ახალი ამბები

“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” იუთუბზე გაგრძელდება

4 მარტი, 2024 • 946
“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” იუთუბზე გაგრძელდება

საზოგადოებრივი მაუწყებელზე “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” დახურვის შემდეგ, გადაცემა იუთუბზე გაგრძელდება. შესაბამისი ანონსი გადაცემის ფეისბუქგვერდზე დღეს, 4 მარტს გავრცელდა. ახალი სეზონიდან გადაცემის მხარდამჭერი საქართველოს ბანკი იქნება.

ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გადაცემის ფორმატი, ფაქტობრივად, იგივე იქნება. თუმცა არის სიახლეც – გადაცემას დაემატება ახალი რუბრიკა “არ გაჩერდე”. საქართველოს ბანკში აცხადებენ, რომ გადაცემის მიზანი იქნება ცნობილ ადამიანებთან ერთად ნაკლებად ცნობილი, მაგრამ საინტერესო ადამიანების აღმოჩენა და საზოგადოებისთვის გაცნობა.

“გადაცემის ფორმატი გულისხმობს მაყურებლისთვის იმ კითხვებზე პასუხის მიღებას, რომლებიც ჯერ არ დასმულა ან ისმის, მაგრამ პასუხები არ გაცემულა. გადაცემის სტუმრები იქნებიან ადამიანები, რომლებიც განსაზღვრავენ ქვეყნის საზოგადოებრივ თუ კულტურულ ცხოვრებას. შესაბამისად, მათი პროფესიული, საზოგადოებრივი და, ზოგიერთ შემთხვევაში, პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალები, ასევე მათი აზრი მნიშვნელოვან მოვლენებზე, მაყურებელს საშუალებას აძლევს, უფრო მკვეთრი შთაბეჭდილება შეიქმნას აღნიშნულ პერსონაზე და გადაიაზროს ესა თუ ის მოვლენა. სიახლეა ის, რომ გადაცემაში იქნება ახალი რუბრიკა – “არ გაჩერდე”, რომელიც იმ ადამიანების ისტორიებს წარმოაჩენს, რომლებიც არასდროს ჩერდებიან”, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გადაცემის ავტორი და წამყვანი, დავით გორგილაძე ამბობს, რომ გადაცემის სრულად დახურვა არც უფიქრია და აქამდე მისთვის შესაფერისი პლატფორმის ძიებაში იყო.

“ჩვენ წამითაც არ დაგვიშვია, რომ “სიმსუბუქე” გაჩერდებოდა. უბრალოდ იმაზე ვფიქრობდით, რა იქნებოდა ოპტიმალური პლატფორმა პროექტისთვის და, საბოლოოდ, Youtube შევარჩიეთ. აღმოვაჩინეთ, რომ ეს პროექტი ძალიან ბევრი ადამიანისთვის ყოფილა საინტერესო და საყვარელი. ის მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობთ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც თავს დანებების საშუალებას ვერ მივცემდით. ასე რომ, წინ “სიმსუბუქის” ბევრი საინტერესო ეპიზოდია”, – ამბობს დავით გორგილაძე.

“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2024 წლიდან აღარ გადის. გადაცემის დახურვის შესახებ ინფორმაცია ბოლო ეპიზოდის ეთერში გასვლამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე გავრცელდა.

საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაცემის დახურვის მიზეზად არხის დაფინანსების მექანიზმის ცვლილება დაასახელეს. “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” გარდა, 2024 წლიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღარ გადის “დღის კოდი”, “ფერმა”, “თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად”, “ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ”, “ნატალიასთან და დათუნასთან ერთად”, “კაცები PLAY”.


2023 წლის 15 დეკემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დაფინანსების წესის ცვლილების შესახებ. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი ფორმულის გათვალისწინებით, 2026 წლიდან მაუწყებლის დაფინანსება სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასაქმებულ პირთა მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება.

კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსდება წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის – 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების ოდენობისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი