საზოგადოება

რა უჯდება საზ.მაუწყებელს გადაცემები, რომლებიც იხურება

18 დეკემბერი, 2023 • 2104
რა უჯდება საზ.მაუწყებელს გადაცემები, რომლებიც იხურება

“სულ რამდენიმე გადაცემაა ისეთი, რომელიც მართლა ღირებულია და ყველა ასე სათითაოდ უნდა დახურონ?! იმიტომ ხომ არა, რომ დათო გორგილაძეს სწორი ღირებულებები აქვს და თავისი პოზიციის დაფიქსირების არასოდეს ეშინია?”

“აუტანელი სიმსუბუქის” დახურვა, ამ ფორმით, თვითდაზიანება და სასოწარკვეთილი ნაბიჯია”.

მსგავსი გამოხმაურებები მოჰყვა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დავით გორგილაძის გადაცემა იხურებოდა.

გადაცემის აღდგენის მოთხოვნით შეიქმნა პეტიციაც, რომელსაც ამ დროისთვის 3700-ზე მეტი მომხმარებელი აწერს ხელს.

“გადაცემის არჩევნებამდე 1 წლით ადრე დახურვა  გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და ცენზურად შეიძლება იქნას წაკითხული”, – წერია პეტიციაში.

დავით გორგილაძე სოციალურ ქსელში აქტიურად აფიქსირებს თავის პოზიციებს სხვადასხვა საკითხზე. ხელისუფლების მიერ ინიციირებული “რუსული კანონის”, ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საპარლამენტო განხილვების დროს, გორგილაძე აკრიტიკებდა კანონპროექტის ავტორებს და მხარდამჭერებს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, თავის მხრივ, გაავრცელა განცხადება, საიდანაც მაყურებელმა შეიტყო, რომ 2024 წლიდან, გორგილაძის გადაცემასთან ერთად, არხზე აღარ გავა კიდევ 6 გადაცემა: „დღის კოდი“, „ფერმა“, „თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად“, „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“, „ნატალიასთან და დათუნასთან ერთად“, „კაცები PLAY“. ამასთან, იხურება მთლიანად არხი “ტელესკოლა”.

მაუწყებელმა თავისი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ “მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით შეიცვალა მაუწყებლის დაფინანსების მოდელი და წესი. ასევე, 2024 წელს მაუწყებელი იცვლის შენობას და გადადის ახალ მისამართზე, ეს კი უკავშირდება ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ ცვლილებას, რაც, თავის მხრივ, ზრდის ორგანიზაციის კაპიტალურ ხარჯებს”.

არხის მიერ შემოთავაზებული დასაბუთება დამაჯერებელი არ აღმოჩნდა საზოგადოების ნაწილისთვის. დეპუტატი რომან გოცირიძე ნეტგაზეთს ეუბნება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში ორი უახლოესი წელიწადი ცვლილება არ იქნება და არავითარი ფინანსური საჭიროება არხს გადაცემების დასახურად არ ჰქონდა.

“ყველა გადაცემა და ყველა პროექტი, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში გადიოდა, ყველა ხარჯი არის დაახლოებით 80 მილიონი ლარი, ასეც გვითხრა პარლამენტში ფინანსთა სამინისტრომ. ახალი კანონპროექტის მიღების პროცესში მთავრობამ, რბილად რომ ვთქვათ, გამოიჩინა ლოიალობა და მიუხედავად იმისა, რომ 80 მილიონი სჭირდება არხს მიმდინარე ხარჯებისთვის ისე, რომ არცერთი პროექტი არ დაიხუროს, მაინც ჩაიდო კანონში გარდამავალი ნორმა, რომ 2024 და 2025 წელს მაუწყებლის ბიუჯეტი არ იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე იყო 2023 წელს, ანუ ისევ იქნება 101 მილიონი. გარდა ამისა, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს შემოსავალი რეკლამიდან და სპონსორებიდან.

მომავალ წელს რომ დამთავრდება ახალ ოფისში გადასვლა, იმის მომდევნო წელსაც კი შეუნარჩუნდება საზოგადოებრივ მაუწყებელს ის ბიუჯეტი, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე მათ სჭირდებათ ყველა ხარჯის ასანაზღაურებლად. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ასევე გაყიდა ქონება 65 მილიონ ლარად, ეს თანხა ახალი ოფისის მშენებლობაზე მიდის და ყოფნის იმ სესხის დაფარვასაც, რაც მათ ამ ახალი ოფისისთვის ქონების გაყიდვამდე აიღეს”, – გვეუბნება რომან გოცირიძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ახალი საოფისე სივრცის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 44 592 262 ლარს, დღგ-ს ჩათვლით, საიდანაც მიმდინარე ეტაპზე ანაზღაურებულია 17 423 435 ლარი.

2022 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 80 779 328 ლარი იყო. ყველა შეჩერებული პროექტის ჩათვლით. აქედან არხმა 76 392 513 ლარი დახარჯა, თითქმის 4 მილიონ-ნახევრით ნაკლები, ვიდრე ამის შესაძლებლობა ჰქონდა.

  • “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” საზმაუს 2022 წელს 131,432 ლარი დაუჯდა.
  • “კაცები” – 275 000 ლარი
  • “ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ” – 143 194 ლარი
  • “დღის კოდი” – 461 096 ლარი
  • „ფერმა“ – 155 486 ლარი
  • „თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად“ – 55 000 ლარი.

ჯამურად, ამ გადაცემების ხარჯმა 2022 წელს 1 221 208 ლარი შეადგინა.

  • გარდა ამისა, 917 808 ლარი დაუჯდა საზმაუს არხი “ტელესკოლა”.
  • „ნატალიასთან და დათუნასთან ერთად“ პირველად 2023 წელს გავიდა ეთერში.

ამ პროექტების ხარჯი ერთად გაცილებით ნაკლებია იმაზე, რა კომერციული შემოსავლებიც ჰქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელს 2022 წელს (სარეკლამო/სასპონსორო, საიჯარო შემოსავლები, დეპოზიტის საპროცენტო სარგებელი და არასაოპერაციო შემოსავლები. ჯამში, დაახლოებით 4 მილიონ-ნახევარი ლარი).

დეპუტატ რომან გოცირიძის ვერსიით, არხის მიერ მოტანილი მიზეზები- კანონი, ფინანსური რესტრუქტურიზაცია – მხოლოდ საბაბია და მეტი დამაჯერებლობისთვის არასასურველ გადაცემებს (მათ ავტორებს) მიაყოლეს ისეთი გადაცემებიც, რასაც სხვა შემთხვევაში არ დახურავდნენ, მაგრამ როცა მოუნდებათ, სასურველი ფორმით მაინც აღადგენენ.

“მაუწყებელს, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, არ წარმოუდგენია საშტატო ნუსხა და სახელფასო განაკვეთები. როგორც ამბობენ, ძალიან დიდ ანაზღაურებას იღებენ პრივილეგირებული ჟურნალისტები და პროდიუსერები. მაღლაფერიძე ამას იმით ხსნის, რომ შტატები მუდმივი არ არის. მაშინ წარმოადგინონ მაისის მდგომარეობით ნუსხა და განაკვეთები, დეკემბრის მდგომარეობით. 12 500 ლარი თვეში გენერალური დირექტორის ხელფასი ვიცით მხოლოდ იმიტომ, რომ ამას სამეურვეო საბჭო ამტკიცებს. დანარჩენს, რომელი პრივილეგირებული ჟურნალისტი რას იღებს პოლიტიკური მსახურებისთვის, ჩვენ ვერ ვიგებთ და გასაიდუმლოებულია”, – ამბობს გოცირიძე.

გადაცემა “კაცები”, რომელიც 2018 წლიდან გადიოდა ეთერში, პირველმა არხმა 2023 წლის აგვისტოში დახურა. ე.წ. რუსულ კანონს აკრიტიკებდნენ კაცებიც. არხის ვებგვერდზე ბოლო გადაცემა 2023 წლის 28 ივლისს არის განთავსებული. ამის შემდეგ პროექტის ჩვენება youtube-ზე გაგრძელდა. თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმაზე გამოჩნდა ამავე ჯგუფის ახალი პროექტი “კაცები PLAY”, რაც ასევე იხურება 2024 წლიდან.

“ეს არ არის დახურვა, იურიდიულად არის კონტრაქტის არგანახლება. მიმდინარე კონტრაქტი სრულდება წლის ბოლოს. ნახევარ წელიწადში ერთხელ ვაგრძელებთ ან არ ვაგრძელებთ ხოლმე. ვისაუბრეთ და არ გაგრძელდა კონტრაქტი. სავარაუდოდ, ჩვენ თვითონ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას, ჯერ არ ვიცით ზუსტად, როგორ. “კაცებიც” გრძელდება youtube-ზე და “კაცები PLAY”-საც მოვუძებნით ფორმას. ერთი კვირაა, რაც ჩვენც გავიგეთ ეს ამბავი და ჯერჯერობით ვმუშაობთ ამაზე. მიზეზი რაც გვითხრეს, ფინანსური პრობლემა, ბუნებრივია, რომ ეს პირველ რიგში აუთსორსზე აისახება. ამ ფინანსურ პრობლემებში ჩვენ ჩახედულები არ ვართ, მენეჯმენტთან შეხება ჩვენ არ გვაქვს”, – უთხრა ნეტგაზეთს ირაკლი კაკაბაძემ, “კაცების” ერთ-ერთმა შემქმნელმა და წამყვანმა.


15 დეკემბერს, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დაფინანსების წესის ცვლილების შესახებ. ახალი ფორმულის გათვალისწინებით, 2026 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსდება წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის – 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების ოდენობისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი