ამ კრიტერიუმთან შესაბამისობაში, რომელიც განისაზღვრება გარკვეული ინდიკატორებისა ან შეფასებების გამოყენებით. როდესაც ეს წერტილები (ოთხკუთხედის კუთხეები) ინაცვლებენ თავისი ადგილმდებარეობიდან, ოთხკუთხედის ფართობი იცვლება. რაც უფრო სწრაფად იზრდება ოთხკუთხედის ფართობი, მით უკეთესია მაუწყებლის განვითარების ტემპი.

[red_box]ხარისხი[/red_box]

ხარისხის მახასიათებელი არის კომპლექსური და მოიცავს ბევრ ქვეკატეგორიას. მასში იგულისხმება როგორც კანონით განსაზღვრული მახასიათებლები (მაგ. ჟანრობრივი და მოსაზრებათა მრავალფეროვნება), ასევე თვისობრივი მახასიათებლებიც (მაგ. სიღრმისეულობა, ინოვაციურობა, განსხვავებულობა, ორიგინალობა, პროფესიონალიზმი, სხვა).

ამ მახასიათებლების ინდიკატორული გაზომვის მექანიზმებია სოციოლოგიური კვლევა, საექსპერტო შეფასება და სხვა მეთოდები. ვინაიდან ხარისხის შეფასება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია გემოვნებაზე, ხოლო მისი კომპონენტების ინდიკატორული კვლევა ადვილი არ არის, ამ მახასიათებლის ინდიკატორი გარკვეულ ინტერპრეტაციას საჭიროებს. გაზომვებთან ერთად, კრიტერიუმთან მაუწყებლის შესაბამისობის ობიექტივიზაციის მნიშვნელოვანი მეთოდია მსჯელობა, ანალიზი, მათ შორის საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობით.

[red_box]წვდომა და წილი[/red_box]

ეს კრიტერიუმი აჩვენებს, თუ რამდენი მომხმარებელი ყავს მაუწყებელს და როგორია მაუწყებლის წილი მომსახურების იმ ველზე სადაც ის ათავსებს საკუთარ პროდუქციას. მაუწყებლის ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად საჭიროა წვდომისა და წილის ცოდნა განსხვავებული პლატფორმების, ტერიტორიების და სოციალური ჯგუფების მიხედვით.

ტელევიზიის წვდომა და წილი ძირითადად იზომება “პიპლმეტრებით”. ის მონაცემები, რომლებითაც სარგებლობს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ამ მხრივ ინფორმაციის სასარგებლო წყაროა, თუმცა საკმარისი არ არის, ვინაიდან შერჩევა არ მოიცავს სოფლებს, პატარა ქალაქებს და მთელ რეგიონებსაც კი.

[red_box]ფასეულობა დანახარჯებთან მიმართებით[/red_box]

ეს კრიტერიუმი წარმოაჩენს კავშირს დანახარჯებსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მიღწეულ შედეგებს შორის, მაუწყებლის მიერ გაწეული დანახარჯების ეფექტიანობას. “ფასეულობა დანახარჯებთან მიმართებით” ზომავს, თუ რამდენად ეკონომიურად, ეფექტურად და ეფექტიანად მართავს მენეჯმენტი მაუწყებელს.

წარმოდგენილ სქემაში აღნიშნული ტერმინი გამოყენებულია ვიწრო გაგებით, რაც გულისხმობს დანახარჯების ეკონომიურობას და ოპერაციული მენეჯმენტის ეფექტურობას. ორი წლის წინ სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტის ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მაუწყებლის ბიუჯეტირებისა და მენეჯერული აღრიცხვის სისტემა. შეიქმნა გადაცემების წუთობრივი დანახარჯების მატრიცა, რაც იძლევა ამგვარი გაზომვის შესაძლებლობას.

უფრო ფართო გაგებით ამ ტერმინის მიღებული გამოყენება გულისხმობს სამივე კრიტერიუმის (ეკონომიურობა, ეფექტურობა, ეფექტიანობა) გათვალისწინებას.

[blue_box]ზეგავლენა[/blue_box]

ზეგავლენა ეს არის ზოგადი სარგებელი, რომელიც მოაქვს მაუწყებელს საზოგადოებისთვის და თითოეული ადამიანისთვის. მას წესით უნდა მოყვებოდეს გარკვეული ცვლილებები საზოგადოებაში. მაგალითად, ამა თუ იმ თემების აქტუალიზება და მათ ირგვლის საზოგადოებრივი აზრის ფორმირება; ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნების ზრდა, ცოდნის გაღრმავება, არაფორმალური განათლების წახალისება, და ა.შ.

არსებობს ზეგავლენის გაზომვის სხვადასხვა მეთოდები, მათ შორის, სოციოლოგიური კვლევები (აუდიტორიის აღქმის ინდექსი), ციტირების ინდექსები, ფაქტებზე დამყარებული სხვა მეთოდები.

[gray_box]კრიტერიუმები, როგორც მაუწყებლის მართვის მექანიზმი[/gray_box]

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა დანერგოს მართვის ისეთი სისტემა, რომელიც ეყრდნობა შეფასების კრიტერიუმებს. ვინაიდან მაუწყებელი უნდა ისწრაფოდეს ამ მახასიათებლების გაუმჯობესებისკენ, მას უნდა ჰქონდეს დინამიკის ანალიზის შესაძლებლობა.

არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებლების მართვისა და განვითარების ევროპული პრაქტიკა, რომელიც გვთავაზობს მაუწყებლის მახასიათებლების შეფასებისა და გაზომვის მექანიზმებს.

კრიტერიუმების შესაბამისი ინდიკატორებისთვის საჭირო ინფორმაციის წყაროებს წარმოადგენს სოციოლოგიური გამოკითხვები, “პიპლმეტრები”, სხვა ტიპის კვლევები.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პრაქტიკის სრულად გამოყენება დაკავშირებულია დიდ დანახარჯებთან, განვლილ წლებში ჩვენ მზარდად ვიყენებდით მის საკვანძო ელემენტებს. მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ხარჯები მაუწყებლის მახასიათებლების შეფასების სისტემის შემდგომი სრულყოფისთვის. თუმცა, მაუწყებელს რომც არ ჰქონდეს ამა თუ იმ მახასიათებლის ზუსტი საზომი, ეს მას არ ათავისუფლებს ამ კრიტერიუმის გაუმჯობესებაზე ზრუნვისგან.

რომც არსებულიყო ყველა კრიტერიუმის ობიექტური საზომი, ამ კრიტერიუმების ცალსახა თანაფარდობა არ არსებობს. სამეურვეო საბჭო ელის გენერალური დირექტორისგან ხედვის წარმოდგენას იმის თაობაზე თუ რა კავშირშია რეიტინგების ზრდა (წვდომისა და წილის, ფართო გაგებით) ჩვენს მიერ აქ დახასიათებულ დანარჩენ სამ კრიტერიუმთან.

[red_box]შეჯამება[/red_box]

ამ დოკუმენტით შემოთავაზებულია მაუწყებლის წინსვლის ოთხი კომპლექსური კრიტერიუმი: ხარისხი; წვდომა და წილი; ზეგავლენა; ფასეულობა დანახარჯებთან მიმართებით.

მენეჯმენტს, ოპერაციული მართვის მიზნებისთვის, აქვს შესაძლებლობა, ამ კრიტერიუმების ფარგლებში შეიმუშაოს ცალკეული გადაცემების შეფასების სისტემა. ამგვარი შეფასება შეიძლება დამატებით მოიცავდეს ისეთ პროფესიულ მახასიათებლებს, როგორებიცაა ჟურნალისტიკის სტანდარტები, მეტყველება, გამოსახულება, რეჟისურა, განათება, გაფორმება და სხვა.

გადაცემების შეფასება არ არის ერთჯერადი ქმედება, რომელიც უკავშირდება გადაცემის დახურვას. ამ შეფასებიდან გამომდინარე მენეჯმენტი იღებს გადაწყვეტილებას გადაცემის გახსნაზე, აწარმოებს მის ყოველდღიურ მონიტორინგს და შეაქვს მასში კორექტივები. ეს არის მაუწყებლის ოპერაციული მართვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელშიაც სამეურვეო საბჭო ვერ ჩაერევა სარედაქციო დამოუკიდებლობის პრინციპიდან გამომდინარე.

სამეურვეო საბჭო ნებისმიერ მომენტში მზად არის გააკეთოს დამატებითი განმარტებები და დაზუსტებები წარმოდგენილი დოკუმენტის თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი