ნინო ზაუტაშვილი: “რეალური სივრცის” გუნდი სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას დაელოდება

ნინო ზაუტაშვილი, გადაცემა “რეალური სივრცის” ავტორი და წამყვანი არაკომპეტენტურად და არაკვალიფიურად შედგენილს უწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს მიერ შედგენილ რეიტინგს, რომლის მიხედვითაც გადაცემა რეალური სივრცე, ვერ აკმაყოფილებს საბჭოს მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებს.

ძალიან არაკომპეტენტურადაა ყველაფერი დათვლილი. იმიტომ, რომ მხოლოდ იმ რეიტინგებს დაეყრდნოს მენეჯმენტი არ არის სწორი. ჯერ ერთი, ყველა გადაცემას თავისი ზღვრული რეიტინგი აქვს, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკურს, ასევე, ვთქვათ, გასართობს. ეს აბსოლუტურად სხვადასხვა ჟანრის და თემატიკის გადაცემებია. თემატიკის მიხედვით, გადაცემები არ არის დაყოფილი, პროგრამირება, რამდენად სწორად იყო გადაცემები შედგენილი, არ არის გათვალისწინებული. ასევე, ის კვლევა, რომელიც შარშან ჩატარდა და საკმაოდ ძვირადღირებულია, არაფრად არ არის მიჩნეული და არ არის გათვალისწინებული, როცა, კონკრეტულად ამ გადაცემებს განიხილავ,” – ამბობს ჟურნალისტი.

მისი თქმით, წარმოდგენილ დოკუმენტში არც ვების მონაცემებია ასახული:

“ჩვენ დღეს ვერ მივიღეთ ჩვენი საკუთარი ტელევიზიიის ვების მიმართულების ხელმძღვანელობისგან ის ნახვების რაოდენობა, რომელიც ციფრულ მაუწყებლობაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მაჩვენებელი და მახასიათებელია, თუ რა რაოდენობის ადამიანი უყურებს კონკრეტულ გადაცემას. ასე რომ, ძალიან ბევრი რამ არ არის გათვალისწინებული და ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან არაკვალიფიციურ დოკუმენტთან საქმე,” – თქვა ნინო ზაუტაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ჟურნალისტის თქმით, “რეალური სივრცის” გუნდი სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას დაელოდება. ნინო ზაუტაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სამეურვეო საბჭო აღმასრულებელს მხარს არ დაუჭერს:

“ჩვენ დაველოდებით სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მათ ეყოფათ კეთილგონიერება, რომ ასეთ არაკვალიფიციურ დოკუმენტს ხელი არ მოაწერონ და არ დაუშვან ეს მართლა საბედისწერო შეცდომა. დარწმუნებული ვარ, რომ სამეურვეო საბჭო დადგება მოწოდების სიმაღლეზე. საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგანან და იმედია, ამ ღირებულებებს ისინი გაითვალისწინებენ, რომ აქ საუბარია უკვე მართლა ღირებულებათა ომზე,” – ამბობს ზაუტაშვილი. 


დღეს, 17 თებერვალს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა იმ გადაცემების ჩამონათვალი, რომელიც, აღმასრულებელი საბჭოს მიერ შემუშავებული ფორმულით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. ამ პროგრამების ჩამონათვალში მოხვდა “რეალური სივრცე” და “წითელი ზონა”.

მაუწყებლის განცხადებით, გადაცემები შეფასებულია ოთხი კრიტერიუმით:

1. ხარისხი
2. წვდომა და წილი
3. ზეგავლენა
4. ფასეულობა დანახარჯებთან მიმართებით.1

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი